Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 მარტს 50 წელი შესრულდება სტალინის


5 მარტს 50 წელი შესრულდება სტალინის,

იმავე იოსებ ჯუღაშვილის, გარდაცვალებიდან. სავარაუდოა, რუსეთსა და საქართველოში ეს თარიღი მხოლოდ კომუნისტებმა აღნიშნონ. თუმცა 50 წლის წინ სტალინის გარდაცვალებამ საბჭოთა კავშირში ყველა აატირა. უფრო მეტიც, მიხეილ ჭიაურელს თუ დავუჯერებთ, 1953 წლის მარტში მსოფლიო პროლეტარიატის "მამას" მთელი პლანეტა ემშვიდობებოდა. ასე გამოხატა სტალინის დატირება ბელადის საყვარელმა კინორეჟისორმა თავის დოკუმენტურ ფილმში "დიადი გამოთხოვება".

იოსებ სტალინის გარდაცვალებამ სხვებთან ერთად საბჭოთა კინემატოგრაფისტებიც ააფორიაქა. 6 მარტს, გათენებისას, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი მალენკოვმა კინორეჟისორები კრემლში დაიბარა, რათა ერთად გადაეწყვიტათ, ვინ გადაიღებდა სტალინის დაკრძალვის კადრებს. თუმცა, როგორც მოგვიანებით გამოირკვა, ეს იყო ფორმალური შეხვედრა, რადგან კინემატოგრაფისტებმა წინასწარ იცოდნენ: სტალინთან დამშვიდობების გადაღებას ბელადის საყვარელ რეჟისორს მიხეილ ჭიაურელს დაავალებდნენ. ბედის ირონიით, ჭიაურელს, რომელიც აქამდე სტალინის სახეს მხოლოდ მხატვრულ ფილმებში ქმნიდა, ე.ი. მსახიობებს - უფრო მეტად კი მიხეილ გელოვანს - ათამაშებდა, პირველად მიეცა საშუალება ფირზე აღებეჭდა ბელადი... ოღონდ მხოლოდ ბელადის ცხედარი. არ არის გამორიცხული, ამ საგანგებო თათბირზე ჭიაურელისთვის "მიეთითებინათ", თუ როგორ უნდა წარმოჩნდეს ეკრანზე სტალინის მკვდარი სხეული. თუმცა, ვინ ვინ და ჭიაურელმა ყველაზე კარგად იცოდა "უკვდავების სახის" შექმნა. მიხეილ ჭიაურელის ფილმში "ფიცი" არის ეპიზოდი, რომელსაც დასავლელმა კინომცოდნეებმა "ისტორიით კურთხევა" დაარქვეს. მოქმედება ხდება ლენინის სიკვდილის შემდეგ. სტალინი მარტო მიდის დათოვლილ ბაღში, გორკაზე, სადაც იგი უკანასკნელად შეხვდა გარდაცვლილ ბელადს. ჯდება სკამზე და ესმის გარდაცვლილი ლენინის ხმა, რის შემდეგაც ზეცისკენ აღაპყრობს მზერას. ნაძვის ტოტებიდან კადრში იჭრება მზის სხივი, რომელიც ახალი ბელადის შუბლს ეფინება. შუქი ზემოდან ეცემა. სტალინი ბიბლიურ მოსეს ემსგავსება. მაგრამ თუ მხატვრულ ფილმში ადვილი იყო შესაბამისი "მითოლოგიური ასოციაციების" შექმნა, დოკუმენტური კინო - მით უმეტეს, ბელადის სხეულთან გამომშვიდობების ქრონიკა - ჭიაურელს საქმეს ურთულებდა: ფილმში უნდა შენარჩუნებულიყო ბალანსი მწუხარებასა და იმედს შორის, მაყურებელი არ უნდა დაბნეულიყო. იგი უნდა დაერწმუნებინათ, რომ ბელადის გარდაცვალებამ კიდევ უფრო მეტად გააერთიანა პროგრესული კაცობრიობა, მშრომელი ხალხი. ამავე შეხვედრაზე დამტკიცდა ხელოვნებისა და ლიტერატურის გამოჩენილ მოღვაწეთა ტექსტები, რომელიც სტალინის დაკრძალვის, უფრო სწორად, მავზოლეუმში მისი ცხედრის გადასვენების დღეს უნდა წაეკითხათ. გავიხსენოთ ეს ტექსტები.

