Accessibility links

logo-print

მესაზღვრეთა ერთობლივი სწავლება რუსეთ-საქართველოს ჩიხში შესული სამხედრო თანამშრომლობის ფონზე


პანკისის პრობლემის გამო ერთმანეთის მიმართ წაყენებული უამრავი პრეტენზიისა და ურთიერთბრალდების შემდეგ რუსეთის და საქართველოს ხელისუფლება, ბოლოს და ბოლოს,

მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მესაზღვრეთა თანამშრომლობა საერთო საზღვრის სახიფათო მონაკვეთების დაცვის ყველაზე უკეთესი საშუალებაა. დაღესტნის ქალაქ კასპიისკში უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს პირველი ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელშიც, რუს და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად, ქართველი მესაზღვრეებიც ღებულობენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ, მესაზღვრეთა მსგავსად, თანამშრომლობის გზებს სამხედროებიც ეძებენ, თუმცა მათი ეს მცდელობა ჯერჯერობით სასურველ შედეგს ვერ აღწევს.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სასაზღვრო უწყებათა ხელმძღვანელების 17 ოქტომბრის ერევნის შეხვედრამ რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო უწყებებს შორის ახალი ტიპის თანამშრომლობას ჩაუყარა საფუძველი. გენერალ ვალერი ჩხეიძისა და მისი რუსი კოლეგის კონსტანტინ ტოცკის მიერ ხელმოწერილ ოქმში მხარეები რადიო-კავშირის სიხშირეებისა და ოპერატიული ინფორმაციების გაცვლაზე, საზღვრის გარკვეულ მონაკვეთზე რეგულარული შეხვედრების ორგანიზებასა და ერთობლივი სასაზღვრო სწავლების ჩატარებაზე შეთანხმდნენ.

შემდეგ ამას მოჰყვა დეკემბრის შეხვედრა თბილისში, რომლის დროსაც ოქმში ასახული ვალდებულებები უკვე ორმხრივი თანამშრომლობის სახით გაფორმდა. ბუნებრივია, უბრალო მოკვდავი ვერასდროს გაიგებს, თუ რეალურად რამდენად ხორციელდება შეთანხმების პუნქტები, განსაკუთრებით, ოპერატიული ინფორმაციების გაცვლის მიმართულებით, მაგრამ ხანგრძლივი დაპირისპირებისა და ურთიერთობის სრული გაწყვეტის შემდეგ, ეს, მართლაც, წინგადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა. ამაზე მეტყველებს დაღესტნის ქალაქ კასპიისკში 26 თებერვალს დაწყებული პირველი ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელშიც რუსეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყებების რაზმები და საშტაბო ოფიცრები ღებულობენ მონაწილეობას.

საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, სამდღიან ერთობლივ მანევრებში ქართულ დელეგაციას და ლაგოდეხის 30 -კაციან სასაზღვრო რაზმს საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შტაბის უფროსი კორნელი სალია ხელმძღვანელობს. ხოლო ღონისძიების ძირითად მიზანს საერთაშორისო ტერორისტების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში მესაზღვრეთა ურთიერთქმედების საკითხების დამუშავება შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების მთავარ სადავო საგანს ერთობლივი საზღვრის ჩეჩნეთ-ინგუშეთის მონაკვეთი წარმოადგენს, დაღესტნის მონაკვეთზე აქცენტის გაკეთება სწავლებაში მესამე მხარის, აზერბაიჯანის, მონაწილეობამ გამოიწვია. თუმცა, როგორ საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, შედგომში არ არის გამორიცხული, რომ ანალოგიური სწავლება სწორედ რუს და ქართველ მესაზღვრეებს შორის, მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე, გაიმართოს.

უნდა აღინიშნოს, მესაზღვრეების მსგავსად, თებერვლის დასაწყისში სამხედრო უწყებებს შორი მჭიდრო თანამშრომლობის იდეით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობის მიბმა სამხედრო ბაზების საკითხთან არასწორი იყო და საჭიროა რუსულ მხარესთან კონტაქტების განახლება.

[დავით თევზაძის ხმა] "ბაზების გაყვანა, ეს არის უფრო პოლიტიკური პროცესი ორ ქვეყანას შორის დარეგულირებისა. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი საკმაოდ მჭიდროდ თანაშრომლობს საკუთრივ ნატოსთან, ვითარება, რომელიც არსებობს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს შორის, ალბათ, გარკვეულწილად, ვერ აჰყვება იმ სიტუაციას. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ განვსაზღვრავთ იმ პრინციპებს, რომლითაც ვითანამშრომლებთ."[სტილი დაცულია]

ამ პრინციპების განსაზღვრა და რუსეთთან ორმხრივი თანაშრომლობის საკითხებზე მოლაპარაკების გამართვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო ურთიერთობების ოფისს დაავალა. თუმცა საქართველოს ამ ინიციატივას მოსკოვიდან ჯერჯერობით არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია.
XS
SM
MD
LG