Accessibility links

logo-print

მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ჩიხიდან გამოყვანას ცდილობენ


სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული მოუგვარებელი კონფლიქტების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების დაინტერესება ბოლო ხანს თვალშისაცემად გაიზარდა.

ევროპარლამენტის კომისიის წევრების კვალად, სოხუმში ჩასვლას მომავალ კვირას საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენლებიც გეგმავენ. სავარაუდოდ, აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების პრობლემა მთავარი საკითხი იქნება 6-7 მარტისთვის დაგეგმილი პუტინ-შევარდნაძის შეხვედრის დღის წესრიგში. თავის მხრივ, საინტერესო გეგმებზე საუბრობს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჰაიდი ტალიავინი, რომელიც ხუთშაბათს დაბრუნდა სოხუმიდან. თუმცა ფაქტია ისიც, რომ ყველა ამ ინიციატივას სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფალთა მხრიდან ჯერჯერობით უნდობლობის ყრუ კედელი ეღობება.

თუ ევროპარლამენტის დელეგაციისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელთა ვიზიტები სოხუმში მხოლოდ გეგმით გათვალისწინებული და მორიგი საანგარიშო მოხსენებისთვის ინფორმაციის მისაღებად გამიზნული გასვლითი ღონისძიებები არ არის, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში კვანძის გახსნის ანდა, პირიქით, კვანძის გაჭრის დრო დგება. ეს კი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად მოხერხდება, ერთი მხრივ, სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლების დარწმუნება იმაში, რომ, ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიზიაროს ე.წ ბოდენის დოკუმენტის პრინციპები თბილისსა და სოხუმს შორის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ და, მეორე მხრივ, დარწმუნება ოფიციალური თბილისის და დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ხელისუფლებისა, რომ ყავლი გაუვიდა ლაპარაკს აფხაზეთის შეურიგებელი ნაწილის ბლოკადითა და ძალისმიერი გზით დამორჩილების შესახებ და დადგა დრო დაიწყოს ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელება აფხაზეთის ტერიტორიაზე, რასაც სინქრონულად უნდა მოჰყვეს ლტოლვილთა დაბრუნების პროცესის დაწყება.

სოხუმის ხელისუფლება, რა თქმა უნდა, თანახმაა ეკონომიკურ პროექტებზე, მათ შორის, განსაკუთრებით, აფხაზეთის გავლით ამიერკავკასიის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებაზე. მაგრამ რაც შეეხება ლტოლვილთა დაბრუნების პროცესს, აქ საკითხი მეტად რთულდება. თბილისი მხარს უჭერს ლტოლვილთა უპირობო დაბრუნებას, მაშინ როცა სეპარატისტული ხელისუფლება კატეგორიულად წინააღმდეგია საკუთარ კარ-მიდამოში დაბრუნების ნება დართოს იმ პირებს, ვინც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს იარაღით ხელში იბრძოდა არძინბას სეპარატისტული რეჟიმის წინააღმდეგ. არადა ფაქტია, რომ სწორედ ასეთი პირებით ან მათი პოლიტიკური ფრთით არის დაკომპლექტებული მთელი აფხაზეთის დევნილი ხელისუფლება, რომელიც ლტოლვილ მოსახლეობაზე კვლავაც დიდ გავლენას ინარჩუნებს. ასე რომ, კონფლიქტის მოწესრიგების პროცესის ჩიხიდან გამოსაყვანად, მხარეებს ბევრ სახიფათო სტერეოტიპსა და ცრურწმენაზე მოუწევთ ხელის აღება. მაგრამ არის კი ფსიქოლოგიურად ამისთვის მზად ერთი ან მეორე მოკონფლიქტე მხარე?

ყოველ შემთხვევაში, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჰაიდი ტალიავინი, რომელმაც ჟენევიდან დაბრუნების შემდეგ სოხუმსა და თბილისში შეხვედრები გამართ, იმედიანად არის განწყობილი. ჩვენთან სატელეფონო საუბარში მან განაცხადა, რომ ჟენევიდან იგი კონფლიქტის მოწესრიგების კომპლექსური რეკომენდაციით დაბრუნდა.

[ ტალიავინის ხმა:] " მე მომეჩვენა, რომ როგორც ქართული, ისე აფხაზური მხარის მიერ ეს რეკომენდაციები, პირველი რეაქციის სახით, დადებითად იქნა აღქმული, ვინაიდან ჩვენ მიერ შეთავაზებულია პრობლემის კომპლექსური მოგვარება: ლტოლვილთა დაბრუნება, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების ფართო სპექტრი და უსაფრთხოების გარანტიები. და მე იმედი მაქვს, რომ როგორც ქართული, ისე აფხაზური მხარე მწვანე შუქს აძლევს ჩემს ამ ძალისხმევას. ორშაბათიდან კი მე ვაპირებ ვესტუმრო სოხუმს, საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩებთან ერთად, რათა მათაც გააცნონ სოხუმის ხელისუფლებას ჟენევის შეხვედრის გადაწყვეტილებები, კონფლიქტის მოწესრიგების ეს ერთობლივი ხედვა, საგნობრივად ვისაუბროთ, თუ სად ვართ და რას ვაპირებთ მომავალში."

თუმცა ენგურს იქით არსებული სეპარატისტული ხელისუფლება დღემდე გამარჯვების ეიფორიაშია და ბრძოლით მოპოვებული დამოუკიდებლობის თუნდაც მცირე ნაწილის დათმობაზე სიტყვის გაგონებაც არ სურს, მიუხედავად იმისა, რომ სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებამ თავადაც მშვენივრად იცის, რომ ლაპარაკი აფხაზეთის სახელმწფოებრივ დამოუკიდებლობაზე ისეთივე მითია, როგორც იმის მტკიცება, რომ მათ საკუთარი შესაძლებლობებით მოუგეს ომი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. თავის მხრივ, ასეთი უკომპრომისო მიდგომა კიდევ უფრო აძლიერებს რევანშისტულ განწყობილებას დევნილობაში მყოფ ხელისუფლებასა და ლტოლვილ მოსახლეობაში, რომლის უდიდესი ნაწილი იმდენად სასოწარკვეთილია 10 წლიანი უშედეგო ლოდინით, რომ მზად არის დაუფიქრებლად ჩაებას აფხაზეთის დაბრუნების სარჩულით დაგეგმილ ნებისმიერ პოლიტიკურ თუ სამხედრო ხასიათის ავანტიურაში.
XS
SM
MD
LG