Accessibility links

ოპოზიციამ დენი გაგვიიაფა და ხელფასები მოგვიმატა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული კვირის ბოლო რამდენიმე ეკონომიკური სკანდალით აღინიშნა. საზოგადოების ყურადღების ცენტრში კვლავ რჩებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი, ენერგეტიკის სფერო და

საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ მიღებული გახმაურებული გადაწყვეტილება.

საინტერესოა, რომ ყველა თუ არა, მეტი წილი ამ მოვლენებისა, მეტ-ნაკლებად, პოლიტიზირებული იყო და ქართული რეალობისათვის დამახასიათებელი წინასაარჩევნო კონიუნქტურის ნიშნებს ატარებდა.

კვირის ბოლოს "ენერგეტიკულმა მღელვარებამ" პიკს მიაღწია. 1 მარტიდან საქართველოში ელექტროენერგიის ახალი ტარიფი ამოქმედდა. საახალწლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დონორებმა იმთავითვე გამოხატეს შეშფოთება. მიუხედავად სასამართლო ვერდიქტისა, ბევრს მაინც არ სჯეროდა, რომ ლეიბორისტული პარტიის ინიციატივას ახდენა ეწერა, თუმცა, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის 11 თებერვლის დადგენილებით, ელექტოენერგიის ტარიფი თბილისში, 13,7 თეთრის ნაცვლად, 12,15 თეთრით, ხოლო რაიონებში, 8 თეთრის ნაცვლად, 6,4 თეთრით განისაზღვრა.

საბოლოოდ, დღეს შალვა ნათელაშვილი გამარჯვებას ზეიმობს და საქართველოს მოსახლეობისათვის 30-40 მილიონი ლარის ჩუქებით თავი მოაქვს, ენერგეტიკოსები აღშფოთებულები არიან და საპროტესტო აქციებით იმუქრებიან, დონორები შეშფოთებას ვერ მალავენ და საქართველოსათვის დახმარების პროგრამებს ეჭვქვეშ აყენებენ.

საინტერესოა, რომ ყველაფერი ეს მიმდინარეობდა ამერიკულ კომპანია "ეი-ი-ეს თელასსა" და საქართველოს მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმების დარღვევის ფონზე. 28 თებერვალს საგზაო ფონდის მიმართ 600 000 ლარის ოდენობის დავალიანების გამო დააყადაღეს "ეი-ი-ესის" ანგარიში TBC ბანკში. არადა, წინა დღეს სახელმწიფო მინისტრთან თბილისის ენერგოგამანაწილებელ კომპანიასა და მთავრობას შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მიმდინარე დავალიანებისა და გადასახადების გამო "ეი-ი-ესის" ანგარიში არ უნდა დაეყადაღებინათ.

"ეი-ი-ეს თელასი" მიმდინარე დავალიანებისა და გადასახადების გადავადებას ითხოვდა, რათა სომხეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი განეხორციელებინა. კომპანიის ხელმძღვანელები აცხადებდნენ, რომ გადასახადების გადახდის შემთხვევაში კომპანია ელექტროენერგიის იმპორტს ვერ განახორციელებდა, რის გამოც დედაქალაქი კვლავ ენერგოკრიზისში აღმოჩნდებოდა.

ანგარიშების დაყადაღებიდან რამდენიმე წუთში, სახელმწიფო კანცელარიაში გამართული საგანგებო თათბირის შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ "ეი-ი-ეს თელასის" ანგარიშის დაყადაღება მხოლოდ ტექნიკური შეცდომა იყო. ამის შემდეგ კომპანიის ანგარიშს ყადაღა მყისიერად მოეხსნა. ამით ეს ლოკალური პრობლემა დროებით მოგვარდა. თუმცა ამერიკული კომპანია ტარიფთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ აპირებს და ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოთი იმუქრება, სადაც ცოტა ხნის წინ წინასწარი კონსულტაციები უკვე გამართეს "ეი-ი-ეს თელასის" მენეჯერებმა. ლონდონის არბიტრაჟი სრულიადაც არ აშინებს ლეიბორისტების ლიდერს, რომელსაც ამერიკული კომპანიისათვის კიდევ დამატებითი პრობლემების შექმნის იმედი აქვს.

თავის მხრივ, "სახელმწიფო ელექტროსისტემამ" და "ენგურჰესმა" საოლქო სასამართლოში გააპროტესტეს სემეკ-ის დადგენილება და სარჩელის შეტანამდე ახალი ტარიფის ამოქმედების შეჩერება მოითხოვეს, რაც საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ენერგეტიკოსებს ამჟამად უზენაესი სასამართლოს იმედი აქთ, თუმცა მანამდე შემცირებული ტარიფი უკვე ძალაშია შესული.

