Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ახალგაზრდული პროგრამის" დღევანდელ გადაცემაში


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი "ახალგაზრდული პროგრამის" დღევანდელ გადაცემაში

გავიხსენებთ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრობლემებს - პრობლემებს, რომელთა დაძლევაში აქტიური მონაწილეობის მიღება სტუდენტებმა სტუდენტური თვითმმართველობის ორგანოების არჩევით სცადეს, მაგრამ ამით არსებითად ვერაფერი შეცვალეს. რა გაგრძელება მოჰყვა სტუდენტური თვითმმართველობისთვის უნივერსიტეტში დაწყებულ მოძრაობას, ამის შესახებ საუბარი უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტს ელენე აგლაძეს ვთხოვეთ. ის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი იყო, თუმცა მერე და მერე ამ მოძრაობას სხვადასხვა მიზეზების გამო ჩამოშორდა. სანამ უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარსულს და დღევანდელობას შევეხებოდეთ და ელენე აგლაძესთან მოკლე ინტერვიუს შემოგთავაზებდეთ, ჩვენი გადაცემის არქივიდან მოვისმენთ ჩანაწერებს, რომლებიც სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება, როცა სტუდენტები თვითმმართველობაზე, დიდ თუ არა, გარკვეულ იმედებს ამყარებდნენ და უნივერსიტეტში რაღაცის შეცვლას ელოდებოდნენ. გადაცემის მეორე ნაწილში დავით პაიჭაძეც უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თემას გამოეხმაურება.

გიორგი და ირაკლი უნივერსიტეტის პრობლემებზე ჩვენს გადაცემაში, დაახლოებით, ერთი წლის წინ საუბრობდნენ და აი, რას ფიქრობდნენ ისინი რეალობაზე, რომელიც მათ უნივერსიტეტში დახვდათ და რომელმაც სტუდენტების ერთ ნაწილს რაღაცის, უფრო ზუსტად, სწავლების პროცესის შეცვლისთვის ბრძოლის სურვილი გაუჩინა.

[ირაკლის ხმა] "რამდენადაც დიდი იყო ჩემი მოლოდინი, იმდენად საშინელი იყო რეალობა, რომელიც იქ დამხვდა. ის უფრო და უფრო მძიმდებოდა და იძულებულები გავხდით პროტესტი გამოგვეთქვა და დაგვეწყო ბრძოლა სიტუაციის გაუმჯობესებისათვის. მე ვთქვი მაგისტრატურაზე უარი მანამდე, სანამ უნივერსიტეტი არ შეიცვლება. როგორც კი შეიცვლება, მზად ვარ გავაგრძელო იქ სწავლა. მე მჯერა, რომ უნივერსიტეტი შეიცვლება. "

[გიორგის ხმა] "პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის უნივერსიტეტს დაიწყოს რეფორმები, არ არის ისეთი, რომელთა დაძლევაც არ შეიძლება. უბრალოდ, უნივერსიტეტი უნდა წავიდეს იქითკენ, რომ გამოასწოროს ისინი. სახელმწიფოს ნაწილია უნივერსიტეტი და, იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რომლებიც უნივერსიტეტში იდგმება, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფოს არ სჭირდება მცოდნე, კვალიფიციური კადრები."

უნივერსიტეტის შეცვლას, უნივერსიტეტის რეფორმირებას რომ სტუდენტები ვერ უზრუნველყოფდნენ, ამის შესახებ მათ სხვებზე არანაკლებ კარგად იცოდნენ. უბრალოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ერთი ნაწილი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ გულზე ხელების დაკრეფა და უკეთესი ხვალინდელი დღის ასე მოლოდინი არაფერს მოიტანდა, რომ უნივერსიტეტში ცვლილებების მიღწევისთვის რაღაცა თავად სტუდენტებსაც უნდა გაეკეთებინათ. ამ ნაწილმა სტუდენტური თვითმმართველობის მიღწევისთვის მოძრაობა დაიწყო, რასაც რექტორატთან დაახლოებულ ჯგუფთან, სტუდენტურ კავშირთან, დაპირისპირება მოჰყვა. ასე იყო თუ ისე, სტუდენტური კავშირის ალტერნატიული ძალის არჩევნებმა ხმაურით, მაგრამ საკმაოდ კარგი შედეგებით ჩაიარა. მაშინ ელენე აგლაძეც სწორედ იმ ჯგუფში იყო, რომელიც თვითმართველობისთვის იბრძოდა და სჯეროდა, რომ სტუდენტების არჩევითი ორგანო, ბევრს თუ ვერაფერს, რაღაც-რაღაცებს მაინც შეცვლიდა - ყოველ შემთხვევაში, უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის ცვლილებების მოთხოვნის მუხტს გააძლიერებდა. ამ მოძრაობას ელენე კარგა ხანია ჩამოშორდა და დღეს გული სწყდება იმის გამო, რომ ის, რაც ასეთი ენთუზიაზმით იქმნებოდა, არსებობს, მაგრამ ისე, რომ მისი არსებობა თვალში საცემი არავისთვისაა - არსებობს, მაგრამ ამით ვერაფერს ცვლის. ელენე ფიქრობს, რომ ასეთი თვითმმართველობა თვითმმართველობის იდეის დისკრედიტაციაა და ამიტომ საჭიროა იმაზე საუბარი, თუ რატომ მოჰყვა ასეთი გაგრძელება 2 წლის წინ სერიოზული ხმაურითა და სერიოზული იმედებით დაწყებულ საქმეს. ელენეს აზრით, სტიდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტში აუცილებლად უნდა არსებობდეს და, თუ ის უნივერსიტეტის ცხოვრებაში სერიოზულ ფუნქციას დღეს ვერ ასრულებს, მომავალში მაინც შეასრულებს.


ინტერვიუ ელენე აგლაძესთან.



უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2 ჯერ ჩატარდა. პირველად ორი წლის წინ, აპრილში, მეორედ - შარშან. მაგრამ 2 წლის წინ წამოწეული მოთხოვნები - იყო ეს საგნების არჩევითობის მიღწევა თუ სხვა -მოთხოვნებად დარჩა. ამასობაში თვითმმართველობისთვის ბრძოლის პერიოდში არსებული ენთუზიაზმი განელდა. ენთუზიასტების ნაწილმა უნივერსიტეტი დაამთავრა, ნაწილმა კი უნივერსიტეტის რეალობის შეცვლის ამაო მოლოდინს სასწავლებლად საზღვარგარეთ წასვლა არჩია. ელენე ფიქრობს, რომ მისი და მისი მეგობრების მიერ წამოწყებული საქმის უშედეგობა იმან განაპირობა, რომ სტუდენტებმა ვერ შეძლეს კონკრეტული გეგმისა და კონკრეტული მოთხოვნების ირგვლივ გაერთიანება. "დღევანდელი უნივერსიტეტი იმდენად კონსერვატიული და იმდენად ბიუროკრატიული ორგანიზმია, რაღაცის შეცვლის მიზნით მასთან დაპირისპირებას, კარგად ორგანიზებისა და რეალური მოთხოვნების ირგვლივ გაერთიანების გარეშე, აზრი არა აქვს," - ამბობს ელენე აგლაძე. ის უკვე მეხუთე კურსის სტუდენტია და უნივერსიტეტს მალე დაემშვიდობება.


დავით პაიჭაძე

სტუდენტური თვითმმართველობა საქართველოში არ შედგა. არ შედგა ისე, როგორც ინიციატორებსა თუ ინსპირატორებს წარმოედგინათ.

წარმოედგინათ კი იმ სტუდენტური კავშირების ალტერნატივად, რომლებიც კომკავშირის დაშლის შემდეგ მალევე ჩამოყალიბდა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში. ლოიალური დამოკიდებულება სასწავლებელთა ადმინისტრაციისადმი, მცირე კვოტა სამეცნიერო საბჭოებში, ასევე მცირე გავლენა საგნებისა თუ ლექტორების შერჩევაზე და აქტიური წევრების მიმოსვლა საზღვარგარეთ - ესაა არასრული ჩამონათვალი სტუდკავშირთა საქმიანობისა სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

სტუდენტური თვითმმართველობა კი იმთავითვე ცდილობდა, დაფუძნებოდა მორალურ და დემოკრატიულ პრინციპებს: საჯარო არჩევითობა და საუნივერსიტეტო კორუფციისადმი შეურიგებლობა, საგანთა და ლექტორთა დამოუკიდებელი არჩევა და მისაღები გამოცდების გაუქმება, განათლების ხარისხის ამაღლება და მექრთამე მასწავლებელთა მხილება - ამ მიზნების განსახორციელებლად დაიწყო მოძრაობა სტუდენტური თვითმმართველობისათვის.

მაგრამ რესურსები საამისოდ ცოტა აღმოჩნდა. წარმოდგენა ან, მით უმეტეს, ცოდნა, რა არის სტუდენტური თვითმმართველობა, არ ჰქონდათ იმათაც კი, ვინც ამ თვითმმართველობის დამფუძნებლებად მოგვევლინნენ. ამასთან, მათ ვერ შეძლეს პასიური სტუდენტების დაინტერესება თვითმმართველობით. სტუდენტების მასასთან ურთიერთობის გამოცდილება სტუდკავშირთა აქტივისტებს მეტი ჰქონდათ. დღევანდელი გადასახედიდან, თვითმმართველობა სტუდკავშირებთან კონკურირებისას დამარცხდა.

