Accessibility links

logo-print

ლეიბორისტული პარტია ტარიფების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს


1 მარტიდან ძალაში შედის ლეიბორისტული (შრომის) პარტიის ძალისხმევით შემცირებული ელექტროენერგიის ტარიფი. პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიღწეულით სულაც არაა კმაყოფილი და,

ტარიფის კიდევ შემცირების მოთხოვნით, ახალ სარჩელს ამზადებს. პარტიის მეორე ლიდერი ფრიდონ ინჯია კი კავშირგაბმულობის ტარიფების მეორე ფრონტზე ბრძოლას იწყებს. მან საოლქო სასამართლოში სატელეკომუნიკაციო კომპანია „ახალ ქსელებს" უჩივლა.

ლეიბორისტთა ლიდერის შალვა ნათელაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოში გამარჯვებამ, ხელისუფლებისა და ენერგოსექტორის გარდა, ლეიბორისტული პარტიის პარტნიორი ნაციონალური მოძრაობაც შეაწუხა. საქმე ისაა, რომ ამ მოძრაობის ლიდერები ეი-ი-ეს თელასის ლობირებაში არიან შემჩნეულნი. მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილი კი ეი-ი-ესს საქართველოში შემოსვლისას იურიდიულ მომსახურებას უწევდა. ამჟამად რა კავშირია ოქრუაშვილსა და თელასს შორის, ძნელი სათქმელია, ის კი ცხადია, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დენის ტარიფის შემცირებით უკმაყოფილებას ვერ ფარავს.

ტელეარხ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში სააკაშვილმა ნათელაშვილს ნიშნის მოგებით შეახსენა, რომ ტარიფებთან მებრძოლი პარტიის წევრის ფრიდონ ინჯიას კომპანია „ახალმა ქსელებმა" მოსახლეობას სატელეფონო ტარიფი გაუორმაგა.

"ახალი ქსელების" დამფუძნებელთა შორის, მართლაც, მრავლად არიან ლეიბორისტთა ერთ-ერთი ლიდერის ფრიდონ ინჯიას ნათესავები. ეს კომპანია კავშირგაბმულობის მინისტრად ინჯიას ყოფნის დროს შეიქმნა და ბოლო დრომდე, ფაქტობრივად, ერთადერთი კერძო სატელეფონო ოპერატორი იყო. თუ ინჯიას მმართველობის პერიოდსა და სტილს გავიხსენებთ, ნაკლებად სავარაუდოა მისი თანხმობის გარეშე სატელეფონო სექტორში დამოუკიდებელ კომპანიას აედგა ფეხი. უფრო მეტიც, ინჯიას ყოფილი პარტნიორი, ტელეკომპანია „იბერიას" ყოფილი დირექტორი კახა გაგლოშვილი ამტკიცებს, რომ „ახალი ქსელების" პრეზიდენტი ავთანდილ იაშვილი პირადად ფრიდონ ინჯიას ემორჩილება:

[გაგლოშვილის ხმა] „ავთანდილ იაშვილი, ყოველდღე თუ არა, 2 დღეში ერთხელ დაბრძანდებოდა ინსტიტუტ "ეგრისში", სადაც იყო მთავარი ცენტრალური ოფისი ბატონ ფრიდონ ინჯიასი და ფინანსურ ანგარიშებს აბარებდა ფრიდონ ინჯიას "ახალი ქსელების" საქმიანობასთან დაკავშირებით. მე, როგორც დღეს გადავამოწმე, ეჭვი ნამდვილად არ შემპარვია, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ასეც გრძელდება. სარწმუნო წყაროს ცნობით, აქ არავითარი ცვლილება არ მომხდარა."[სტილი დაცულია]


მიუხედავად ამისა, სააკაშვილის შენიშვნიდან ორიოდე დღის შემდეგ ფრიდონ ინჯიამ საოლქო სასამართლოში სატელეკომუნიკაციო კომპანია „ახალი ქსელების" წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

მე შევეცადე სარჩელის ავტორს დავკავშირებოდი, თუმცა - უშედეგოდ. ფრიდონ ინჯიას პირად მობილურ ტელეფონზე სულ სხვა პიროვნება იძლეოდა პასუხს, პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა კი განმიცხადა: ინჯია ჟურნალისტებს გაურბის და მე სატელეფონო კომპანიების არაფერი გამეგებაო. ამიტომ მხოლოდ კახა გაგლოშვილისეულ კომენტარს შემოგთავაზებთ ტარიფის გაზრდის მიზეზებისა და ინჯიას ნაბიჯების შესახებ:

[გაგლოშვილის ხმა] „ეს არის წინასაარჩევნო ფინანსური ოპერაცია, რომელიც გააკეთა ბატონმა ფრიდონ ინჯიამ ლეიბორისტული პარტიისთვის. მოგეხსენებათ, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი საყრდენი და ფინანსური წყარო - ეს არის ფრიდონ ინჯია."

რაც შეეხება თავად „ახალი ქსელების" ფინანსურ მდგომარეობას, იგი კომერციულ საიდუმლოს წარმოადგენს. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ზოგადი ცნობით კი, კომპანიის გაზრდილი ხარჯები ტარიფის ზრდას მოითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ "ახალი ქსელების" ფიქსირებული სატელეფონო გადასახადი ყოველთვიურად 1 ლარს შეადგენდა, მომავალში კი მის ასიათასობით მომხმარებელს 2 ლარის გადახდა მოუწევს.
ეს ორჯერ ნაკლებია, ვიდრე სახელმწიფო კომპანია "ელექტროკავშირის" სააბონენტო ტარიფი, თუმცა „ახალი ქსელების" აბონენტები წუთობრივ გადასახადსაც იხდიან 2 თეთრის ოდენობით, რაც გაცილებით ზრდის შემოსავლებს, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, „ახალი ქსელები" ფინანსურ სირთულეებს განიცდიდეს. ეს იქიდანაცაა ნათელი, რომ კომპანია საკუთარი ინვესტიციების მეშვეობით სულ უფრო მეტ ახალ სატელეფონო სადგურს უშვებს ექსპლოატაციაში. კახა გაგლოშვილი ტარიფის მატებას მხოლოდ ლეიბორისტული პარტიიის საჭიროებებით ხსნის და ამტკიცებს, რომ ინჯიას სარჩელი საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის ტოლფასია:

[გაგლოშვილის ხმა] „წელიწად-ნახევარი და ორი წელიწადი გრძელდება სასამართლო პროცესები, ძალიან კარგად მოგეხსენებათ. როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს პროცესი, უბრალოდ, ჩატარებული იქნება საპარლამენტო არჩევნები და ეს გათვლა, ეს ფინანსური ოპერაცია ზუსტად საპარლამენტო არჩევნებზეა გათვლილი, თორემ შემდეგ, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს სასამართლო პროცესი, ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება. ასე რომ, ლეიბორისტული პარტია მაინც მიიღებს იმ ფინანსებს, რაც მას საპარლამენტო არჩევნებისთვის სჭირდება." [სტილი დაცულია]
XS
SM
MD
LG