Accessibility links

logo-print

ქართული პრესის ყურადღების ცენტრში კვლავ პანკისის ხეობა მოექცა: კვირის ბოლოს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ქართული პრესის ყურადღების ცენტრში კვლავ პანკისის ხეობა მოექცა: კვირის ბოლოს გამართულ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 3 მარტიდან პანკისის ხეობაში

სპეცოპერაციის ახალი ეტაპი დაიწყება. 1 მარტის "მთავარი გაზეთის" ცნობით, გასულ წელს პანკისში განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ დამატებითი ღონისძიებების ჩატარება იმის გამო გახდა აუცილებელი, რომ ექსპერტებმა გაზაფხულამდე კარგა ხნით ადრე პანკისის ხეობაში თოვლის დადნობისას სიტუაციის გამწვავების პროგნოზირება დაიწყეს. ამას დაემატა საქართველოს ძალოვანი უწყებების მიერ მოპოვებული ინფორმაცია ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევისა და მისი რაზმის ხეობაში შესაძლო გადმოსვლაზე.
გაზეთის ცნობით, ოფიციალური განცხადებების მიუხედავად, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მესამე ფაზაში ძირითადი დატვირთვა თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს ექნებათ. ჯერ კიდევ ორი თვის წინ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ანტიტერორისტულ ოპერაციაში აქტიურად ჩაერთვება თავდაცვის სამინისტროს ბატალიონი კომანდოსი, რომელიც "წვრთნისა და აღჭურვის" ამერიკული ანტიტერორისტული პროგრამით მოამზადეს. "მთავარი გაზეთი" მკითხველს შეახსენებს, რომ ბატალიონი კომანდოსი ერთადერთია, რომელსაც შეუძლია დაგეგმოს და ჩაატაროს მცირე და საშუალო ზომის ანტიტერორისტული ოპერაციები როგორც დასახლებულ ადგილებში, ასევე ტყიან მასივებში.
გარდა ამისა:


ექსპერტთა ვარაუდით, რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის წინ უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის მესამე ეტაპის დაწყების თაობაზე შემთხვევითი არ არის. ამ მოვლენას ისინი იმით ხსნიან, რომ პირისპირ შეხვედრის დროს საქართველოს პრეზიდენტს სურს უფრო დიდი ყურადღება დაუთმოს აფხაზეთის პრობლემატიკას და ნაკლები დრო დახარჯოს პანკისის პრობლემაზე სასაუბროდ. პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრამდე სამი დღით ადრე პანკისის ხეობაში დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაციის მესამე ფაზა არ მისცემს რუსეთის პრეზიდენტს მწვავე განცხადებების გაკეთებისა და მთავარი თემებიდან პანკისის პრობლემაზე ყურადღების გადატანის საშუალებას.



სენსაციურ მასალას ბეჭდავს 28 თებერვლის გაზეთი "24 საათი", რომელიც, ექსკლუზიური უფლებით, პირველად სთავაზობს მკითხველს ცნობილი საველე მეთაურის, დღეს იჩქერიის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის რუსლან გელაევისა და მისი რაზმის ბაზირებისა და ბრძოლის ამსახველ ფოტოებს. ფოტოები პანკისისა და კოდორის ხეობებში 2001 წლის ივნის-დეკემბრის პერიოდშია გადაღებული. ფოტოების ავტორია გამაჰმადიანებული იაპონელი კოსუკე ცუნეოკა - ერთადერთი ჟურნალისტი, რომელსაც გელაევმა 2001 წლის ივლისში პანკისიდან კოდორში გახმაურებულ გასაიდუმლოებულ გადასვლაში მონაწილეობის უფლება მისცა. იაპონელი ჟურნალისტის ჩანაწერების საფუძველზე, გაზეთი დაასკვნის, რომ გელაევისა და მისი რაზმის კოდორის ხეობაში გადაყვანის გადაწყვეტილება ხელისუფლების ვიწრო წრეში იყო მიღებული. ამავე საკითხს ეხება ასევე გაზეთ " 24 საათში" გამოქვეყნებული ინტერვიუ კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულ ემზარ კვიციანთან. ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ იდგა გელაევის კოდორის ხეობაში გადასროლის ოპერაციის უკან, ემზარ კვიციანი აცხადებს:

"რაც მაშინ მოხდა, მთელმა ქვეყანამ იცის. როგორც სარწმუნო წყაროებიდან შევიტყვე, ეს იყო რუშაილოს და საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის კახა თარგამაძის საიდუმლოდ დაგეგმილი ოპერაცია, რომელიც თარგამაძემ და მისმა ზოგიერთმა კოლეგამ შეასრულა. გელაევის რაზმი ჩუმად გადაიყვანეს ზუგდიდში და ისეთ ვითარებაში დატოვეს, რომ ომი რეალურად მოსალოდნელი იყო. სავსებით შესაძლებელი იყო, რომ რუსები და ჩეჩნები ერთმანეთს დაჯახებოდნენ და მთელი სამეგრელო დაებომბათ. სწორედ ასეთ ვითარებაში დამევალა მათი იქიდან გაყვანა, რაც შევასრულე კიდეც...არავინ სოხუმს არ აიღებდა. მათ მხოლოდ ერთი რამ სჭირდებოდათ - თარგამაძისთვის მიეტანათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იმყოფებოდა გელაევის ჯგუფი. თარგამაძე ამას რუსეთის მხარეს, რუშაილოს, გადასცემდა და ისინიც საბრძოლველად მზად იყვნენ. დაბომბავდნენ და ამოხოცავდნენ გელაევის ჯგუფს. ამის დასტურია ის დაბომბვა, რომელიც ოქტომბერში კოდორის ზედა ნაწილებში მოხდა. საბრძოლო თვითმფრინავებით მათ არა მხოლოდ ჩეჩნების განადგურება, არამედ ამ საქმეში კოდორის ჩათრევა და კოდორელების განადგურებაც უნდოდათ."




28 თებერვლის გაზეთ " ხვალინდელი დღის" ცნობით, ვაჰაბიზმის მეტასტაზებმა უკვე გურიაშიც იჩინა თავი. საუბარია ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზოტზე, სადაც მეცხრამეტე საუკუნეში აჭარიდან გადაყვანილი მოსახლეობა ცხოვრობს. დღეს მათ თავი უკვე გურულებად მიაჩნიათ, თუმცა მაჰმადიანები არიან. გაზეთი წერს, ზოტელები მშვიდად ცხოვრობდნენ, სანამ სამი წლის წინათ ზოტში ვაჰაბისტები არ გამოჩნდნენო. მათ ადვილად გადაიბირეს ახალგაზრდები, სოფელში ახალი მეჩეთიც ააშენეს. როგორც საქმეში ჩახედულებმა აუხსნეს გაზეთ "ხვალინდელ დღეს", ზოტი ქართველ მუსულმანთა ვაჰაბიტურ კერად შემთხვევით არ შეირჩა. გეოგრაფიული მდებარეობის გამო მას განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება: ზოტის ზემოთ იწყება საზაფხულო იალაღები, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები ზოტიმერიას უწოდებენ. შემდეგ მოდის პატარა დასახლებული სოფელი ყელა. აქ მოხვედრილ კაცს საქართველოს ოთხივე კუთხით გზა ხსნილი აქვს. რამდენად სერიოზული ხასიათი შეიძლება მიიღოს ჩოხატაურის რაიონში ვაჰაბიტური კერის წარმოქმნამ, წინასწარ ამის განჭვრეტა ძნელია. კომპეტენტური წყაროების მტკიცებით, თუ სახელმწიფომ დროულად არ მიიღო გადამჭრელი ზომები, გუბაზოულის ხეობა შეიძლება მეორე პანკისის ხეობად გადაიქცეს. კარგად ინფორმირებულმა პირმა, რომელიც საკუთარი ვინაობის გამჟღავნებას თავს არიდებს, გაზეთ "ხვალინდელ დღეს" განუცხადა:

"ზოტში ვაჰაბიზმის გავრცელების სახით სახელმწიფოს სერიოზული გართულებები ელის. შეიძლება ვინმემ იფიქროს, თუკი დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რატომ არ აქვს ვაჰაბიზმს თუნდაც ერთ სოფელში ფეხის მოკიდების უფლებაო? მაგრამ, დამერწმუნეთ, ასეთ კითხვას მხოლოდ ისეთი ადამიანი დასვამს, ვინც ზედაპირულად ერკვევა ამ საკითხში. ვაჰაბიზმი ზოტში დღეს ჩანასახოვან მდგომარეობაშია. ამდენად, მისგან მომავალ საშიშროებას ბევრი ვერ აღიქვამს.მაგრამ მე, როგორც ექსპერტი, ვამტკიცებ, რომ პანკისის ხეობის პრობლემა სახელმწიფოს მაშინაც ექნებოდა, გვერდით ჩეჩნეთიც რომ არ არსებულიყო. კავკასიაში ვაჰაბიზმის გავრცელების საქმეში ჩეჩნეთმა გარკვეული, მაგრამ არამთავარი როლი ითამაშა. სინამდვილეში აქ პირველ ვიოლინოს "ზვიგენი" სახელმწიფოები უკრავენ. მოდი, ახლა ქვეყნებს ნუ დავასახელებთ, ისედაც მიხვდება მკითხველი. ამ ქვეყნებს ძალიანაც აწყობთ, რომ რუსეთის საზღვრებთან ახლოს მუდმივი დაძაბულობა არსებობდეს. ამ ქვეყნებს ჩვენ მეგობრებად მივიჩნევთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მათთვის ჩვენ მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება ვართ. ახლა დავუბრუნდეთ ვაჰაბიზმის გავრცელებას ქვეყანაში: პანკისი მთლიანად ჩათრეულია ამ ჭაობში; ზოტში უახლოეს მომავალში შემოვლენ არაბები, რომელთა საშუალებითაც აქ ფულიც გაჩნდება და იარაღიც. სახელმწიფოს ამ პროცესების მართვა არ შეუძლია. რამე რომ მართო, ფული და პროფესიონალი კადრები გვჭირდება. ჩვენ არც ერთი გვაქვს და არც მეორე. ასე რომ, ვაჰაბიტები აუცილებლად შეეცდებიან ზოტის იზოლირებას. ამას ხეობის ადგილმდებარეობაც შეუწყობს ხელს: ზოტის მისადგომების დაკეტვა რამდენიმე შეიარაღებულ კაცს ისე შეუძლია, რომ მთელი ქართული არმია ვერაფერს დააკლებს."
XS
SM
MD
LG