Accessibility links

logo-print

მინიმალური ხელფასი და თავისუფალი ეკონომიკური ზონა


დავით პაიჭაძე, თბილისი ჯერ კიდევ ცხელია კვალი, რომელიც პარლამენტის გადაწყვეტილებამ - 115 ლარამდე გაიზარდოს მინიმალური ხელფასი - დაატყო პოლიტიკურ პროცესებს. არავის ეგონა, თუ "გაერთიანებული

დემოკრატების" ეს ინიციატივა კანონის ძალას შეიძენდა. მისაღებად საჭირო ხმები ამ წინადადებამ საპარლამენტო ოპოზიციის კონსოლიდაციით მოიპოვა, რაც პარლამენტში იშვიათად ხდება. მით უმეტეს, იშვიათია ამ რიგის თანამშრომლობა მუდმივ ოპონენტებს - "გაერთიანებულ დემოკრატებსა" და "აღორძინებას" შორის. პარლამენტის დონეზე მინიმალური ხელფასის გაზრდიდან მეორე დღეს გაჩნდა ინფორმაცია, რომ "დემოკრატები" და აჭარის პარტია გარიგდნენ და ჟვანიას გუნდი სამომავლოდ "აღორძინების" მხარდაჭერას კისრულობს თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესახებ კანონპროექტის გატანისას. რამდენად რეალურია ასეთი გათვლა?

თავისუფალი ეკონომიკური ზონა აჭარის ხელისუფლის ძველი ოცნებაა. შესაბამისი კანონპროექტის გატანას "აღორძინების" დეპუტაცია ჯერ კიდევ 1996 წლიდან ლამობს: მაშინ გურამ შარაძე და ჯემალ გოგიტიძე ერთად უსაბუთებდნენ საზოგადოებას თეზ-ის (თავისუფალი ეკონომიკური ზონის აბრევიატურაა) შესაძლო სიკეთეს ბათუმსა და თბილისის აეროპორტში. მაშინ პრეზიდენტ შევარდნაძეს პარლამენტში საიმედო უმრავლესობა ჰყავდა და კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენაც კი არ ჩატარებულა. პრეზიდენტი ღიად არ ილაშქრებდა თავისუფალი ეკონომიკური ზონის წინააღმდეგ და ამ ინიციატივის ჩაგდებაში დახმარებას საპარლამენტო ფრაქციებიდან ელოდა. ეს ვითარება კარგა ხნის, ანუ 6 წლის, მანძილზე შენარჩუნდა. უმაღლეს ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონა აჭარაში ეკონომიკურად და პოლიტიკურად საზიანოა მთლიანად საქართველოსთვის.

2003 წელს ზურაბ ჟვანია, რომლის გუნდი წლების მანძილზე გასაქანს არ აძლევდა "აღორძინების" ინიციატივას, თანხმდება შეეწიოს ტერორისტობაში მის ბრალმდებლებს თავისუფალი ეკონომიკური ზონის საპარლამენტო განხილვისას. "გაერთიანებული დემოკრატები" ამ შეთანხმებას ფრთხილად ეხმაურებიან: არც ერთ მათგანს კომენტირების დროს არ უთქვამს, რომ კენჭისყრაზე დაუჭერს მხარს კანონპროექტს. თურმე გარიგება გულისხმობდა, რომ დემოკრატები საკითხის აქტუალიზაციას, ასე ვთქვათ, პარლამენტში მის გამოცოცხლებას წაეხმარებიან.

აქ შეიძლება გავიხსენოთ "გაერთიანებულ დემოკრატთა" დღევანდელი გუნდის ადრინდელ პირუმტკიცობათა ისტორიები, რომელთაგან ყველაზე დასამახსოვრებელი ეროვნულ-დემოკრატიულ ალიანსს გადახდა წინა საპარლამენტო არჩევნებზე. გაინაღდა რა ეროვნულ-დემოკრატთა მხარდაჭერა 7%-ანი საარჩევნო ბარიერის შემოღებისას, "მოქალაქეთა კავშირმა", რომ იტყვიან, თხასავით გაყიდა ერთჯერადი პარტნიორები და 99 წელს საპარლამენტო არჩევნებზე "აღორძინებასთან" მარტო დარჩენა არჩია. მინიმალური ხელფასის გაზრდის მეორე დღეს, ალბათ, შემთხვევითი არ იყო "გაერთიანებული დემოკრატების" ახლოს მცოდნე ლევან ბერძენიშვილის კომენტარი, რომ ერთია შეპირება და გარიგება, ხოლო მეორეა გარიგების პირობათა შესრულება.

"აღორძინების" წევრებმა შეუძლებელია არ იცოდნენ ჟვანიას გუნდის დაპირებათა ჭეშმარიტი ფასი. და მაინც, მათ შეთანხმებასა თუ გარიგებაში "აღორძინების" რაციონალური ინტერესი ძევს: შრომის კოდექსში ცვლილება შევიდა აჭარის პარტიის ხელშეწყობითაც და მის წევრებს, ინიციატორთა დარად, შეუძლიათ თავი მოიწონონ მოსახლეობაზე ზრუნვით. მეორეც, მინიმალური ხელფასი ჯერ ქაღალდზეც არ გაზრდილა - პრეზიდენტმა ორშაბათს მიანიშნა, რომ აქვს საიმისო ძალა, პარლამენტის გადაწყვეტილება კანონად არ აქციოს. ანუ, მხარდაჭერის სანაცვლოდ, "აღორძინებამ" "დემოკრატებისგან" მიიღო პირობა, რომელსაც იმდენივე შანსი აქვს განხორციელდეს, რამდენიც მინიმალურ ხელფასს - გაიზარდოს. მესამეც, "დემოკრატებისა" და "აღორძინების" საერთო ინტერესს წარმოადგენს მთავრობის დასუსტება; შეცვლილი შრომის კოდექსით კი მთავრობა ნამდვილად მიაყენეს კედელთან. ამისთვის კი ღირს ივაჭრო შენი დიდი ხნის ოცნებით - თავისუფალი ეკონომიკური ზონით.
XS
SM
MD
LG