Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტანტ ქრისტიანთა ფუნდამენტალიზმი


გასულ ხუთშაბათს მოვიყვანეთ აშშ-ის მაჰმადიანთა

და ქრისტიანთა ურთიერთგაგების ცენტრის ხელმძღვანელის ჯონ ესპოზიტოს სიტყვები, რომ ფუნდამენტალისტები, მაშინაც კი, როცა მათი ექსტრემისტებად და აგრესიულებად მიჩნევა არ შეიძლება, საშიშები არიან, რომელი რელიგიის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ ისინი. როგორც ესპოზიტო ამბობს, ისინი რჩეულებზე, ანტიპლურალისტურად განწყობილ ადამიანებზე არიან ორიენტირებულნი, მათი მსოფლმხედველობა არატოლერანტულია: [ესპოზიტოს ხმა] " ეს ეხება, მე ვიტყოდი, ყველა ფუნდამენტალისტს - იუდეველს, ქრისტიანს თუ მუსლიმანს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც, თუ დააძალებთ, იტყვიან: ღმერთი თანაგრძნობის, სათნოების, სიყვარულის ღმერთიაო და, ამავე დროს, გულისხმობენ: ღმერთი ჩემისთანა ადამიანებისთვის არისო".
ესპოზიტო ამერიკელი მეცნიერია და ამას როცა ამბობს, თავის სამშობლოს გულისხმობს, პირველ რიგში. დღევანდელი ამერიკა მსოფლიოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდად ევლინება. ტერორისტად კი შეიძლება იქცეს ყველა, ვინც მშვიდობიან გზაზე უარს იტყვის და იარაღს აიღებს ხელში. პირველი რელიგიური "ფუნდამენტალისტები" ამერიკელები იყვნენ: ამერიკელი მორწმუნეების ერთი ჯგუფის მიმართ იხმარა პირველად 1922 წელს ერთ- ერთმა გაზეთმა სიტყვა "ფუნდამენტალისტი". დღეს შეერთებული შტატები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ეკლესიური ქვეყანაა. სტატისტიკის თანახმად, იქ თითო ღვთის სახლი მოდის 865 ადამიანზე. ამერიკელებს სასულიერო ცხოვრებისკენ დაუოკებელი ლტოლვა აქვთ. ევროპისგან განსხვავებით, შეერთებულ შტატებში არ ფიქრობენ, რომ ცხოვრების მოდერნიზაციას ურწმუნობა მოაქვს. ყოველი მეორე ამერიკელი კვირაში ერთხელ ეკლესიაში დადის. დასავლეთ ევროპაში ამას მხოლოდ ყოველი მეხუთე აკეთებს და აღმოსავლეთ ევროპაში კი - ყოველი მეშვიდე. ასე რომ, ამერიკელები ევროპელთა ათეიზმზე ლაპარაკობენ. აღსანიშნავია ერთი რამ: ამერიკის ყველაზე დიდი ნაწილი კათოლიკური რწმენისაა, 62 მილიონი მიმდევარ ჰყავს იქ პაპს. მაგრამ ამ ეკლესიის გავლენა მორწმუნეთა რაოდენობის შესაბამისი არასოდეს ყოფილა და ბოლო ხანს კი განსაკუთრებით იკლებს. იკლებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი კათოლიკე სასულიერო პირი პედოფილიაში დაიჭირეს. ექსპერტების თანახმად, ამერიკელებს არ იზიდავს ლიბერალურად განწყობილი რელიგიური თემები. სოციოლოგი კენ სანჩაგრინი ადასტურებს, რომ მზარდი მრევლი იმ ეკლესიებს ჰყავთ, რომლებიც კონსერვატიული მიმართულებისანი არიან. მაგალითად, ძალიან სწრაფად იზრდება ისეთების პოპულარობა, როგორიცაა ჯერი ფალუელი, რომელმაც ტელევიზიით ქადაგებისას წინასწარმეტყველი მუჰამედი მოძალადედ, მეომრად წარმოადგინა და ისიც კი დასძინა, მუჰამედი ტერორისტი იყოო. მის ეკლესიაში, "ტომას როუდ ჩერჩ"- ში, ვირჯინიის შტატში, ყოველ კვირა დღეს ორი ათასამდე ადამიანი იკრიბება. ისინი იმდენად ღვთის დიდებით არ არიან დაკავებულნი, რამდენადაც საკუთარ თავზე საუბრით: ლაპარაკობენ მორალურ უმრავლესობაზე, ოჯახის სიწმინდეზე; თავიანთი შვილები მიჰყავთ და ფალუელი ყრმებს აკურთხებს ხოლმე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეერთებულ შტატებში პროტესტანტული ეკლესიები კვლავაც კანის ფერის მიხედვითაა დაყოფილი. ასე რომ, კვირაობით, დილის 11 საათისთვის, როცა ეკლესიები მლოცველებით ივსება, რასობრივი დაყოფა თვალში საცემია. აქვე გეტყვით, რომ შავკანიანი პროტესტანტები ომის წინააღმდეგნი არიან, კათოლიკეთა მსგავსად. რასობრივი დაყოფა ხელს არ უშლის პასტორ ენდრიუ სტიუარტს, განაცხადოს, ღმერთმა ჩვენი ქვეყნის მტრები სამუდამოდ უნდა გაანადგუროსო. ამ ღვთის რწმენას, თავისთავად ცხადია, საზოგადოებაში პოლიტიკური დანიშნულებაც ენიჭება. ამერიკაში პროტესტანტიზმი არჩევნების განმსაზღვრელ ფაქტორად გადაიქცა. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში ჯორჯ ბუშის მთავარი სტრატეგი კარლ როუვი აღნიშნავდა, პრეზიდენტმა იმიტომ ვერ მოაგროვა ხმათა დამაჯერებელი უმრავლესობა, რომ ქრისტიან- ფუნდამენტალისტთა მეოთხედი ვერ მიიმხროო. როგორც ითქვა, ლიბერალიზმს პროტესტანტი ფუნდამენტალისტები, მემარჯვენეები, ომს უცხადებენ. ლიბერალები მათთვის სამშობლოს მოღალატეები, ფემინისტები, მამათმავლები, მემარცხენეები, აბორტის მომხრეები, იარაღის აკრძალვის მოსურნენი არიან. პროტესტანტული ფუნდამენტალიზმი ყოველთვის ასეთი არ იყო. მან სახე იცვალა ბოლო ოც წელიწადშიც - უფრო აგრესიული და არაშემწყნარებლური გახდა. მისთვის მხოლოდ ცარიელი სიტყები აღარაა მტრის განადგურებისკენ მოწოდება. ფუნდამენტალისტი ქადაგები იმავე გამოთქმებს იყენებენ, რასაც, ჩვეულებრივ, ოსამა ბინ ლადენს მიაწერენ ხოლმე. მაგალითად, რომ ტერორისტული თავდასხმები "რწმენისთვის ომის დასაწყისია ურწმუნოებისა და ურწმუნოთა წინააღმდეგ". ფლორიდის შტატის ჯექსონვილის ბაპტისტთა პირველი ეკლესიის მღვდელმთავარი ჯერი ვაინსი, ასევე, აუგად მოიხსენიებს მუჰამედს, როგორც დემონით შეპყრობილ პედოფილს, რომელსაც თორმეტი ცოლი ჰყავდა და მათ შორის ყველაზე უმცროსი 9 წლისა იყო. იქვე ამატებს, ალაჰი იეჰოვა არ არის, იეჰოვას ტერორისტად არავინ უქცევიაო. აღსანიშნავია ისრაელის პოლიტიკის მიმართ მათი დამოკიდებულების შეცვლაც. სამხრეთელ ბაპტისტთა გაერთიანების მაშინდელი თავმჯდომარის ბეილი სმიტის ნათქვამმა, ღმერთს ებრაელის ლოცვა არ ესმისო, სკანდალი გამოიწვია 1981 წელს. ახლა ქრისტიანი მემარჯვენეების პოლიტიკური ლიდერი გერი ბაუერი ამბობს, ამერიკის მოვალეობა, ისრაელს მხარი დაუჭიროს, ბიბლიური მცნებააო. ქრისტიანი მემარჯვენეებისთვის ძალის გამოყენება პირდაპირ დანიშნულებად იქცა. მათ რიცხვშია სამხრეთის შტატების ბაპტისტთა გაერთიანების ეთიკისა და რელიგიური თავისუფლების კომისიის თავმჯდომარე რიჩარდ ლენდი, რომელმაც თავის წერილში ასე გამოხატა ომისადმი დამოკიდებულება: "სამართლიანი ომის წარმოება ქრისტიანული "მოყვასის სიყვარულის" აქტია. ბოროტი უნდა დაისაჯოს, კეთილი დაჯილდოვდეს, ძალადობის ჟამი დადგა".
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG