Accessibility links

რა შეიცვალა და რა არ შეიცვალა ქართულ ჯარში და რა მნიშვნელობა აქვს უმაღლეს სასწავლებლებში სამხედრო კათედრების არსებობას


ქართულ ჯარში არსებული პრობლემები სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებზე გადადის. სავალდებულო სამხედრო სამსახურში, ძირითადად, ისეთები მიდიან, რომლებსაც ჯარში გაწვევის

გადავადებისთვის დაწესებული ყოველწლიური ბეგარის გადახდა არ შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ სამხედრო ნაწილებში სოციალური პირობები, ასე თუ ისე, გაუმჯობესდა ( 2 წლის წინ, ამ მხრივ, თითქმის ყველგან საგანგაშო მდგომარეობა იყო), სავალდებულო სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება არ შეცვლილა. წვევამდელთა უმრავლესობა სამხედრო სამსახურზე უარს ამბობს და ამ უარისთვის უამრავი ობიექტური მიზეზიც აქვს. რა შეიცვალა და რა არ შეიცვალა ქართულ ჯარში და, კიდევ, რა აზრი აქვს უმაღლეს სასწავლებლებში სამხედრო კათედრების არსებობს?

არასამთავრობო ორგანიზაციამ "ასოციაცია სამართალი და თავისუფლება"
ქართულ ჯარში არსებული მდგომარეობის მონიტორიგნი ბოლოს ერთი წლის წინ ჩაატარა, თუმცა ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ჯარის პრობლემების შესწავლას განგრძობენ და, შესაბამისად, მკაფიო წარმოდგენა აქვთ სამხედრო ნაწილების დღევანდელ მდგომარეობაზე. ირაკლი სესიაშვილის თქმით, ბოლო ერთი წლის მანძილზე ჯარისკაცთა სოციალური პირობები, მათი კვებისა და ტანსაცმლით მომარაგების თვალსაზრისით, გაუმჯობესებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ჯარისკაცთა სოციალური პირობების გაუმჯობესების ტენდენცია ყველა ნაწილში ერთნაირად საგრძნობია.

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] "ჩვენ დღეს გვაქვს მდგომარეობა, რომ ზოგიერთ ნაწილში ნორმალური მდგომარეობაა, ზოგიერთში კი - არა. სამწუხაროა, რომ ეს დამოკიდებულია უფროსზე. თუ ნაწილის მეთაური განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება დისციპლინას, იმას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები მიზნობრივად ჯარისკაცებზე დაიხარჯოს და არ იყოს კორუფციის ფაქტები, მაშინ ნაწილში ნორმალური მდგომარეობაა, მაგრამ თუ ასე არ ხდება, არის პირიქით. თანაც, პერიფერიებში არსებულ სამხედრო ნაწილებში მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, რადგან იქ კონტროლიც ნაკლებია. მეტი ყურადღება ექცევა იმ ნაწილებს, რომლებიც მდებარეობს ქალაქებთან და, ასე თუ ისე, კონტროლს ექვემდებარება."[სტილი დაცულია]