უმაღლეს სასწავლებელთა ადმინისტრაციას ერჩია, საქმე დაეჭირა ნაცად და ნაცნობ ხალხთან, ანუ სტუდენტური კავშირების წევრებთან. ლოიალობა, თანამშრომლობა, ზომიერი პრივილეგიები, რექტორატის ხელშეწყობა - თვითმმართველობისთვის ეს უცხო იყო და დარჩა. მათი სურვილებისა თუ ინიციატივების თუნდაც ნაწილობრივ განხორციელება კი ადმინისტრაციასთან კომპრომისის გარეშე შეუძლებელი აღმოჩნდა, ხოლო ადმინისტრაციასთან კომპრომისი, მით უმეტეს, - შეუძლებელი. თვითმმართველობა ცოტა მეამბოხეობას დაემსგავსა, ცოტა - ოპოზიციას, ცოტა - მარგინალობას. ახალგაზრდების სოციალურ და სამოქალაქო ძალისხმევას უნივერსიტეტის შიგნით ძველი ყალიბი და აპრობირებული ფორმა აღმოაჩნდა, რომელსაც თვითმმართველობის დამფუძნებლები ვერ მოერგნენ.

სტუდენტურ თვითმმართველობის ჩამოყალიბებაში თავიდანვე ჩაბმულ ახალგაზრდებს გამოარჩევდათ, როგორც ძველად იტყოდნენ, კარგი აკადემიური მოსწრება, ანუ წიგნიერი, ცნობისმოყვარე და ჭკვიანი ადამიანები იყვნენ. ახლაც არიან. თვითმმართველობის მიზნების განხორციელება მათგან მოითხოვდა დროსა და ენერგიას, რომელიც, ჩანს, ერჩივნათ, მთლიანად არ შეეწირათ ამ საქმისათვის. ბევრი მათგანი საზოგადოებრივ საქმიანობას განათლების გაღრმავებას ამჯობინებს და სხვადასხვა ხნით საქართველოდან სასწავლებლად მიდის. სტუდენტური მოძრაობა, მათ შორის, თვითმმართველობა გამუდმებით ცვალებადი და განახლებადი უნდა იყოს - ამბობენ სტუდენტური მოძრაობის ახალი ტალღის იდეოლოგები. კი ბატონო, მაგრამ ამ ცვალებასა და განახლებას ახალი ცვლა არ მოჰყოლია. რაც შეეხება ძველებს - სტუდენტობა ხანმოკლეა და მათ სხვა პრობლემებზე უწევთ ფიქრი - სწავლის გაგრძელება, სამუშაოს პოვნა და ა.შ.

და მაინც, სტუდენტური თვითმმართველობა არ ყოფილა უშედეგო ინიციატივა. იდეებს, სტუდენტებთან ურთიერთობის ფორმებს, ზოგჯერ პათოსს - მას დაესესხნენ სტუდკავშირთა წარმომადგენლები. ოღონდ, ეგ არის, რომ რაც უნდა აიღონ მათ სტუდენტური თვითმართველობის პრინციპებიდან, არასოდეს უღალატებენ მთავარ პრინციპს, აუცილებელს სტუდენტური კავშირების არსებობისა და მათი ხელმძღვანელების კარგად ყოფნისათვის: ლოიალურ და კონსტრუქციულ მიმართებას სასწავლებელთა ადმინისტრაციასთან, რაც, მრავალთა შეფასებით, კონფორმიზმია და მეტი არაფერი. ამ კონსტრუქციულობასა თუ კონფორმიზმში ქართველი სტუდენტები უაღრესად მტკიცენი არიან.

თვითმმართველობამ ოდნავ გამოაცოცხლა სტუდენტები, ზოგი მათგანი აქცია მცირერიცხოვანი სამოქალაქო საზოგადოების ჯარისკაცად, რომ არა ვთქვათ, შენაძენად; კვალი დაატყო მათ ლიბერალურ ღირებულებით ორიენტირებს. ასეთი ტიპი დღეს უნივერსიტეტში გამოუსადეგარია. უნივერსიტეტისთვის ბრძოლა ახალი ყაიდის ამ სტუდენტებმა დათმეს. ისინი ცოტანი აღმოჩნდნენ. უმაღლესი სასწავლებელი, როგორც ახალგაზრდული მოძრაობის ასპარეზი, დარჩა იმათ, ვინც კომკავშირული ნამყენიდან ამოიზარდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სურათი არ შეიცვლება. ვინც სტუდენტური თვითმმართველობა მოიფიქრა, ის კიდევ მიაგნებს უნივერსიტეტებში სტუდენტთა აქტივობის ჩვენთვის უცნობ, ახალ და, ალბათ, მიმზიდველ ფორმებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG