Accessibility links

logo-print

"ჩვენს დროში, როდესაც თავად ზოგიერთი


"ჩვენს დროში, როდესაც თავად ზოგიერთი

მშვენიერი ქალბატონი მიისწრაფვის გარეგნობის ნიველირებისკენ, სტანდარტიზაციისკენ, როდესაც მოდა, ქირურგიული ჩარევა, ცხოვრებისეული სიდუხჭირე საფრთხეს უქმნის ეროვნული საუნჯის შემადგენელ ნაწილს - ქართულ მშვენიერებას, გამოფენა "მშვენიერი ქართველი ქალი" ესთეტიკური ტკბობის გარდა, სხვა, ღრმა, სამომავლოდ გათვლილ დანიშნულებასაც იძენს."

ეს არის ნაწყვეტი ხელოვნებათმცოდნისა და მხატვრის, ნინო ზაალიშვილის, ტექსტიდან, რომელიც დაბეჭდილია "ომეგა-ჯგუფის" მიერ დაბეჭდილ კატალოგში "მშვენიერი ქართველი ქალი". თუმცა ამ გამოცემას მხოლოდ ფორმალურად შეიძლება ეწოდოს "კატალოგი"... ფაქტობრივად, ესაა საუცხოოდ დაბეჭდილი პატარა წიგნი, რომელშიც მეცხრამეტე, მეოცე საუკუნეების ქართულ ფერწერაში შექმნილი ქალის 30 პორტრეტია ჩართული. "მშვენიერი ქართველი ქალი" ერთ-ერთი "ილუსტრაციაა" "ომეგა-ჯგუფის" მიერ გასულ წელს განხორციელებული პროექტისა, რომელიც აერთიანებს გამოფენებს - "მეუღლე - მხატვრის შთაგონება", "თამარ ციციშვილი - მხატვართა მუზა".

დღეს სახელმწიფო და კერძო გამომცემლობების მესვეურები ქართული ხელოვნების მიმართ ყურადღებით ნამდვილად ვერ დაიტრაბახებენ. გამომცემლები ამას ფინანსური პრობლემებით ხსნიან - ხარისხიანად დაბეჭდილი ალბომები დიდ თანხებს მოითხოვს. მაგრამ "ომეგამ" დაამტკიცა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მაინც არსებობს - არ არის აუცილებელი უშველებელი ალბომების ბეჭდვა. უფრო მეტიც, ეს, ეგრეთ წოდებული, "ჯიბის წიგნი" საკმაოდ მოსახერხებელია, სურათების თვალიერება კი - სასიამოვნო, მით უმეტეს, რომ პატარა სურათების ასლებში მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ორიგინალის კოლორიტი. თუმცა ამ წიგნებში არც ბეჭდვის მაღალი ხარისხი უნდა იყოს მთავარი. პირადად ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესოა "ომეგას" კატალოგების კონცეფცია - ნინო ზაალიშვილის ტექსტი, თავად სურათების შერჩევა და მათი გაერთიანების პრინციპი... და ყველაზე მთავარი - ქალის სახის მიმართ დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ავტორებმა სხვადასხვა დროს, განსხვავებულ სტილში შესრულებული პორტრეტები აირჩიეს, ყველა ამ სურათს აერთიანებს ცნობილი ქართველი მანდილოსნების შინაგანი ღირსების გრძნობა, ისევ ნინო ზაალიშვილს თუ დავესესხებით, აერთიანებს "სულიერების დომინირება ფიზიკურ სილამაზეზე"... ეს კი, მასკულტურის აგრესიული შემოტევისა და "სტანდარტიზაციის" ეპოქაში, გამოფენებისა და კატალოგების ავტორთა პოზიციასაც გამოხატავს ყველაფერი იმის მიმართ, რაც ხდება თანამედროვე ქართულ კულტურაში... როცა დასავლური ფასეულობები თითქოს თანდათან მკვიდრდება ქვეყანაში, მაგრამ მკვიდრდება სწორედ ის ფასეულობები, რომლისგანაც თავად დასავლური კულტურა ცდილობს განთავისუფლებას. ესაა, ამ შემთხვევაში, ქალის მიმართ დამოკიდებულება, ქალის - უფრო სწორად კი, ქალის სხეულის - გადაქცევა "მოხმარების" ობიექტად, ქალის სხეულით მანიპულაცია და ა.შ.

ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი, რომელსაც რადიო "თავისუფლება" ესაუბრა, აღნიშნავს, რომ საქართველოში ქალისა და მამაკაცის თანასწორობა მხოლოდ დეკლარაციის დონეზე რჩება. ქალბატონი ლელა ცნობილი სოციოლოგის ჯონ-სტიუარტ მილის ნაშრომს იხსენებს და ამბობს:

[ლელა გაფრინდაშვილის ხმა]: "მან ყველაზე ფუნდამენტური ნაშრომი დაწერა, რომელსაც ჰქვია ქალის დაქვემდაბერებულობა... სადაც მან გააკრიტიკა კაცობრიობის მიერ ქალის რეპროდუქციული როლის ექსპლუატაცია და მისი ჩაურთველობა საზოგადოებაში."

"ომეგას" გამოფენა და კატალოგები მე საგანგებოდ იმიტომაც გავიხსენე, რომ "მშვენიერი სქესი" არც ერთ ამ სურათში არ განიხილება, როგორც მხოლოდ "რეპროდუქციული როლის" შემსრულებელი (თანახმად საქართველოში გავრცელებული სტერეოტიპისა, რომელიც ამტკიცებს, რომ "ქალი - დედაა")... ლელა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ ქალის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, როგორც წესი, ზღუდავს მის შესაძლებლობებს და განმარტავს:

[ლელა გაფრინდაშვილის ხმა]: "რადიკალურ ფემინიზმში, როგორც ავანგარდულ მოძრაობაში, დაიბადა ისეთი აზრი, რომ ქალის რეპროდუქციული როლის კრიტიკა იმიტომ კი არ ხდება, რომ ეს რეპროდუქციული როლი არის ქალის ჩაგვრის ძირითადი მიზეზი, არამედ იმიტომ, რომ ეს რეპროდუქციული ფუნქცია კონტროლდება სხვა ადამიანების მიერ, ანუ ამ არჩევანში - გააჩინოს ბავშვი, გაზარდოს ბავშვი - ქალი არ არის თავისუფალი... ხშირად ფემინისტებს უსაყვედურებენ - ხედავთ, როგორ იბრძვიან ისინი ქალის ტრადიციული როლის წინააღმდეგო... არა, ამ როლის წინააღმდეგ არ იბრძვიან, ისინი იბრძვიან ამ როლზე სხვა ადამიანების კონტროლის წინააღმდეგ."

კონტროლი კი კვლავაც ძალიან მძლავრია. ქართული ბულვარული პრესა სისტემატურად ბეჭდავს ინტერვიუს პოპულარულ ქალბატონებთან - ტელევიზიის, კინოს ვარსკვლავებთან, საზოგადო მოღვაწეებთან. ამ ინტერვიუში მნიშვნელოვან მოვლენად, ეგრეთ წოდებულ "ნიუსად" ცხადდება, ვთქვათ, პლასტიკური ოპერაცია, რომელიც პოპულარულმა ქალბატონმა გაიკეთა... თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგჯერ ვარცხნილობის შეცვლაც კი სიახლედ ითვლება... გრძელდება საზოგადოებასთან "თამაში" ქალის სხეულის ექსპლუატაციით, რასაც ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი ძალადობის ფარულ ფორმად მიიჩნევს.

[ლელა გაფრინდაშვილის ხმა]: "საწყისი, რომელიც იწვევს ძალადობას, არის საზოგადოებრივი აზრი... ჩვენ ვიკვლევდით მთიანი რეგიონების ოჯახებს. როცა ვეკითხებოდით, დავუშვათ, ვინ გჩაგრავს, გრძნობთ თუ არა თავს დაჩაგრულად - ვინ გჩაგრავს - მამა, ძმა, მეგობრები თუ მთელი სოფელი? პასუხი იყო: მთელი სოფელი... ე.ი. მთელი სოფელი მონდომებულია, რომ დაჩაგროს ეს ადამიანი."

რას უყურებს და რას კითხულობს ეს "მთელი სოფელი"... უყურებს "საპნის ოპერებს", რომელშიც ქალი, უმრავლეს შემთხვევაში, განიხილება როგორც "საქონელი", რომელიც იმისთვის არსებობს, რომ "მოიხმარო". "საპნის ოპერებში", საუკეთესო დრო რომ ეთმობა ქართული ტელეარხების ეთერში, მანდილოსნის მიმართ ავტორის დამოკიდებულება თითქმის იგივეა, რაც პორნოგრაფიულ ფილმებში... თუმცა ქართული მასკულტურა, როგორც ჩანს, მხოლოდ სატელევიზიო ეთერით არ კმაყოფილდება. გამოდის გაზეთები, რომელშიც პოპულარული სერიალების სიუჟეტები იბეჭდება (ეს "ტენდენცია" ჩვენში რუსეთიდან დაინერგა) და ახლა უკვე - წიგნებიც, მშვენივრად გაფორმებული, საკმაოდ მაღალი ტირაჟით.

თბილისის წიგნის მაღაზიებში და, განსაკუთრებით, ბაზრობებზე პოპულარობით სარგებლობს, მაგალითად, სააგენტო "პლანეტაში" ახლახან დაბეჭდილი კრებული, რომელშიც ამერიკელი მწერლის ჯუდით მაკნოტის "ფოტოგრაფიის ხელოვნება" და ასევე ამერიკელის - რობინ ნიკოლასის რომანი "ეკლები და ვარდებია" გაერთიანებული. ეფექტის შესაქმნელად გამომცემლებმა წიგნს "სიყვარულის სამყარო" დაარქვეს, ყდაზე დაბეჭდეს ფოტო წელზემოთ შიშველი მანდილოსნისა, რომელსაც თავზე აღუპყრია ორივე ხელი (როგორც ჩანს, "ვნებიანი სახის" შესაქმნელად) და წითელი ვარდი, დიდი ხანია ყველანაირი "კიტჩისა" და უგემოვნობის სიმბოლოდ რომ იქცა. წიგნში ჩართულია, აგრეთვე, სააგენტო "პლანეტას" მომავალი პროექტების სარეკლამო გვერდები, რომელიც კიდევ ერთი "კიტჩით" - შეისრული გულებითაა დამშვენებული. "პლანეტა" გვპირდება, რომ ამზადებს სერიას, სახელწოდებით "ახალი სასიყვარულო ისტორიები", რომელშიც ჩართული იქნება ისევ და ისევ ამ ამერიკელი მწერლის, გამომცემლების მტკიცებით, "ცნობილი მწერლის", ჯუდით მაკნოტის რომანი "სურვილთა ჭიდილი", ასევე ჯეკი კოლინზის "მშვენიერი მკვლელები", რომლის ფრაგმენტი, რეკლამის სახით, ყველა ამ პატარა წიგნშია ჩართული - "მამაკაცის მზერა ყურადღებიანი და პირქუში იყო. მან ქალი თავისკენ ნელა მიიზიდა. მისი თითები შავ შიფონში გამოკვალთულ ლამაზ სხეულს ჩაესო... ერთი წუთით მუსიკა და მისი მამაკაცური ძალის შეგრძნებამ ქალიშვილს ყველაფერი დაავიწყა - შურისძიებაც, სიძულვილიც..."

რა თქმა უნდა, რადიო "თავისუფლება" "კულტურულ ქრონიკაში" ყურადღებას არ დაუთმობდა ბულვარულ გამოცემებს, მეათე ხარისხის ამერიკელი მწერლების ამ უპრიმიტიულეს თარგმანს. მით უმეტეს, რომ ასეთი დონის წიგნებს, ძირითადად, ის ხალხი კითხულობს, რომელიც ცდილობს როგომე შეავსოს დრო "სერიალიდან სერიალამდე". მაგრამ "სიყვარულის სამყაროსა" და მსგავს გამოცემებში შეიმჩნევა ტენდენცია, რომელიც სულ უფრო და უფრო სახიფათო ხდება: მაგალითად, იაფფასიანი ეროტიკული ლიტერატურა კიდევ უფრო მეტად ამკვიდრებს თანამედროვე ქართულ მასკულტურაში დამკვიდრებულ თოჯინად ქცეული მანდილოსნის სახეს... თავისთავად ამ გამოცემებს არ შეუძლია რაიმე ზიანი მიაყენოს კულტურას - ბულვარული წიგნები დღეს მთელ მსოფლიოში იბეჭდება... მაგრამ, როცა ბულვარული წიგნი, მთელი თავისი "კიტჩი-სიმბოლოებით", მოდაში შემოდის, როცა ამ წიგნების ავტორთა დამოკიდებულება სიცოცხლისადმი, სიყვარულისადმი, ქალისადმი ძალიან ჰგავს ყველაფერ იმას, რაც განუწყვეტლივ გვესმის თვით ყველაზე პოპულარულ ადამიანთა სატელევიზიო გამოსვლებშიც კი, იქმნება აუცილებლობა გამოიცეს რაღაც ალტერნატიული, ითქვას რაღაც საწინააღმდეგო, რათა ხელოვნების მოყვარულმა "სოფელში" თავი დაჩაგრულად აღარ იგრძნოს.
XS
SM
MD
LG