Accessibility links

logo-print

ერაყის კრიზისი საჯილდაო ქვად იქცა უშიშროების საბჭოში, წინსვლა კომპრომისისკენ კი არ ჩანს


უშიშროების საბჭოში კომპრომისი ერაყთან დამოკიდებელებაში არ ჩანს. ორივე მხარე - ძალის გამოყენებით ერაყის სწრაფი განიარაღების მხარდამჭერიცა და ამ ქვეყნის არსენალების ინტენსიური

ინსპექციის მოსურნეც - მტკიცედ დგას თავის აზრზე. თუკი ომი გაეროს ნებართვის გარეშე დაიწყო, მისი გადაწყვეტილების ფასი დაეცემა, ხოლო თუ ომი არ დაიწყო და ინსპექცია გაიჭიმა, არც ეს არგებს ამ ორგანიზაციას.
შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა, მათთან ერთად ესპანეთმა, საკითხი ასე დაყენეს: ერაყი არ თანამშრომლობს განიარაღების ინსპექტორებთან, მისი განიარაღება ამ გზით არ შეიძლება, ამიტომ ძალა უნდა ვიხმაროთ. უშიშროების საბჭოში მათ შეიტანეს რეზოლუციის პროექტი, რომლის მიზანია გაეროს სანქციით შესაძლებელი გახადოს ომის დაწყება. ომის, ასე ვთქვათ, მომხრეთაგან ორი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია. ამ საბჭოში ვეტოს უფლება აქვს კიდევ სამ ქვეყანას, რომლებიც - განსაკუთრებით ორი მათგანი: რუსეთი და საფრანგეთი - სხვა გზას ადგანან და ერაყის არსენალების ინტენსიური შესწავლის ინიციატივით გამოდიან. ამ უფრო აქტიური უფლების მქონე სახელმწიფოთა გარდა, გაეროს ჰყავს სხვა წევრები. მათი ნაწილი უშიშროების საბჭოში მორიგეობით შედის და ვეტოს უფლებას არ ფლობს. თუმცა ორი მათგანი, ჩილე და მექსიკა, ცდილობს გაერო ჩიხიდან გამოიყვანოს და უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნოს. ჩილეს წარმომადგენელმა გაეროში გაბრიელ ვალდესმა საბჭოს ყველა 15 წევრს მოუწოდა, ხუთშაბათს ერაყის განიარაღების საერთო გზა მოძებნონ. მან უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი მოუქნელობაში დაადანაშაულა:
[ვალდესის ხმა]
"ეს საბჭოს, ფაქტობრივად, ხლეჩს, გადააქვს რა გადაწყვეტილება სხვის, არჩეული წევრების, მხრებზე, მაშინ როცა მუდმივი წევრები თავიანთ პოზიციებზე რჩებიან და არ სურთ მათი შერბილება".
უშიშროების საბჭომ ძალის გამოყენების მომხრეთა რეზოლუციის განხილვა ხუთშაბათს დაიწყო. მისმა ავტორებმა - შეერთებული შტატების წინამძღოლობით მოქმედმა კოალიციამ თავისი ჯარის განთავსება სპარსეთის ყურეში უკვე დაასრულა. ახლა ისინი ელიან საბჭოს გადაწყვეტილებას მარტის შუა რიცხვებისთვის. პარასკევს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა პეკინში განაცხადა, რომ მოსკოვი ვეტოს დაადებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც, პირდაპირ ან არაპირდაპირ, გზას უხსნის პრობლემის იარაღით მოგვარებას. ამავე დროს, ინსპექციის გაგრძლების მომხრე ქვეყნებმა გამოაცხადეს, რომ ფიქრობენ გამოიყენონ კანადის წინადადების ელემენტები. კანადის წინადადება, რომელიც საბჭოს ჯერ არ განუხილავს, ერაყის არსენალების ინსპექციას და ამის თაობაზე მოხსნებათა განრიგის მიღებასა და მარტის 28 რიცხვისთვის საბოლოო ანგარიშის წარდგენას ითვალისწინებს. 31-ში კი საბჭომ უნდა უყაროს კენჭი, შეასრულა თუ არა ერაყმა თავისი ვალდებულება. ჩილე და მექსიკა იმ ექვსი ქვეყნის რიგებშია, რომელთა დაყოლიებას, მიემხრონ რეზოლუციას, ცდილობს შეერთებული შტატები. ოთხი სახელმწიფო - სამ ინციატორთან ერთად ბულგარეთიც - მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც გასვლისთვის 9 ხმას საჭიროებს. იმ დროს, როცა საფრანგეთის და გერმანიის წარმომადგენლები აცხადებენ, კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას უმრავლესობა ემხრობაო, ბრიტანეთის ელჩი ამბობს: ინსპექტორებს არ შეუძლიათ ერაყის განიარაღება, მომავალ ინსპექციას აზრი აქვს დაკარგულიო.
არ უნდა დავივიწყოთ გაეროს სხვა წევრების აზრიც. 114 სახელმწიფოს მიმართვაში წერია, რომ გაერომ ერაყის კრიზისი მშვიდობიანი გზით უნდა მოაგვაროს, რაკი მისი პირაპირი დანიშნულებაა მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევა დედამიწაზე. თუკი საბჭო, ვაშინგტონის ზეწოლით, ძალის გამოყენებას დასთანხმდება, ეს მის ავტორიტეტს დასცემს. არის სხვა მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც, თუკი გაერო არ გასცემს ძალის გამოყენების სანქციას, საბჭოსთვის ამას გამანადგურებელი შედეგი მოჰყვება.
XS
SM
MD
LG