Accessibility links

logo-print

"თბილგაზის" ტენდერში ორი ქართული კომპანია მონაწილეობს


28 თებერვალს 12 საათისათვის დასრულდა განაცხადების მიღება "თბილგაზის" მართვის უფლებაზე გამოცხადებულ ტენდერში. პრეტენდენტები, შეიძლება ითქვას, უკანასკნელ წუთს გამოვლინდნენ.

ესენი არიან: ამხანაგობა "ახალი მენეჯმენტი" და სააქციო საზოგადოება "საქტრანსგაზმრეწვი". "თბილგაზის" პოტენციური ინვესტორები არც სიმდიდრით გამოირჩევიან და არც გავლენიანობით. ამიტომ ტენდერის შედეგებს დიდი ოპტიმიზმით არ ელიან "თბილგაზში", რომლის რეაბილიტაციის დაყოვნება თბილისის გაზმომარაგების ქსელისა და სისტემის სრული განადგურების ტოლფასია.

"თბილგაზის" მართვის უფლებაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ორი კომპანიიდან, ერთზე - კერძოდ, ამხანაგობა "ახალ მენეჯმენტზე" - ყურმოკვრითაც კი არაფერი სმენიათ არა მარტო რიგით მოქალაქეებს, არამედ ტენდერის შედეგებით უშუალოდ დაინტერესებულ ადამიანებსა და ორგანიზაციებს.თბილისის ქონების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე რეზო ურუშაძე, მაგალითად, ამ ბუნდოვანების გაფანტვას განცხადებების გახსნასა და განხილვას უკავშირებს. თუმცა მანამდე იმის პროგნოზირება, უდავოდ, შეგვიძლია, რომ საქმე სერიოზულ ინვესტორთან არ გვაქვს. რაც შეეხება, მეორეს, "სააქციო საზოგადოება "საქტრანსგაზმრეწვს", მას თბილისის გაზის მეურნეობასთან უშუალო შეხება არასდროს ჰქონია. სააქციო საზოგადოების ძირითადი საქმიანობა საქართველოზე გაზის ტრანსპორტირება და სატრანსპორტო გაზსადენების მომსახურებაა. ორგანიზაციას ფინანსურად არ ულხინს, მაგრამ "თბილგაზი" მისი ძველი მევალეა. ვალი 17 მილიონ ლარს შეადგენს.
[ვახტანგ ცაავას ხმა] "თუ ფინანსური უზრუნველყოფა არ იქნა იმ სამუშაოების შესასრულებლად, რასაც ჰქვია ქსელების წესრიგში მოყვანა, რეგულატორების წესრიგში მოყვანა, მთლიანად აღრიცხვის სისტემის შეცვლა, ინკასატორების ინსტიტუტის მოსპობა, "თბილგაზს" არ ეშველება არაფერი."
"თბილგაზის" გენერალური დირექტორის ვახტანგ ცაავას მიერ "თბილგაზის" მმართველობის პრეტენდენტთა მიმართ გამოთქმულ სკეპტიციზმს, რასაკვირველია, საფუძველი აქვს. თავად ვახტანგ ცაავას სიმპათიები ყოვეთვის იხრებოდა თბილისის გაზით მომმარაგებლის - რუსულ-ამერიკული "იტერას" მხარეს. "თბილგაზი"-"იტერას" ერთობლივი საწარმოს პროექტის ჩაშლის შემდეგ, მოგვიანებით კი სატენდერო პირობების არადამაკმაყოფილებელი კვალიფიკაციის გამო, "იტერამ" ტენდერში მონაწილეობა არ ისურვა. ამის ძირითად მიზეზად "იტერას" საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თამაზ პატარიძე მმართველობაში გადაცემის ძალზე მოკლე, ათწლიან, ვადას ასახელებს.
[თამაზ პატარიძის ხმა] "გავიდა ათი წელი, ვთქვათ. რა ქნას ახლა? უნდა ჩადოს ინვესტიციები, მოიზიდოს კრედიტები, მერე უნდა იხადოს ეს ყველაფერი, ხო სწორეა, არა?! მიუღებელია, პრინციპში. ვერ გავიგეთ ჩვენ, რა უნდათ ამ ტენდერის პირობებით. სერიოზულ ინვესტორს, ვფიქრობ მე, რომელსაც აქვს თავისი ფინანსური შესაძლებლობები და ასე შემდეგ... ასეთი იყო "იტერა" და იყო "იტერა" წამალი ამისთვის დღეს." [სტილი დაცულია]
ამგვარი შერეული ინვესტორი ,"იტერას" სახით, ქართულმა მხარემ, თავის მხრივაც, არაერთხელ დაბლოკა - პირველად ორი წლის წინ გამოცხადებული ტენდერის დროს, მოგვიანებით, გასულ წელს კი, "თბილგაზი"-"იტერას" ერთობლივი საწარმოს პროექტისადმი "იტერას" ეგრეთ წოდებული მონოპოლისტური დამოკიდებულების გამო. საწარმოს საკონტროლო პაკეტი ქართულმა მხარემ "იტერას "სასარგებლოდ არ დათმო და ეს იმით ახსნა, რომ "თბილგაზი" სტრატეგიული ობიექტია. სტრატეგიულ ობიექტში დღეს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა: ვალები, ამორტიზებული ქსელები, 60-70 პროცენტის ოდენობის ტექნიკური და კომერციული დანაკარგები, ხშირი ავარიები და ასე შემდეგ.
"თბილგაზის" 96 პროცენტიანი მართვის უფლებით გამოცხადებული ტენდერის საკონკურსო პირობები, შესაბამისად, ითვალისწინებს ქსელის რეაბილიტაციას, ქსელის გაფართოებას, დავალიანების დაფარვას, გამრიცხველიანებას, გაზის ტარიფის უცვლელად შენარჩუნებას 2006 წლამდე, საწარმოს ფინანსურ გაჯანსაღებას და სხვ. ამდენად, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ტენდერში მონაწილე ქართული ორგანიზაციები კომისიამ ერთხმად დაიწუნოს და "თბილგაზი" ისევ ღვთის ანაბარა დარჩეს.
XS
SM
MD
LG