Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი შევარდნაძე და ადამიანის უფლებები: ცხრა თვის შემდეგ


დავით პაიჭაძე, თბილისი ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, საქართველოში მუდმივად კრიტიკული მდგომარეობაა. არაერთი წელია, საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით უკიჟინებენ, ხოლო დასავლეთიდან შეახსენებენ,

რომ მდგომარეობას უნდა მოევლოს. პირველი მოკრძალებული ნაბიჯი ამ მიმართულებით 2002 წლის მაისის მიწურულს გადაიდგა, როცა გამოქვეყნდა პრეზიდენტ შევარდნაძის ბრძანებულება ადამიანის უფლებათა დასაცავად აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ. ბრძანებულება სახელმწიფო უწყებებს კონკრეტულ ვადებს უწესებდა კონკრეტულ მოქმედებათა შესასრულებლად. შეგახსენებთ რამდენიმე პუნქტს, რომელთა შესრულებაზეც თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ.

პრეზიდენტის ბრძანებულების გამოქვეყნებიდან 9 თვე გავიდა. პრენატალურმა პერიოდმა გაიარა და შეგვიძლია თვალი შევავლოთ ნაყოფს, რომელიც პრეზიდენტის ძალისხმევას მოჰყვა. იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს პრეზიდენტი ავალებდა, ხოლო გენერალურ პროკურორს სთხოვდა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოემზადებინათ წინადადებები დაკავების ნებისმიერ სტადიაზე დამცველისა და ექიმის მომსახურებით სარგებლობის უფლების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად. "ნებისმიერი დაკავებული პირი დაუყოვნებლივ იქნეს ინფორმირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული მისი უფლებების, მათ შორის, იმ უფლებების შესახებ, რომ საჩივრით მიმართოს მის მიმართ სასტიკი მოპყრობის თაობაზე, გაეცნოს წაყენებულ ბრალდებას, მიმართოს მის მიერ არჩეულ დამცველსა და ექიმს, შეხვდეს ოჯახის წევრებს," - ეწერა ბრძანებულებაში.

არ არის ცნობილი, რა მოიმოქმედეს ჩამოთვლილმა მოხელეებმა, მაგრამ ამ მიზანს ემსახურებოდა სახალხო დამცველისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანა ერთობლივი სარჩელისა, რომელიც სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. პრობლემა ამით არ გადაწყდა, რადგან ახლა პარლამენტმა უნდა შეცვალოს კანონმდებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

მაღალი რანგის იმავე მოხელეებისგან პრეზიდენტი მოითხოვდა, უზრუნველეყოთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და შესაბამისი მოკვლევის ჩატარება თავისუფლებაშეზღუდული პირის სხეულის დაზიანების ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში. უნდა ითქვას, რომ ხშირად დაკავებული მოქალაქეები, პოლიციის შიშით. ამჯობინებენ, არ გაახმაურონ ცემისა და წამების ფაქტები. და მაინც, ამ ტენდენციის მიუხედავად, პოლიციის მიერ ფიზიკურად შეურაცხყოფილი იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც არ დაუმალავთ საზოგადოებისთვის სასტიკი მოპყრობის ფაქტები, საგრძნობლად აღემატება დასჯილ პოლიციელთა რაოდენობას.

ნუგზარ გაბრიჩიძეს, კობა ნარჩემაშვილსა და როლანდ გილიგაშვილს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექციათ აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების უზრუნველყოფისათვის. გამოეძიებინათ და სასამართლოსთვის გადაეცათ რელიგიურ უმცირესობათა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ყოველი ფაქტი დამნაშავე პირების დასჯის მიზნით. გასული 9 თვის მანძილზე ეს მოხდა ერთადერთხელ და ისიც არა რელიგიურ უმცირესობათა დარბევის გამო. ადამიანი, რომელიც ამგვარ დარბევებშია გაწაფული, სასამართლოში წარადგინეს პოლიციელთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის, თუმცა სასამართლომ ვერ გაბედა მკალავიშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება. ხოლო სასამართლოს დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტი ვერაფერს მოსთხოვს. რაც შეეხება უმცირესობათა რბევას ან შევიწროებას, ამას, უკეთეს შემთხვევაში, მშვიდად შესცქეროდა პოლიცია, ხოლო სხვა შემთხვევაში, დაზარალებულთა რწმუნებით, ეხმარებოდა კიდეც მკალავიშვილის ჯგუფს.

პრეზიდენტის ბრძანებულება არაერთ სხვა პუნქტსაც შეიცავს, რომელთა შესრულება, ასევე, რბილად რომ ვთქვათ, სადავოა. დღეს კანცელარია ადამიანის უფლებების დასაცავად ახალ სამოქმედო გეგმას აქვეყნებს. მაგრამ ახალ ეტაპამდე, საინტერესოა, ვის რა პასუხი მოეთხოვა წინა ეტაპის ეგზომ "შეუმჩნევლად" გავლისათვის.
XS
SM
MD
LG