დიმიტრი შოსტაკოვიჩი:

"სტალინის ეპოქის ადამიანებმა კვლავაც უნდა ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ "სტალინის კომპასის" მიხედვით... მისი სიტყვები "წერეთ სიმართლე!" კვლავ უნდა დარჩეს გზამკვლევად ხელოვნების მოღვაწეთა არმიისთვის."

სერგეი სმირნოვი:

"ხალხის ნაკადი მის კუბოსთან ჩერდება... მწუხარების ჟამს ჩვენი საყვარელი სახის ნაკვთებს ვუმზერთ და ვხედავთ ცოცხალ სტალინს, ვგრძნობთ მის ცეცხლოვან გამოხედვას."

ალექსეი სურკოვი:

"1953 წლის ამ ყინვიან დღეს უბედურება შეემთხვა საბჭოთა ხალხს, პროგრესულ კაცობრიობას... ულმობელმა სიკვდილმა გააჩერა გული, რომლის ფეთქვას ათეული წლების განმავლობაში უსმენდა მილიონობით ადამიანი ჩვენს პლანეტაზე"

ევგენი დოლმატოვსკი:

"სვეტებიან სასახლეში მიძინებული ბელადის დანახვისთანავე პირველად ატირდა ჩემი ქალიშვილი. ვერ ვაიმედებ ჩემს გოგონას: იგი ხომ ნაადრევად დაობლდა."

ნათელია, რომ სტალინის დაკრძალვა უნდა დადგმულიყო ეგრეთ წოდებული "ოპტიმისტური ტრაგედიის" ჟანრში და ასევე გამოხატულიყო მიხეილ ჭიაურელის დოკუმენტურ ფილმში, რომელსაც "დიადი გამოთხოვება" დაარქვეს. სტალინთან გამოსამშვიდობებლად მარტის იმ ცივ დღეებში, მართლაც, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, ე.ი. დაკრძალვას თვითმხილველები ჰყავდა, ამიტომ დოკუმენტურ ფილმში მიხეილ ჭიაურელი ახალს ვერაფერს მოიგონებდა, ვერ დადგამდა. ამის გათვალისწინებით, სურათში შევიდა ყველა ის ატრიბუტი, რომელიც თან ახლდა სტალინთან გამომშვიდობების იმ სამ დღეს: მაღალ პოტსტამენტზე დასვენებული წითელი კუბო, ყვავილების გვირგვინები, წარწერებით - "ბელადი, მასწავლებელი, მეგობარი, მამა". მალენკოვი, ბერია, მოლოტოვი - საპატიო ყარაულში. ტექსტი აუცილებლად საკავშირო რადიოს დიქტორს იური ლევიტანს უნდა წაეკითხა, სწორედ იმ ადამიანს, რომელიც აქამდე მოსახლეობას უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებებს აცნობდა და ამიტომ სტალინის ხმის ასოციაციას ბადებდა მსმენელში. ლევიტანის ხმა იმის ილუზიას ქმნიდა, რომ იოსებ ბესარიონის ძე აქ თავის სიცოცხლეს ემშვიდობება. იგი მხოლოდ "მარადიულმა ძილმა მოიცვა"... ეს წინადადება ყველაზე ხშირად ისმოდა სტალინთან გამომშვიდობების დღეებში. [ჩართვა: ხმა. ფილმი "დიადი განშორება"]

ჭიაურელმა ფილმი ფერად ფირზე გადაიღო. აუცილებელი იყო კავშირების სახლში ჩატარებული პანაშვიდის წარმოჩენა ინტენსიური ფერებით, წითლის სიჭარბით, რათა დომინანტი არავითარ შემთხვევაში არ გამხდარიყო "შავი". ძირითადი მუსიკალური მოტივისთვის პეტრე ჩაიკოვსკის მეექვსე სიმფონია შეირჩა. შესაძლოა, ეს იყო ჭიაურელის პირველი სერიოზული "იდეოლოგიური შეცდომა", რომელიც ცოტა ხანში ფილმის აკრძალვის საბაბი გახდება. კრემლში ხომ კარგად იცოდნენ, თუ "რომელი" ვნებები დაედო საფუძვლად ჩაიკოვსკის ამ ნაწარმოებს. და თუ მსგავსი ვნებები ჭიაურელსაც ჰქონდა სტალინის მიმართ (გაუაზრებლად, რა თქმა უნდა), რა შუაში იყო აქ "საყოველთაო დატირება"?

