Accessibility links

პარლამენტმა გადადო ამერიკა-საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიკაცია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ამერიკა-საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი პარლამენტმა გადადო. პარლამენტის სხდომაზე გაგრძელდა ის ვნებათაღელვა,

რაც ამ დოკუმენტის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განხილვისას დაიწყო. პარლამენტარების დიდი ნაწილის გამოსვლებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ანტიამერიკული განწყობილება ჭარბობს.

საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხილვამ პარლამენტში ხმაურიანად ჩაიარა. პარლამენტართა დიდმა ნაწილმა კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნია ამ შეთანხმების ის პუნქტები, რომელიც ამერიკელ სამხედროებს უვიზო მიმოსვლასა და იარაღის ტარების უფლებას ანიჭებს. საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღებულ პირთა ყოფნის პერსპექტივამ ქართველ კანონმდებლებს მოვლენების განვითარების საკმაოდ შემაშფოთებელი ვერსიები დააშვებინა. მაგალითად, პარლამენტარ კობა ამირხანაშვილის განცხადებით:
[კობა ამირხანაშვილის ხმა] " თქვენ რა, დარწმუნებული ხართ, ეს შეიარაღებული ძალები, დღეს რომ მოსწონთ ჩვენი პრეზიდენტი - მეც მომწონს და თქვენც მოგწონთ - თქვენ რა გგონიათ, რამდენიმე წლის შემდეგ, ხომ შეიძლება ვიღაც ისეთი მოვიდეს ხელისუფლებაში, რომ აღარ მოეწონოს ამერიკას - ერაყივით ეს ქვეყანა რომ გადაგიტრიალონ, გიფიქრიათ ამაზე?"
შეთანხმების რატიფიკაციის კატეგორიული წინააღმდეგია ფრაქცია "აღორძინება", რომლის ლიდერი ჯემალ გოგიტიძე, საერთოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ასეთი შეთანხმების არსებობის აუცილებლობას. ისე კი, როგორც ჩანს, ერაყი და ამ ქვეყნის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ქართველ პარლამენტარებს არცთუ სასიამოვნო ფიქრებს აღუძრავს. პარლამენტარ ლევან პირველის აზრით:
[ლევან პირველის ხმა] "მე უფრო მგონია, რომ ამერიკა დიდი ქვეყანაა, იქ დიდი ბიუროკრატიაა და, ეტყობა, შეეშალათ და ეს ერაყის კაპიტულაციის დოკუმენტია. ეს არ არის შეთანხმება. ეს არის კაპიტულაციის აქტი."

პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის წინადადებით, საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის თავდაცვის სფეროში თნამშრომლობის შესახებ მომზადებული შეთანხმების განხილვა გადაიდო. გამორიცხული არ არის, საკითხის ხელახალი განხილვა პარლამენტში პარასკევის სხდომაზევე შედგეს. თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი უშედეგოდ არწმუნებდა თავის კოლეგებს:
[ ირაკლი ბათიაშვილის ხმა] "ჩვენ გვჭირდება ამ შეთანხმების მიღება, სხვათა შორის. ამერიკის შეერთებულ შტატებს კი არა, ჩვენ გვჭირდება."
XS
SM
MD
LG