ტარიფის შემცირების, ერთი შეხედვით, კეთილშობილური აქცია შეიძლება ძვირად დაუჯდეს სახელმწიფოს და ისედაც კრახის პირას მისული ენერგოსექტორი, შესაძლოა, სრულ პარალიზებამდე და გლობალურ კატასროფამდე მიიყვანოს.

ენერგოსექტორი, რომელიც დღევანდელი ქართული რეალობის ყველაზე სახიერი პროტოტიპია, ენერგომაფიის, პოლიტიკური კონიუნქტურისა და სრული განუკითხაობის წყალობით, კიდევ ერთხელ მოექცა საერთაშორისო დონორების ყუარადღების ცენტრში. თბილისში ორკვირიან ვიზიტად მყოფმა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჩამოსვლისთანავე გამოხატა თავისი უკმაყოფილება ამ გადაწყვეტილებით. ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის დადგენილებით, სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა ის ინვესტიციები, რომლებიც ამ სფეროს რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა. "დონორები უარს აცხადებენ დაფინანსებაზე და ეს მოხდა იმის გამო, რომ ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ზეწოლა მოახდინეს სემეკის გადაწყვეტილებაზე. ეს პროცესები არა მარტო ენერგეტიკის, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის შერყევას გამოიწვევს," - აცხადებს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა, რომელიც ამ შემთხვევაში თავის კოლეგებთან სოლიდარულია.

ენგურჰესზე დაწყებული ევრობანკის 22 მლნ. ლარიანი პროგრამა ტარიფის ამ დონეზე შენარჩუნების პირობებში ჩაიშლება, რაც, ენერგოწყვდიადის გარდა, გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი შეიძლება გახდეს. იგივე ბედი ელის სხვა ენერგოობიექტებსაც, რომელთა მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საფასურში იმთავითვე გათვალისწინებული იყო კრედიტების და ინვესტიციების ამოღების ნიხრი. ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულებები პარლამენტის მიერ იყო რატიფიცირებული და მისი იგნორირება სემეკის მიერ შეიძლება იურიდიული სკანდალის მიზეზი გახდეს.

ენერგეტიკოსები პოპულიზმს უწოდებენ ლეიბორისტების ამჟამინდელი ზარ-ზეიმის საბაბს და აცხადებენ, რომ თუ ნათელაშვილმა მოსახლეობას ვითომ 30 მილიონი ლარი დაუზოგა, სინამდვილეში ეს ენერგეტიკას შეიძლება მილიარდები დაუჯდეს.

პოლიტიკოსები ტარიფის შემცირებას მოსახლეობაზე ზრუნვით ხსნიან, მაგრამ ეკონომიკური გათვლების გარეშე მიღებული გადაწყვეტილებით შეიძლება იმგვარი მდგომარეობა შეიქმნას, როდესაც საქონელი, ანუ დენი, იაფია, მაგრამ იგი ფიზიკურად არ არის.

2003 წლის ბიუჯეტის კანონის განხილვისას "თემატური უმრავლესობის" მიერ ჩაგდებულ "გაერთიანებული დემოკრატების" ინიციატივას მინიმალური ხელფასის სასიცოცხლო მინიმუმთან გათანაბრების თაობაზე, გასულ კვირაში გაგრძელება მოჰყვა. ბიუჯეტით გაწბილებულმა ჟვანიას გუნდმა თემის განვითარება სხვა მიმართულებით მოახერხა და, ასევე "თემატური კოალიციის" დარაზმვით, 90 ხმით "შრომის კანონთა კოდექსში" ცვლილების მიღება შეძლო.

1 ივნისიდან საქართველოში მინიმალური ხელფასი 115 ლარი უნდა გახდეს. სახელისუფლებო ფრაქციების წაყრუებით და აღორძინებასთან გარიგებით, "დემოკრატებმა" წარმატებას მიაღწიეს და ახლა ისინი, ლეიბორისტების მსგავსად, ამ გამარჯვებას ზეიმობენ. ამასობაში, ხელისუფლება "გაერთიანებული დემოკრატების" ინიციატივას პოლიტიკურ შანტაჟს და ეკონომიკურად გაუაზრებელ ნაბიჯს უწოდებს. ფინანსთა სამინისტრო კი ამ ვალდებულების შესრულების პასუხისმგებლობას გაურბის. ჯერჯერობით უცნობია ამ გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიცია, თუმცა ძნელი გასათვლელი არ არის, რომ ისედაც წლობით ნაგროვები ასობით მილიონი ლარის დავალიანების გაყინვის პირობებში, უსუსური მთავრობა ამ ვალდებულებას ვერანაირად ვერ შეასრულებს. სხვათა შორის, თავისი ინიციატივის რეალიზაციისა არც "დემოკრატებს " სჯერათ, უფრო მეტიც, მიხეილ მაჭავარიანი არათუ 115 ლარის, ხელისუფლების მიერ შეპირებული 35 ლარიანი მატების განხორციელებასაც არარეალურად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG