Accessibility links

ქართველ ძალოვანთა მეორე პანკისური გაზაფხული


გასული კვირის ბოლოს საქართველოს

ეროვნული უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე დაამტკიცა საიდუმლო გეგმა, რომელიც მარტის დასაწყისიდან პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ახალი, ეგრეთ წოდებული ოპერატიულ-პროფილაქტიკური, ფაზის დაწყებას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ბოლოს პანკისში ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა, საქართველოს ხელისუფლება არ მალავს, რომ, გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, კვლავ იზრდება ხეობაში უცხო ქვეყნის შეიარაღებული დაჯგუფებების შემოსვლის ალბათობა. რა გახდა, სინამდვილეში, ამ ახალი გადაწყვეტილების მიზეზი და რა მსგავსება და განსხვავებაა შარშანდელ და ამჟამინდელ ანტიტერორისტულ ოპერაციებს შორის?

პანკისის ხეობაში ახალი ოპერატიულ-პროფილაქტიკური ოპერაციის დაწყება და, განსაკუთრებით, მის მეორე ფაზად მოხსენიება ბევრ კითხვას აღძრავს.

შარშან შემოდგომაზე, ხეობაში მივლინებით ყოფნის დროს, მე არაერთხელ მოვისმინე შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრების მიერ, რომ პანკისში ტერორისტების პრობლემა აღარ არსებობს; რომ დარჩენილია მხოლოდ ცალკეული კრიმინალური დაჯგუფებები, რომელთა გაუვნებელყოფას ადგილობრივი პოლიციისა და უშიშროების დანაყოფები საკუთარი ძალებითაც გასწვდებიან. ამ მიზნით ხეობის მისადგომებთან - უფრო ზუსტად, სოფელ დუისსა და ომალოში - გამოიზამთრეს შინაგანი ჯარების ოპერატიული ბრიგადისა და ე.წ. "ტყიბულის" ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც ოპერატიული რეჟიმის დაცვას უზრუნველყოფდნენ. მაგრამ, კრიმინალური ვითარების თვალსაზრისით, სიტუაცია უცვლელი დარჩა, ვინაიდან მთელი ზამთრის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამძებრო რაზმები პანკისის ხეობაში არ გამოჩენილან.

საქართველოს ხელისუფლების მიერ ანტიკრიმინალურ ოპერაციათა ზონის გადატანამ ჯერ ცხინვალში, შემდეგ კი თბილისსა და ქუთაისში აშკარად გამოიწვია უსაფრთხოების ძალების დაქსაქსვა. ამასობაში, დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლებმა, რომლებიც კავშირგაბმულობისა და გადაადგილების საშუალებებით სამართალდამცველებზე კარგად არიან უზრუნველყოფილი, კვლავ გადაინაცვლეს პანკისის ხეობისკენ, სადაც ჯერ კიდევ შეუფერხებლად შეიძლება ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა.

საქართველოს ხელისუფლება ასევე არ მალავს, რომ ხეობაში დარჩენილია ე.წ. "ბოევიკთა" 10-20 კაციანი ჯგუფი, რომლის დაბანაკების ადგილის აღმოჩენა, რატომღაც წარმოუდგენელი სირთულის ამოცანა გახდა საქართველოს პოლიციისა და სპეცსამსახურის აგენტებისათვის. ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნულ სამსახურებში ძალზე მოიკოჭლებს ოპერატიულ-პროფილაქტიკური საქმიანობა, სამედიცინო ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, თერაპიული ზომები, რომლებმაც სახელმწიფოს თავიდან უნდა ააცილოს რთული და ძვირად ღირებული სამხედრო ოპერაცია.

ასე რომ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ საქართველოს ხელისუფლებას კვლავ მოუწევს ყველა სამხედრო სეგმენტის გამოყენება პანკისის ხეობის პრობლემის მოსაგვარებლად. პარასკევს, უშიშროების საბჭოს მიერ მოწონებული გეგმის კომენტირებისას, უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ანტიტერორისტული ღონისძიებების მეორე ფაზა ხეობაში, ძირითადად, კვლავ შარშანდელი სცენარის მიხედვით წარიმართება.

ანუ სპეცოპერაციის საერთო ხელმძღვანელობა კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრს კობა ნარჩემაშვილს ეკისრება, ხოლო ხეობის ე.წ. ეშელონირებული დაცვის წინა ხაზზე იქნებიან საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ომალოსა და გირევის საგუშაგოები, რომელიც, სავარაუდოდ, ისევ გაძლიერდება სხვა საგუშაგოების ხარჯზე. უშუალოდ სამძებრო-ოპერატიულ სამუშაოებს შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროს სპეცდანაყოფები განახორციელებენ. ამასთან ერთად, იგეგმება ხეობის მისადგომებთან საიმედო ზურგის შექმნა თავდაცვის სამინისტროს ძალების ბაზაზე. მაგრამ ამჯერად ძალის დემონსტრირებისთვის, როგორც ჩანს, საჭირო აღარ გახდება ახმეტის რაიონში 1500 კაციანი ქვედანაყოფის, განსაკუთრებით, მძიმე ტექნიკისა და შორმანძილზე მსროლელი საარტილერიო დანადგარების გადასროლა, რომლის საველე პირობებში სამთვიანმა ექსპლუატაციამ გვარიან ზარალში ჩააგდო თავდაცვის ბიუჯეტი.

ამ არმადის ნაცვლად, პანკისის ხეობაში წელს შეიძლება პირველად გამოჩნდეს "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით მომზადებული "კომანდოს" ან სწრაფი რეაგირების ძალების ბატალიონი, რომელსაც კოჯრის სასწავლო ცენტრში მეოთხე წელია ამზადებენ თურქი სპეციალისტები. თუმცა წინა კვირას ბატალიონისთვის საბრძოლო დროშის გადაცემის ცერემონიაზე დავით თევზაძემ, ტრადიციულად, ორაზროვანი პასუხი გასცა ამ საკითხით დაინტერესებულ ჟურნალისტებს:

[დავით თევზაძის ხმა] "ამ ბრიგადიდან გარკვეული კონტინგენტი გადაიგზავნება იქ, სადაც ბატონი პრეზიდენტი გვიბრძანებს."

გარდა ამისა, მთელ ამ ძალისმიერ პასიანსში ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ სად განლაგდებიან მეორე ფაზაში მონაწილე ანტიტერორისტული სამხედრო ძალები.

თუკი მართალია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება, რომ ანტიტერორისტული საქმიანობის ახალი ტალღა წმინდად პრევენციულ ხასიათს ატარებს და საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთ-ინგუშეთის მონაკვეთიდან ე.წ. ბოევიკთა რაზმების შემოსვლის აღკვეთას ისახავს მიზნად, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ამ სამხედრო კამპანიაში მონაწილე საბრძოლო ძალებს უშუალოდ საზღვრის ახლოს მოუწევთ ბანაკების გაშლა, რათა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შემთხვევაში ოპერატიულად შეძლონ ქართველი მესაზღვრეების მიშველება. ნიშანდობლივია, რომ ერთი თვის წინ სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ბარისახოში, ხევსურეთის მაღალმთიან სოფელში, ერთგვარი გამაგრებული რაიონი და ადგილობრივი რეზერვისტებისგან დაკომპლექტებული ერთი ასეულიც ჩამოყალიბდა.

მთელი ეს სამზადისი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მეორე პანკისური გაზაფხული ქართველი ძალოვნებისთვის პირველზე არანაკლებ რთული იქნება. ამაზე პარასკევს მომხდარი ინციდენტიც მიუთითებს: 28 თებერვალს ღამით პანკისის ხეობაში მყოფ შინაგანი ჯარების პატრულს დუისის მახლობლად დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.

ხოლო იქნება თუ არა სპეცოპერაციის ახალი ფაზა შედეგიანი, ამას უახლოეს მომავალში დავინახავთ.
XS
SM
MD
LG