Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ერაყის კრიზისი, ბილიანა პლავსიჩის გასამართლება და მოახლოებული რეფერენდუმი ჩეჩნეთში - ამ საკითხებს გავაშუქებთ უცხოეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში.



იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ერაყის საკითხზე ახალი რეზოლუციის პროექტი შესთავაზეს განსახილველად გაეროს უშიშროების საბჭოს, გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" მიიჩნევს, რომ ხსენებული დოკუმენტის ღირსება მის უბრალოებაშია - უშიშროების საბჭომ უნდა შეაფასოს, შეასრულა თუ არა ერაყმა 1441-ე რეზოლუცია, რომელმაც ცალსახად მისცა ბაღდადს განიარაღების უკანასკნელი შანსი. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

"უშიშროების საბჭოს წევრთაგან არავინ აყენებს ეჭვქვეშ განიარაღების საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარის, ჰანს ბლიქსის განცხადებას იმის შესახებ, რომ ერაყის საანგარიშო მოხსენება მისი შეიარაღების შესახებ - არასრული, ხოლო გაეროს ექსპერტებთან თანამშრომლობა - არასაკმარისი იყო. ამიტომაც არაა გასაკვირი, რატომ გვიმტკიცებს ახლა საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი - არავითარი ახალი რეზოლუცია არააო საჭირო, მაშინ როცა ადრე, ერაყის საკითხზე კიდევ ერთი რეზოლუციის მიღების იდეას ემხრობოდა. საფრანგეთის, რუსეთისა და გერმანიის წინადადება ინსპექციების გაგრძელების შესახებ იმდენადვეა ჩახლართული, რამდენადაც ამერიკა-ბრიტანეთის პროექტია მარტივი. პრობლემა იმაშია, რომ საფრანგეთისა და მისი მოკავშირეების პოლიტიკა არა გაეროს გაძლიერების, ან კიდევ დესპოტური რეჟიმების განიარაღებისკენაა მიმართული, არამედ იმის წინააღმდეგ, რომ აშშ, როგორც ამ ქვეყნებს მიაჩნიათ, არნახული გავლენით სარგებლობს."

გაზეთი "მონდი" ამერიკა-საფრანგეთის ამჟამინდელ პოლიტიკურ დაპირისპირებას უკეთებს კომენტარს. სახეზეა ცხარე კამათი ერაყის გარშემო, თუმცა ორი ქვეყნის ურთიერთობა ამით არ შემოიფარგლება - აღნიშნავს გაზეთი და სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"პრესაში გამოქვეყნებული ათასნაირი ბრალდებების მიუხედავად, არავინ ლაპარაკობს ამერიკა-საფრანგეთის ურთიერთობაში მომხდარი დრამატული კრიზისის შესახებ. დღეს არაფერი ხდება იმის მსგავსი, 1956 წელს რომ იყო, როცა აშშ-მა ჩაშალა საფრანგეთის, ბრიტანეთისა და ისრაელის ერთობლივი ოპერაცია, რომელიც ეგვიპტეში ნასერის რეჟიმის წინააღმდეგ იყო მიმართული, არც იმის მსგავსი, 1966 წელს რომ მოხდა, როცა საფრანგეთი ნატოს სამხედრო სტრუქტურებიდან გავიდა. ვაშინგტონი და პარიზი განაგრძობენ არაერთ სფეროში თანამშრომლობას და, ერაყის საკითხზე აღძრული უთანხმოებების მიუხედავად, ჯორჯ ბუში სიამოვნებით ურთიერთობს ჟაკ შირაკთან, რასაც ვერ ვიტყვით მის კავშირებზე გერმანიის კანცლერ შრიოდერთან. პრობლემის არსი კი იმაშია, რომ მას შემდეგ, რაც ცივი ომი დამთავრდა, საფრანგეთმა მრავალპოლარული მსოფლიოს იდეას დაუჭირა მხარი და სურს, რომ ევროპა აშშ-ს დაუპირისპირდეს, მაგრამ ევროპა არ აპირებს, პარიზს გაჰყვეს ამ მიმართულებით. ამიტომაც შეუტია შირაკმა აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებს, რამაც ვაშინგტონის განრისხება გამოიწვია."

ბრიტანეთის გაზეთ "ტაიმსში" აღწერილია ერთ-ერთი ერაყელი პატიმრის ბედი, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე გამოცხადებული ამნისტიით გათავისუფლდა და ქურთების მიერ კონტროლირებულ ჩრდილოეთ ერაყში მოახერხა ჩასვლა. გაზეთი წერს:

"რაფატ აბდულმაჯიდ მოჰამედი 1989 წელს დააპატიმრეს იმისთვის, რომ მისი სავიზიტო ბარათი უნახეს ბრიტანეთის გაზეთ "ობსერვერის" ჯაშუშობაში ბრალდებულ კორესპონდენტს, რომელიც ერაყში, სიკვდილით დასაჯეს. მოჰამედს ფოტომაღაზია ჰქონდა და ერთხელ, ბრიტანელ ჟურნალისტს ფირი მიჰყიდა. ამნისტიის გამოცხადებამდე, როგორც აბდულმაჯიდ მოჰამედი ამბობს, ოთხასამდე პატიმარი ერთად დახვრიტეს. ყოფილი ერაყელი ტუსაღი ურჩევს ომის მოწინააღმდეგე დასავლელ დემონსტრანტებს თუნდაც ერთი დღე დაჰყონ სადამ ჰუსეინის ციხეებში".

გაზეთ "ჩიკაგო ტრიბიუნის" მიმომხილველს
დონ უიკლიფს ეჭვი ეპარება იმაში, რომ გამართლებულია თეთრი სახლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება - სამხედრო ოპერაცია დაიწყოს ერაყის წინააღმდეგ. უიკლიფი წერს, რომ თავის დროზე მხარი დაუჭირა ამერიკის სამხედრო ჩარევას ეთნიკური კონფლიქტების მოსაგვარებლად კოსოვოში, ბოსნიასა და რვანდაში, მაგრამ არ ამართლებს ვაშინგტონის პოზიციას ბაღდადის მიმართ, თუნდაც დემოკრატიული რეჟიმისთვის ერაყის მომზადება იყოს დასახული მოსალოდნელი ომის მიზნად. ამერიკელი ჟურნალისტი განაგრძობს:

ჯერ ერთი, არ მგონია წარმატებით დამთავრდეს აშშ-ის ინიციატივა. ალბათ დაემხობა სადამ ჰუსეინის რეჟიმი, მაგრამ რა მოხდება ამის შემდეგ ერაყში, ძნელი სათქმელია. გარდა ამისა, კიდევაც რომ შეეძლოს აშშ-ს დემოკრატიული რეჟიმის დამყარება, ადგილობრივი ერაყელები, შესაძლოა სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ დაირაზმონ, რაც არ იქნება გასაკვირი, თუ გავიხსენებთ 1991 წელს, როცა შეერთებულმა შტატებმა სადამ ჰუსეინის დამხობისაკენ მოუწოდა ხალხს, ხოლო როცა ერაყელები აჯანყდნენ, ამერიკის ჯარი მათ არ დაეხმარა. დაბოლოს, ბირთვული იარაღის მქონე ჩრდილოეთი კორეა გაცილებით უფრო სერიოზულ საფრთხეს უქმნის აშშ-სა და მის მოკავშირეებს, ვიდრე ერაყი, მაგრამ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ, რატომღაც ერაყის პრობლემა დაისახა თავის პრიორიტეტულ მიზნად".

გერმანიის რამდენიმე წამყვანი გაზეთი მრავალმხრივი კომენტარით გამოეხმაურა ბოსნიელ სერბთა ყოფილი პრეზიდენტის, ბილიანა პლავსიჩის გასამართლებას, ჰააგაში. ბოსნია-ჰერცეგოვინაში 90-იან წლებში ჩადენილი სამხედრო დანაშაულისთვის, გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალმა, ხუთშაბათს, 11 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა ბილიანა პლავსიჩს. როგორც გაზეთ "ველტის" მიმომხილველი კატია რიდერბუში აღნიშნავს, პლავსიჩმა, რომელიც საკუთარი ნებით წარსდგა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე და აღიარა ჩადენილი დანაშაული, თავისი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის პატარა, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. გერმანელი ჟურნალისტი დასძენს:

"ბილიანა პლავსიჩის გასამართლებით, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის რეაბილიტაცია მოხდა. მას შემდეგ, რაც 1993 წელს ეს ტრიბუნალი დაარსდა, მას მძაფრად აკრიტიკებდნენ მთელი ამ ხნის მანძილზე იმის გამო, რომ ბალკანეთის ომებში ჩადენილი მხოლოდ წვრილმანი დანაშაულების გამოძიებით იყო აქამდე დაკავებული. ხოლო პლავსიჩის გასამართლებამ უწინდელი ნდობა და ავტორიტეტი აუმაღლა საერთაშორისო ტრიბუნალს".

გაზეთი "ფრანკფურტერ ალგემაინე" ასევე მიესალმება იმ ფაქტს, რომ ბილიანა პლავსიჩი საკუთარი ნებით ჩაბარდა ჰააგის ტრიბუნალს და გულწრფელად აღიარა ჩადენილი სამხედრო დანაშაული. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"ტრიბუნალმა გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ბილიანა პლავსი 72 წლისაა, თანაც თავად გამოცხადდა მართლმსაჯულების წინაშე და სწორედ ამიტომ გამოუტანეს შედარებით ბრილი განაჩენი ესოდენ მძიმე დანაშაულისთვის. ბილიანა პლავსიჩის საქმე პატარა მაგრამ უდაოდ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია შორეული მიზნისკენ, რომ დაარსდეს გლობალური სამართლებრივი სისტემა, რომლის ძალითაც საკადრისი მიეზღვება მოუნანიებელ პოლიტიკურ დამნაშავეებს".

ბრიტანეთის ჟურნალ "ჯეინს ინტელიჯენს რევიუს" მიმომხილველი მარკ გალეოტი საკუთარ აზრს გამოთქვამს ჩეჩნეთის ახალი კონსტიტუციის თაობაზე 23 მარტისათვის დანიშნულ რეფერენდუმთან დაკავშირებით. იგი წერს:

"იმედოვნებენ, რომ ხსენებული რეფერენდუმი შესაძლებელს გახდის ჩეჩნეთში არჩევნების ჩატარებასა და "ხალხის ნდობით აღჭურვილი, კანონიერი" ადგილობრივი ხელისუფლების შექმნას. თუმცა ბევრს არარეალურად ეჩვენება ამგვარი პროგნოზი და აცხადებს, რომ ყოველივე ეს, სიმბოლური ჟესტია უბრალოდ ვითარების ნორმალიზაციის, რუსი მოსახლეობის დამშვიდებისა და ჩეჩნეთში არნახული სისასტიკით მიმდინარე "ანტიტერორისტული ოპერაციის" ლეგიტიმიზაციის მიზნით. შეშფოთება გამოითქმის იმის გამოც, რომ ათასობით ადგილნაცვალ ჩეჩენ ლტოლვილს არ მიეცემა რეფერენდუმში მონაწილეობის შესაძლებლობა, მაშინ როცა რესპუბლიკაში განთავსებული ოცი ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე ოფიციალურადაა უკვე რეგისტრირებული ხმის მისაცემად. პრეზიდენტ პუტინს კვლავაც ურყევი პოზიცია უკავია და გამორიცხავს ყოველგვარ კომპრომისს ჩეჩნეთის საკითხში. თუმცა ბატონ პუტინს ისიც კარგად მოეხსენება, რომ ომი ჩეჩნეთში არაა მოგებული, და ვერც პოლიტიკური რეფორმა მოუღებს ბოლოს ამ კონფლიქტს."
XS
SM
MD
LG