Accessibility links

logo-print

დევნილებაში მყოფი ერაყის ოპოზიცია უფრო მნიშვნელოვანი როლის თამაშს მოითხოვს სადამის შემდგომ ერაყში


მიმდინარე კვირაში ერაყის დევნილი ოპოზიცია პირველად ატარებს ერთობლივ შეხვედრას ერაყის ტერიტორიაზე, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც ქურთების კონტროლქვეშაა.

ოთხშაბათს დაწყებულ შეხვედრაში, რომელსაც თითქმის ყველა ოპოზიციური ჯგუფი ესწრება, მონაწილეობს შეერთებული შტატების წარმომადგენელი ზალმაი ხალილზადი. კონფერენციის მიმდინარეობის შესახებ ბიძინა რამიშვილს მოუსმინეთ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრის დაწყებისთანავე გამოთქვეს შიში, რომ შეერთებული შტატები მათ სათანადო მნიშვნელობას არ მიანიჭებს ერაყის მომავალი ხელისუფლების ფორმირებისას. არბილის მახლობლად გამართული შეხვედრის მონაწილენი ფიქრობენ, რომ დევნილი ოპოზიცია უნდა შეადგენდეს ერაყის მომავალი მთავრობის ბირთვს.

ლონდონში დაფუძნებული ერაყის ეროვნული კონგრესის თავმჯდომარემ, აჰმად ჩალაბიმ შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს და "განმათავისუფლებელი" უწოდა მას. მაგრამ, ამავე დროს, თქვა, რომ ოპოზიციას ვაშინგტონთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ხანგრძლივი თანამშრომლობის იმედი აქვს. საპასუხოდ ხალილზადმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს ერაყის ხანგრძლივად მართვას.

ამერიკის მასმედიაში გაჟონა ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ სადამ ჰუსეინის დამარცხების შემდეგ ვაშინგტონი 18 თვის მანძილზე გეგმავს ერაყის სამხედრო ოკუპაციას. ამ პერიოდში ქვეყანა ამერიკელმა სამხედრო მეთაურმა უნდა მართოს სამოქალაქო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, სამოქალაქო მთავრობას შეერთებული შტატები დანიშნავს თუ გაერო. შესაძლოა ავღანეთის ტიპის გარდამავალი მთავრობის შექმნაც.

ვაშინგტონის უახლოეს გეგმებზე საუბრისას ხალილზადმა თქვა: [ხალილზადი ხმა] "ერაყელებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ აირჩიონ, რა ტიპის ხელისუფლება ექნებათ, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო. თავად უნდა შეეძლოთ აირჩიონ ცენტრსა და რეგიონებს შორის ურთიერთობის ფორმა, მათ შორის ფედერალიზმიც."

ამავე დროს მან დასძინა, რომ მხოლოდ დევნილი ოპოზიცია შეიძლება საკმარისი არ იყოს მთელი ერაყის ინტერესების წარმოსადგენად. მიმომხილველების აზრით, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ვაშინგტონი მხოლოდ ნაწილობრივ აპირებს დევნილ ოპოზიციაზე დაყრდნობას.

სადამ ჰუსეინის ოპოზიციასთან დაკავშირებით ვაშინგტონს კიდევ ერთი თავსატეხი ექნება ერაყელი ქურთების სახით. მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა, ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, მასუდ ბარზანიმ შეკრებაზე თქვა, რომ ჩრდილო ერაყში რეგიონული ინტერვენცია უთუოდ გამოიწვევს დესტაბილიზაციას.

ქურთებს ეშინიათ, რომ ერაყში შეიძლება თურქეთის ჯარები შევიდნენ და დაასუსტონ ქურთების ავტონომიური მისწრაფებები.

[ზებარის ხმა] "ჩვენ არ ვიცნობთ შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის საბოლოო შედეგს. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მემორანდუმი საბრალო ქურთი ხალხის ხარჯზე არ იქნება მიღწეული," განაცხადა ქურთების ერთ-ერთმა ლიდერმა ჰოშიარ ზებარიმ.

ამერიკის წარმომადგენელმა, ზალმაი ხალილზადმა დამსწრენი დააიმედა, რომ თურქეთის ჯარი ამერიკის შეიარაღებულ ძალებთან ითანამშრომლებს და არ იმოქმდებს დამოუკიდებლად.

ჩრდილო ერაყში მიმდინარე შეხვედრა შაბათს დასრულდება. ზემოხსენებული ერაყის ეროვნული კონგრესისა და ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის გარდა მასში მონაწილეობენ ქურთისტანის პატრიოტული კავშირი და ისლამური რევოლუციის უზენაესი საბჭო, რომელსაც თეირანში აქვს შტაბ-ბინა.
XS
SM
MD
LG