Accessibility links

ერთი დაუსრულებელი არჩევნების შესახებ


დავით პაიჭაძე, თბილისი ია ანთაძე თავის სიუჟეტში მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს ახსენებდა. მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო კომისიების პირობებში, ცოტა გაუგებარია,

როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები. მინდა მოგითხროთ ერთი შემთხვევის შესახებ, რომელიც ცხადყოფს, რომ, არჩევნების გასამართად ყველა ფორმალური პირობის არსებობის მიუხედავად, არჩევნებს არ ატარებენ. მთავარი ბრალეული ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისიაა, რომელიც არაფრად აგდებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ორი ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები საქართველოში დასრულებული არ არის. საქართველოში დარჩა ერთი ადგილი, სადაც თვითმმართველობის ორგანო არჩეული არ არის. მისი არჩევა ჯიუტად არ სურთ ადგილობრივ პარტიულ ორგანიზაციათა უმრავლესობას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თბილისში. რაც შეეხება მოქალაქეებს, მათი საარჩევნო აქტივობა მაღალია - ისინი მზად არიან მივიდნენ საარჩევნო უბნებში და მისცენ ხმა. მათ, უბრალოდ, ამის საშუალებას უსპობენ. ეს ადგილია დაბა ხარაგაული. იქ სულ ორი ათასი ამომრჩეველია.

დაბა ხარაგაულში შარშან გამართული არჩევნები რამდენჯერმე ჩაშალეს. ლომის წილი ამაში ადგილობრივი საარჩევნო კომისიის იმ წევრებს მიუძღვით, რომლებსაც არ ეჭაშნიკათ ხარაგაულის 5-ადგილიან საკრებულოში ფავორიტი კანდიდატების - რაიონის ყოფილი გამგებლის დავით სახვაძისა და მისი თანამოაზრეების მაღალი ალბათობით მოხვედრა და საარჩევნო პროცედურების მრავალგზის იგნორირებით არჩევნები ჩაშალეს. დავით სახვაძე მიმართავდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოს. არჩევნები ექვსჯერ დაინიშნა, ექვსჯერვე არ შედგა და აქედან არც ერთხელ - ამომრჩეველთა მიზეზით. გაიმართა 9 სასამართლო პროცესი. ბოლო გადაწყვეტილება შარშან, 25 ნოემბერს, გამოიტანა უზენაესმა სასამართლომ: მან დააკმაყოფილა დავით სახვაძის სარჩელი და დაავალდებულა ცენტრალური საარჩევნო კომისია, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი დაბა ხარაგაულის საარჩევნო ოლქში საკრებულოს ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს დავალება არაფრად ჩააგდო. სასამართლოს შემდეგ სამი თვე გავიდა. დავით სახვაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს [სახვაძის ხმა]: "ათი დღის წინ მივმართე უზენაეს სასამართლოს და მოვითხოვე იძულებით აღსრულების დაკისრება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე. დღეს მიპასუხეს, რომ ეს გადაეცა თბილისის სააღმსრულებლო ბიუროს და ის, ალბათ, ჩაერევა საკითხში. სამარცხვინოა! ან ვის რატომ არ უნდა ამ არჩევნების ჩატარება! ვის შეუძლია დღეს განმარტოს და დაასაბუთოს, რა სახის მმართველობა ხორციელდება დაბა ხარაგაულში"?

საინტერესო წარმოსადგენია, როგორ კრებს სააღმსრულებლო ბიურო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს და აიძულებს, დანიშნონ არჩევნები ხარაგაულში. არადა, სხვა გზა კომისიის წევრებმა თავად მოიჭრეს. ფული ამ არჩევნებისთვის უკვე გამოყოფილია - 4000 ლარი პრეზიდენტის ფონდიდან. ყველა პირობა არჩევნების ჩასატარებლად თითქოს არსებობს. ცენტრალური საარჩევნო კომისია კი დუმს. ყველა ტელეფონი გათიშული აქვთ. მობილურს არ პასუხობენ. კაცმა რომ თქვას, ხმა არც ამოეღებათ.
XS
SM
MD
LG