Accessibility links

logo-print

ჯორჯ ბუში ერაყის საკითხში მოკავშირეების ძიებისას საკუთარი პოლიტიკური სტილითვე ზარალდება


ერაყის კრიზისთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის პოზიცია, როგორც ცნობილია, საკმაოდ კრიტიკულ გამოხმაურებას იწვევს ვაშინგტონის ისეთ ტრადიციულ მოკავშირეებს შორისაც კი,

როგორიც გერმანია და საფრანგეთია. რა განაპირობებს ასეთ რეაქციას, ერაყის საკითხში ჯორჯ ბუშის პოლიტიკის არსი, თუ მისი გამოხატვის სტილი?

ჯორჯ ბუშს თავისი თავისთვის "დათვური სამსახური" აქვს გაწეული - ამ ფრაზით შეიძლება შეჯამდეს არაერთი მიმომხილველის მოსაზრებები ბუშის ადრინდელ მოქმედებაზე, რომლის ნაყოფს ის ახლა იმკის ტრადიციული მოკავშირეების უნდობლობისა თუ გაღიზიანების სახით. ბუშის ადრინდელ მოქმედებაში იგულისხმება რამდენიმე ცალმხრივი გადაწყვეტილება: უარი გლობალური დათბობის საკითხზე კიოტოს ისტორიული ოქმის რატიფიცირებაზე, უარი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებაზე, ბუშის ადმინისტრაციის გამოსვლა რუსეთთან ანტიბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულებიდან, მისი მისწრაფება სარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნისაკენ. როგორც თავდაცვის საკითხების ფრანგი ექსპერტი, ჟუსტინ ვესი ამბობს, პრეზიდენტი ბუში ზოგჯერ ისეთ შთაბეჭდილებას სტოვებს, თითქოს მას ამერიკელების გარდა არავინ ადარდებდეს. [ჟუსტინ ვესის ხმა]
"პრობლემა ის უფროა, როგორ იქნა უარყოფილი კიოტოს ოქმი, ან საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის იდეა. კიოტოზე უარის მიზეზად ბუშმა მოიყვანა ის, რომ პირველ რიგში ამერიკელი ხალხის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს - კი ბატონო, გასაგებია. მაგრამ გლობალური დათბობა ხომ ყველას, მთელი მსოფლიოს პრობლემაა? როცა საკითხებს ასე წყვეტ, მოკავშირეებისაგან არ უნდა მოელოდე შენი საერთაშორისო დიპლომატიისადმი კეთილგანწყობას."

ასეთ ვითარებაში ცეცხლზე ნავთის დასხმას უდრის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის წევრთა საკმაოდ მკვახე განცხადებები: დაახლოებით ერთი კვირის წინათ სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა თქვა - ერაყში ომისადმი სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს "ეშინიათ" შესაძლო ომის პასუხისმგებლობისო. თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი კი, საერთოდ, დიდი ყურადღების ღირსად არ მიიჩნევს ზოგიერთ ევროპელ მოკავშირესთან უთანხმოებას. ამ მოკავშირეებს შორის პირველ რიგში გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობები უნდა დასახელდეს, თუმცა ბუშის კურსისადმი უარყოფითი დამოკიდებულება რიგით მოქალაქეებშიც საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული.

როგორც ჩვენი რადიოს ვაშინგტონელ თანამშრომელთან, ენდრიუ ტალისთან საუბარში ფრანგმა მკვლევარმა ჟუსტინ ვესმა აღნიშნა, ბუშს მხარდაჭერის მოპოვებას უძნელებს ის გარემოებაც, რომ ევროპელები ამერიკელი პრეზიდენტების სხვაგვარ მოქმედებას არიან მიჩვეული. ჯორჯ ბუშის უშუალო წინამორბედი, ბილ კლინტონი ყოველთვის ცდილობდა, რიგიანად გარკვეულიყო ამა თუ იმ საკითხისადმი ევროპელი კოლეგების დამოკიდებულებაში. ხოლო ჯორჯ ბუშის მამამ, უფროსმა ჯორჯ ბუშმა, რომელიც 1989-93 წლებში იყო აშშ-ის პრეზიდენტი, საუცხოოდ გაართვა თავი რთულ დიპლომატიურ ამოცანას, შემოეკრიბა ევროპელი, ახლოაღმოსავლელი და აზიელი მოკავშირეები 1991 წელს ქუვეითიდან ერაყის ჯარების გასადევნად.

რაც შეეხება ამჟამინდელ პრეზიდენტს: [ჟუსტინ ვესის ხმა]
"ჯორჯ ბუშის შემთხვევაში საქმე ცოტა სხვაგვარად არის. მას, როგორც ჩანს, დიდად არ მოსწონს ამგვარი დიპლომატია და სატელეფონო საუბრებს, შორიდან დიპლომატიას ანიჭებს უპირატესობას. მოკლედ, ლაპარაკია განსხვავებულ სტილზე, რომელიც, ბუნებრივია ხელს არ უწყობს ურთიერთგაგებას".
ამბობს ჟუსტინ ვესი. ომისათვის მხარდაჭერის მოპოვება ადვილი არასოდეს ყოფილა, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც ომის ტრავმა გადატანილი აქვთ და კარგად ახსოვთ - მაგალითად გამოდგება ერაყში ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთ-ერთი მთავარი მომხრე, გერმანია. მაგრამ ჯორჯ ბუში კიდევ უფრო ირთულებს საქმეს: როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ამერიკელი ექსპერტი თომას კეროთერსი ამბობს, პრეზიდენტი ზოგჯერ ისეთ შთაბეჭდილებას სტოვებს, თითქოს ყურს არ უგდებდეს, რას ამბობენ სხვა ქვეყნების ლიდერები:[თომას კეროთერსის ხმა] "გექმნება შთაბეჭდილება, რომ ბუშს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება და კონსულტაციებს კი არ ატარებს, არამედ მოკავშირეებს, უბრალოდ, ეუბნება, რაც უკვე გადაწყვეტილი აქვს. არადა თანამოსაუბრეს უნდა აგრძნობინო, რომ მას ყურს უგდებ. ბუში მათ უნდა ეუბნებოდეს "ამ საკითხზე დიდხანს ვიფიქრე. აი მიზეზები, რომელთა გამო ამის და ამის გაკეთება გვმართებს." სინამდვილეში ბუში არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ანგარიშს უწევდეს თანამოსაუბრის აზრს".

ბოლოს ისიც უნდა ითქვას, რომ ვაშინგტონს ერთ ევროპელ მოკავშირესთან, საფრანგეთთან მაინც მოუწევს ტონის შერბილება - საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, ასე რომ უფლება აქვს, ვეტო დაადოს საბჭოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მათ შორის რეზოლუციას ერაყის შესახებ.
XS
SM
MD
LG