Accessibility links

logo-print

გზა არჩევნებისკენ: ომი თუ მშვიდობა?


ბოლოხანს პრესაში გაჩნდა სათაურები, რომლებიც საზოგადოებას მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირების შესახებ აფრთხილებს. მაგრამ ამჯერად პრესა მხოლოდ მიმოიხილავს იმ თემას,

რომელზეც საავტორო უფლება პოლიტიკოსებს ეკუთვნით. ქართულ პოლიტიკურ ინტერიერში წინასაარჩევნო დაპირისპირება - სისხლიანი თუ უსისხლო ფორმით - ყველაზე აქტუალური თემაა.

მაშ, როგორი იქნება გზა არჩევნებისკენ? რა ელის ქვეყანას - ომი თუ მშვიდობა?

არჩევნების წინ მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირების თემაზე საუბარი ოპოზიციამ დაიწყო. სწორედ მათ, რამდენიმე თვის წინ, საზოგადოებას აცნობეს, რომ ხელისუფლება კრიმინალიზაციის გზას ადგას. ეს ინფორმაცია გულისხმობდა, რომ ხელისუფლება ქმნის არაფორმალურ შეიარაღებულ ჯგუფებს, რომლებსაც, საჭიროების შემთხვევაში, პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს დაუპირისპირებს - რაც მოხდა კიდეც ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის სტუმრობისას.

ოპოზიციის ბრალდებების პასუხად, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შეიარაღებული რაზმები ჰყავთ თავად პოლიტიკურ პარტიებს. ამასთან დაკავშირებით, მოქალაქეთა კავშირის საპარლამენტო ფრაქცია გამოვიდა ინიციატივით, რომ დადგენილების საფუძველზე შემოწმდეს პარტიული ფინანსები, რათა გამოირიცხოს პოლიტიკის (და არა ხელისუფლების) კრიმინალიზაცია. თავის მხრივ, პარტიებმა მოქალაქეთა კავშირის ეს ინიციატივა ოპონენტებზე უხეში ზეწოლის მცდელობად შეაფასეს.

ამ მწვავე დისკუსიის ფონზე, ჩნდება შეკითხვა: არის თუ არა რეალურად მოსალოდნელი პოლიტიკურ პროცესში იარაღის ჩართვა? თუ მოსალოდნელია, მაშინ - რა პირობებში და ვისი მხრიდან? ვის შეიძლება აძლევდეს ხელს პოლიტიკური დაპირისპირების გადაზრდა შეიარაღებულ კონფლიქტში?

ამ შეკითხვებზე ყველაზე მარტივი და ლოგიკური პასუხი ასეთია: ვითარებას უკიდურესად დაძაბავს ის მხარე, რომელიც, ობიექტური მონაცემების მიხედვით, განწირულია არჩევნების წასაგებად და, ამავდროულად, არჩევნების წაგების შემთხვევაში, ყველაფერს კარგავს. ეს მხარე, ცხადია, ხელისუფლებაა. ხოლო მაღალი რეიტინგის მქონე ოპოზიციურ პარტიებს ხელს სწორედ არჩევნების ჩატარება - ანუ პოლიტიკური პროცესის მშვიდობიანი განვითარება - აძლევს.

მეორე მხრივ, ხელისუფლებამ იზრუნა ისეთი პირობების შესაქმნელად, როდესაც, მშვიდობიანი სცენარის შემთხვევაში, არჩევნებს სწორედ იგი მოიგებს. სახელისუფლო ბერკეტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიციის კონტროლი საარჩევნო სიებზე და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება მხოლოდ სახელისუფლო ბლოკისთვის ხელსაყრელი შემადგენლობით. იმის გამო, რომ ედუარდ შევარდნაძეს პარლამენტში უკვე ჰყავს 118 მომხრე, მას შეუძლია საარჩევნო კანონმდებლობაში ნებისმიერი მისთვის სასურველი ცვლილების შეტანა. ეს ცვლილებები ამჯერად კომისიების დაკომპლექტების წესს ეხება. მაშასადამე, თუ ხელისუფლება გააკონტროლებს საარჩევნო სიებსაც და კომისიებსაც, მას გაუჩნდება შესაძლებლობა, მშვიდობიანი გზით შეინარჩუნოს ხელისუფლება.

მაგრამ ეს პროცესი დახურულ კაბინეტებში ვერ წარიმართება. კომისიების დაკომპლექტების წესი და ყველა სხვა ცვლილებაც პარლამენტმა უნდა მიიღოს. რას დაუპირისპირებს ოპოზიცია ხელისუფლების მშვიდობიან ძალადობას?

ყველაზე ძლიერი ბერკეტი, რომელიც ოპოზიციას გააჩნია ხელისუფლების საპირწონედ, საზოგადოების მეტ-ნაკლები ნდობაა. თუ პარტიები პარლამენტში პირწმინდად დამარცხდებიან, ისინი, ალბათ, შეეცდებიან ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ და საპროტესტო მოძრაობა გააძლიერონ. მაგრამ აქ კიდევ ერთი შეკითხვა ჩნდება: შეძლებენ კი პარტიული ლიდერები სერიოზული საპროტესტო მოძრაობის გაშლას? ისურვებს კი რიგითი მოქალაქე ქუჩაში გამოსვლას და ხელისუფლებასთან დაპირისპირებას? ვიდრე პარტიები ამ შეკითხვის პასუხს გაარკვევენ, შესაძლებელია, ხელისუფლების ძალიან მზაკვრული გეგმა ამოქმედდეს.

გასულ წლებშიც ასე იყო და ახლაც ასეა: როდესაც საზოგადოების ტოტალური კრიმინალიზაცია იწყება და მოსახლეობას იარაღი უჩნდება, როდესაც არაკანონიერი შეიარაღებული ჯგუფები სოკოებივით მრავლდებიან და შემდეგ ერთმანეთს ტყვიას უშენენ, ეს ყოველთვის ხდება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ნებით და წაქეზებით. ახლაც არსებობს საფრთხე, რომ ხელისუფლების მიერ ფარულად წაქეზებული შეიარაღებული ადამიანები პარტიებს მიეკედლონ და, მათი მოწადინებით, მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობის გაშლის მცდელობისას, გაჩნდეს შეიარაღებული კონფლიქტის კერები. რამდენიმე ტრაგიკული ინციდენტი საკმარისია იმისათვის, რომ ხელისუფლებამ წესრიგის დამყარება დაიწყოს. მაშინ კიდევ ერთხელ გათამაშდება ძველი სცენარი: აქტიური ლიდერები შეირაცხებიან დესტრუქციულ ძალებად, რომლებიც სამოქალაქო ომის გაჩაღებას ცდილობენ. და, არ არის გამორიცხული, საზოგადოება, მათი თანადგომის ნაცვლად, მათვე დაუპირისპირდეს. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას საბოლოოდ გაეხსნება გზა არსებულის შენარჩუნებისა და კიდევ მეტის მოპოვებისკენ.

ასე რომ, თავად ხელისუფლების მხრიდან პარტიებთან შეიარაღებული დაპირისპირება მოსალოდნელი არ არის, მაგრამ მოსალოდნელია პროცესის იმგვარად პროვოცირება, როდესაც იარაღი ხელისუფლების მხსნელ მთავარ ფაქტორად გადაიქცევა.
XS
SM
MD
LG