დიახ, მიხეილ ჭიაურელის "დიადი განშორება" სტალინის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ "თაროზე შემოდეს". ოფიციალურად ფილმის აკრძალვის მიზეზად "დიად განშორებაში" ლავრენტი ბერიას ხშირ ჩვენებას ასახელებენ. თუმცა კრემლის იდეოლოგები, ძალიან რომ მოენდომებინათ, კადრებს, ბერიას გამოსახულებით, ადვილად ამოჭრიდნენ ფილმიდან. ხრუშჩოვის მეოცე ყრილობამდე, ე.ი. "პიროვნების კულტის" ოფიციალურ დაგმობამდე, ჯერ კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი, ამიტომ, წესით და რიგით, "დიადი განშორება" 53-55 წლების საბჭოთა კინოს ჰიტად უნდა ქცეულიყო. როგორც ჩანს, ხელისუფლებამაც კი იგრძნო ამ სურათში რაღაც ნეკროფილური, რაღაც პათოლოგიური. იგრძნო სწორედ მაშინ, როცა საბჭოთა კულტურას აღარ აკონტროლებდა ცხედრად ქცეული, მავზოლეუმში "მოსვენებული" იოსებ ჯუღაშვილი. არ არის გამორიცხული, რომ პოსტსტალინური ეპოქის იდეოლოგებს შეეშინდათ იმ სიყალბის, რომელსაც "დიადი განშორება" ამკვიდრებდა. მთელი ფილმის სტრუქტურა ხომ აგებულია მსოფლიო დოკუმენტური კინოსთვის სრულიად მიუღებელ ხერხზე: კავშირების სასახლეში სტალინის დატირების კადრები, მასების ტრიალი წრეში, ბელადის ცხედრის გარშემო, დროდადრო იცვლება ქრონიკით, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა კონტინენტზეა გადაღებული. ტირიან აფრიკაში, ინდოეთში; ტირიან ავსტრალიელი აბორიგენები, ესკიმოსები; სტალინს ემშვიდობება მთელი მსოფლიო. ასეთი სახე იქმნება "დიად განშორებაში"... თუმცა, როგორც გამოირკვა, ფილმის ავტორებს აქ ზედმეტი მოუვიდათ: აბორიგენები თურმე არა სტალინს, არამედ თავიანთ მიცვალებულს დასტირიან - აფრიკელი შავკანიანები თავიანთი ტომის ბელადს ემშვიდობებიან. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ოპერატორის მიერ გადაღებული ეს კადრები ისე "ჩაჯდა" ჭიაურელის ფილმში, ვითომც არაფერი... ისე "ჩაჯდა", რომ მაყურებელს ეჭვიც კი არ შეეპარა - მსოფლიოს ყველა კუთხეში მშრომელები სწორედ სტალინის გარდაცვალებამ აატირა. მონტაჟი, რომელსაც ტოტალიტარული ხელისუფლება ყოველთვის ოსტატურად იყენებდა, ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი ტყუილის - თუ გნებავთ, "აბსურდის" - გამოხატვის საშუალება გახდა. აბსურდად იქცა "უკვდავი ბელადის" გარდაცვალებაც, მისი ცხედრის მავზოლეუმში, ლენინის გვერდით დასვენებაც და ეს "პლანეტარული ცრემლიანი კათარზისიც", მთელი ეს დადგმული, კვაზიდოკუმენტური კინო. მარტის იმ ცივ დღეებში საბჭოთა ხალხის "წრეზე ტრიალი" წითელი კუბოს გარშემო, მთელი პლანეტის, დედამიწის ტრიალი მკვდარი ცენტრის გარშემო გადაიქცა ტოტალიტარულ-ცენტრისტული კულტურის რეკვიემად, კარნავალად, რომელშიც, ბახტინს თუ დავესესხებით, აღარ არსებობს რამპა, აღარ არის მაყურებელი და სცენა, რომელშიც ყველა თამაშობს. კრემლმა უთუოდ იგრძნო, რომ "დიად განშორებაში" ცოცხლდებოდა თავად სტალინისთვის მიუღებელი ექსცენტრიკის, ანუ გამძაფრების, საყრდენი წერტილიდან გადაადგილების, ნორმიდან გადახრის ხელოვნება. ტოტალიტარული კულტურის მითების ნგრევას ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, "შაყირს" კრემლი ვერ აიტანდა. ეს ფილმი აუცილებლად უნდა აეკრძალათ. თუმცა ვერავინ აკრძალავდა ნეკროფილურ რიტუალებს, კომუნისტი ბელადების დატირებას, რომელიც მომავალში არაერთხელ განმეორდება საბჭოთა კავშირის ისტორიაში.



  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG