Accessibility links

logo-print

ბაღდადის დაცვას უცხოელებიც აპირებენ თავიანთი იქ ყოფნით


ერაყში ომის შემთხვევაში, არაერთი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები არიან მზად, ფარად გაუხდნენ ამ ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობას. ისინი აპირებენ, დასახლდნენ იმ შენობებში,

სადაც ყველაზე უმწეო და დაუცველი ადამიანები - ბავშვები და ქალები, ასევე, ავადმყოფები იქნებიან.

[გორშინსკის ხმა] "არ შემიძლია დავჯდე და ვუყურო ტელევიზიით, როგორ ხოცავენ ბავშვებს და ქალებს. თანაც, ეს შეერთებული შტატების სატელევიზიო შოუ იქნება. ამიტომ ჩამოვედი ერაყში დაბომბვის დაწყებამდე. აქ ვარ და, თუ გაგვიმართლა, დაბომბვა არ მოხდება. თუკი საავადმყოფოში ან ბავშვთა სახლში მოვხვდი, ძალინ კარგი იქნება. კარგი იქნება, თუკი ხალხმრავალ ადგილას მოვხვდი. მე სიკვდილს ველოდები. ბუშისა და ბრიტანეთის რაკეტები დიდი რაოდენობით ჩამოცვივდება, ხოლო ზუსტი იარაღი არასოდეს ყოფილა ასე ზუსტი, როგორც ახლა. სამოქალაქო მოსახლეობა იხოცებოდა და ახლაც დაიხოცება. თუკი ბევრი მათგანი უნდა დაიღუპოს, მეც მათ შორის ვიქნები".
ამ სიტყვების მთქმელი ჩიკაგოელი კარლ გორშინსკია - მოქალაქე, რომელიც თავის გაწირვას აპირებს, მზად არის თავისი სხეულით გადაეფაროს ერაყელებს. მის მსგავსად განწყობილი ასეულობით ადამიანი უკვე ჩავიდა ერაყში, ბევრი კი გზაშია. ისინი ერაყელებთან ერთად აპირებენ ყოფნას დაბომბვის დროს იმ იმედით, რომ მათი იქ ყოფნის გამო ამ შენობებს ცეცხლს არ დაუშენენ. ეს ადამიანები ერაყში ჩადიან, ძირითადად, შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან. მიუხედავად ამერიკის მთავრობის განცხადებისა, რომ ცოცხალი ფარის განთავსება სამხედრო დანაშაულია და საომარი მოქმედების დროს მათ ვერავინ მისცემს უსაფრთხოების გარანტიას, ისინი მაინც ჩადიან ერაყში. ახლად შექმნილ ჯგუფს, რომელიც მიზნად ისახავს ერაყს ცოცხალ ფარად ექცეს, სხვა არაერთი ქვეყნის მოქალაქეები შეეხმიანნენ. ისინიც მზად არიან სხვების გამო თავი საფრთხეში ჩაიგდონ. ამ ჯგუფის წარმომადგენლის ტორბენ ფრენკის თანახმად, სულ მოელიან 18 ათას ცოცხალ ფარს. იქვე ფრენკმა თქვა, რომ მათგან ათასამდე ადამიანი ნამდვილად მზად არის, ომის შემთხვევაში ერაყში იყოს. მისივე ინფორმაციით, ამ თავგანწირულ ადამიანებს შორის ბევრია ისეთი, ვინც საპასუხისმგებლო სამსახური მიატოვა. აღსანიშნავია ერთი რამ, ამერიკელთა და ევროპელთა შორის არ არიან სადამ ჰუსეინის მომხრეები: ისინი მხოლოდ სამოქალაქო მოსახლეობის დაცვაზე ფიქრობენ. სხვა განზრახვა აქვთ რუსეთის, უკრაინის და ბელორუსიის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ასევე ერაყში წასვლის მზადყოფნას გამოხატავენ. რუსეთის ტელევიზიით ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ომის შემთხვევაში რუსეთის ეკონომიკური ინტერესების დაცვას შეეცდება. სხვამ, ბელორუსიიდან, განაცხადა, რომ ერაყში საბრძოლველადაც კი მზად არის, თუკი ამისათვის საკმაოდ გადაუხდიან. ცოცხალი ფარის ორ მაგალითს გავიხსენებ: 1999-ში, კოსოვოს ომის დროს, ბელგრადელებმა ამ გზით იხსნეს ერთ- ერთი ხიდი თავიანთ ქალაქში ნატოს რაკეტებისგან. უფრო ადრე, 1990-ში, სადამ ჰუსეინმა 2000-მდე უცხოელი აიყვანა მძევლად და მათი საშუალებით სტრატეგიული ადგილების დაცვას აპირებდა, მაგრამ დაბომბვა როცა დაიწყო, ერაყის დიქტატორმა ისინი გაათავისუფლა.
XS
SM
MD
LG