მოვიყვან მონაცემებს სახალხო დამცველის 2001 წლის საანგარიშო მოხსენების იმ ნაწილიდან, რომელიც ჯარის მაშინდელ მდგომარეობას ეხება: "შენობა-ნაგებობების უმრავლესობა ამორტიზებულია, მათი ნგრევის საშიშროება საფრთხეს უქმნის სამხედრო მოსამსახურეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გავრცელებული სახე მიეცა ყაზარმების კოსმეტიკური რემონტისთვის ჯარისკაცთა კუთვნილი ხელფასის ( 3 ლარის და 40 თეთრის) დახარჯვას და, ჯარისკაცთა მოკლევადიანი შვებულებების სანაცვლოდ, აღნიშნული მიზნით თანხის მათი მშობლების ჯიბიდან ამოღებას. ჯარისკაცებს შორის ხშირია კუჭ-ნაწლავის დაავადებები, წინა წლებში კი ტუბერკულოზით დაავადების ბევრი შემთხვევა აღირიცხა. ჯარისკაცთა კვების მხრივ, არსებული მძიმე მდგომარეობა არ შეცვლილა; ასევე, ხშირ შემთხვევაში მათ საკუთარი სახსრებით უწევთ სამხედრო ფორმის შეძენა. 2000 წლის ამნისტიის შემდეგ სამხედრო ნაწილებიდან კიდევ 1000 ჯარისკაცი გაიქცა. საქართველოს შეიარაღებული ჯარების დაარსებიდან დღემდე კი, მშვიდობიან პერიოდში, 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, მძიმე მატერიალურ-სოციალური ფონის, ძალადობის, იარაღთან გაუფრთხილებელი მოპყრობის, უპერსპექტივობისა თუ უსამართლობის მიზეზით." - 2 წლის წინ დაახლოებით ასე ხასიათდებოდა საქართველოს ჯარში არსებული მდგომარეობა. თავდაცვის სისტემის დაფინანსების პირობებში დღეისათვის მდგომარეობა რადიკალურად ვერ შეიცვლებოდა. ამდენად, გარკვეულ ნაწილებში უფროსის პიროვნული თვისებებით განსაზღვრული დადებითი ტენდენციები სამხედრო სამსახურს წვევამდელებისთვის მიმზიდველს ვერ გახდიდა. ოფიცრების დაბალი ხელფასები სამხედრო ნაწილებში კორუფციის აღკვეთას გამორიცხავს. ჯარში არსებული პრობლემები კი - მათ შორის, კორუფცია - ძირითადად, ისეთ ოჯახებს აწვება, რომლებმაც ვერ შეძლეს სამხედრო სამსახურის გადავადებისთვის დაწესებული ბეგარის გადახდა და ოჯახის წევრის სამხედრო სამსახურში გაგზავნა მოუხდათ. ასეთი ოჯახებისთვის ჯარში გაწვეულის შენახვაც სერიოზული პრობლემაა. აქედან გამომდინარე, ცხადია, რატომ არის ასე ხშირი სამხედრო ნაწილებიდან ჯარისკაცთა გაქცევის ფაქტები ან რატომ არიდებს წვევამდელთა უმრავლესობა თავს სამხედრო სამსახურს. ირაკლი სესიაშვილის აზრით, სერიოზულ სამხედრო რეფორმამდე ამ პრობლემების დაძლევაზე საუბარი ზედმეტია. მისივე თქმით, გამოსავალი იქნებოდა ორიენტაციის აღება პროფესიული არმიის შექმნაზე. და კიდევ, იმის შესახებ, თუ რა აზრი აქვს უმაღლეს სასწავლებლებში სამხედრო კათედრების არსებობას. როგორც ცნობილია, უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტები, რომლებიც სამხედრო სწავლებას გადიან, სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდებიან. "ასოციაცია სამართალი და თავისუფლების" სხვა წარმომადგენლის, შალვა თადუმაძის, თქმით:

[შალვა თადუმაძის ხმა] " კათედრებზე ასწავლიან იმას, რასაც არ ასწავლიან აკადემიაში, -
კავშირგაბმულობას, ქიმიას, - მაგრამ ამის ხელსაწყოები არ გააჩნიათ. ამას გარდა, პედაგოგებს ნაკლებად აქვთ დაინტერესება ხელფასის თვალსაზრისით. ჩემი აზრით, თვითონ კათედრის არსებობას არავითარი აზრი არა აქვს. დათვლილი იქნა და რეზერვში გაცილებით მეტი ოფიცერია, ვიდრე ჯარისკაცი. რეზერვის გაწვევის შემთხვევაში გამოვა, რომ ჯარისკაცი არ იქნება სახელმწიფოში. კათედრაგავლილებს სერჟანტის წოდებას ანიჭებენ, მაგრამ, ყველამ კარგად ვიცით, რა დონეზე ვდგავართ. მომზადების დონე არ არის არც სერჟანტის, არც ოფიცრის და არც ჯარისკაცის. ამიტომ, ჩემი აზრით, სახელმწიფო ამაში ტყუილად იხდის ფულს. "

კიდევ რაში იხდის სახელმწიფო ტყუილად ფულს, ცალკე დიდი თემაა.
XS
SM
MD
LG