Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისის ხეობაში ისევ ისვრიან


თამარ ჩიქოვანი, თბილისი შაბათს, გამთენიისას, პანკისის ხეობაში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს შინაგანი ჯარის საპატრულო ავტომანქანას. გავრცელებული ცნობებით, სოფლებს

- ჯოყოლასა და ბირკიანს შორის ოთხმა თავდამსხმელმა ავტომატის ჯერით საპატრულო მანქანას საბურავები დაუცხრილა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის.

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის ახალი ფაზის ჩატარების იდეა კარგა ხანია არსებობს. რეალურად, ოფიციალური თბილისი აცხადებდა, რომ შარშანდელი ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, პანკისის ხეობა ჩეჩენი საველე მეთაურებისა და მათი რაზმებისგან გაიწმინდა, მაგრამ ხეობაში დარჩნენ კრიმინალური ელემენტები, რომლებიც პერიოდულად კვლავ პრობლემებს უქმნიან ცენტრალურ ხელისუფლებას. და არა მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებას - აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში თავის ერთ-ერთ ბოლო წერილში ქართველ კოლეგას პანკისის ხეობაში წესრიგის საბოლოო დამყარების რჩევას აძლევდა. შესაბამისად, ედუარდ შევარდნაძეს ამ რჩევის გათვალისწინება მოუხდა, რაც გამოიხატა პარასკევს გამართულ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, 3 მარტიდან პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული და ანტიკრიმინალური ოპერაციის მორიგი ფაზა დაიწყება. თავად პრეზიდენტის განმარტებით, ახლანდელი ამოცანები განსხვავებულია მანამდე ჩატარებული სპეცღონისძიებებისგან:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "წელს მთვარი მიზანი იქნება პანკისის ხეობაში სტაბილურობის შენარჩუნება და ჩეჩნეთიდან თუ სხვა საზღვარგარეთული რეგიონებიდან საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებულ ფორმირებათა ხელახალი შემოღწევის ყოველგვარი მცდელობის ჩანასახშივე აღკვეთა. ამავე დროს, პანკისში კვლავ იმალებიან სხვადასხვა კუთხიდან გაქცეული ძებნილი დამნაშავეები, ნარკოტიკებით მოვაჭრენი და ადამიანთა გამტაცებლები, - მართალია, შეიძლება ლაპარაკია არა იმ რაოდენობაზე, რომელიც ადრე იყო, -თუმცა, შინაგანი ჯარებისა და პოლიციის ძალისხმევით, ისინი თავსუფლად ვეღარ დასეირნობენ სოფლებში."
პრეზიდენტის ამ ბოლო მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებს შაბათს, გამთენიისას, პანკისის ხეობაში შინაგანი ჯარის საპატრულო ავტომანქანისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტი. საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ცნობებით, შინაგანი ჯარის სარდალი გია შარვაშიძე აცხადებს, რომ თავდამსხმელებს დამიზნებით არ უსვრიათ - ასე რომ ექნათ, ინციდენტი მძიმე შედეგებით დასრულდებოდა. შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ინციდენტი შინაგანი ჯარის დაშინებას ისახავდა მიზნად. შეგახსენებთ, პანკისში ანტიტერორისტული ოპერაციის პირველი ფაზა საკმაოდ მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. შეტაკებებს ადგილი თითქმის არ ჰქონია, თითებზე ჩამოსათვლელი შემთხვევების გარდა. ყველაზე მეტად ერთი შემთხვევა გახმაურდა, რომლის დროს დაჭრილი ჩეჩენი მებრძოლი მოულოდნელად გაუჩინარდა ახმეტის საავადმყოფოდან. ამჯერად დაკავებულია ორი ადამიანი - ეროვნებით ჩეჩნები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან შინაგანი ჯარის საპატრულო ავტომანქანაზე თავდასხმაში.
XS
SM
MD
LG