Accessibility links

logo-print

აფხაზეთის პრივატიზებისა და ჩეჩენი ბოევიკებისგან დაშინებული ქართველი გენერლის შესახებ


თებერვლის ბოლოს რუსეთის პრესაში რამდენიმე საყურადღებო ინფორმაცია გამოჩნდა აფხაზეთში მიმდინარე პრივატიზების შესახებ, რომელშიც, რუსეთის კერძო პირების გარდა, ცნობილი ფირმებიც მონაწილეობენ.

რუს ჟურნალისტებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ არც ახალი ფაზა თბილისის მიერ შემუშავებული ანტიკრიმინალური ოპერაციისა, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევისა და მისი რაზმების შემოსვლის აღკვეთა წარმოადგენს.

2 მარტის გაზეთ "იზვესტიის" ინფორმაციით, აფხაზური სააგენტო "აბხაროსის" საიტი მსურველებს არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე, კერძო სახლიდან დაწყებული და საწყობებითა და მაღაზიებით დამთავრებული, ნებისმიერი სახის უძრავი ქონების შეძენას სთავაზობს. მაგალითად, საკურორტო ქალაქ ბიჭვინთაში კეთილმოწყობილი სახლის ყიდვა სულ რამდენიმე ათას დოლარად შეიძლება.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საქართველოს ქონების მართვის მინისტრის სოლომონ პავლიაშვილის განცხადება, რომ უძრავი ქონების შესახებ დადებული ყველა ასეთი გარიგება ძალადაკარგულად ჩაითვლება, გაზეთის ცნობით, ამ შანსს თურმე რუსეთის მოქალაქეები ხელიდან არ უშვებენ. მეტიც, ასეთ გარიგებებს აფხაზეთის ტერიტორიაზე ხშირად სწორედ ის რუსის მოხელეები წარმართავენ, რომლებიც სიტყვით ყოველთვის აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

გაზეთ "იზვესტიის"ცნობით, აფხაზური კურორტებისა და დასასვენებელი სახლების უმრავლესობა რუსეთის შეძლებული მოქალაქეების მიერ უკვე შესყიდულია. სოხუმში განლაგებული თავდაცვის სამინისტროსა და საჰაერო ძალების პრესტიჟული სანატორიუმები თურმე ერთ-ერთ ცნობილ რუს გენერალს შეუძენია, ხოლო სოხუმის ღვინის კომბინატი და ლუდის ქარხანა, ასევე, რუსეთის მთავარობის ერთ-ერთი ყოფილი წევრის საკუთრება გამხდარა.
ამ ფონზე სრულიად ლოგიკურად ჟღერს რუსი ჟურნალისტის დასკვნა: აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების შესყიდვამ, თავისი სიმწვავით, შესაძლოა, სულ მალე რუსეთ-საქართველოს შორის დღემდე არსებული ყველა - მათ შორის, პანკისელი ტერორისტების - პრობლემა დაჩრდილოსო, წერს გაზეთი "იზვესტია".

თუმცა პანკისის ხეობას ასე იოლად ნამდვილად არ უწერია დავიწყება. განსაკუთრებით მოუხელთებელი რუსლან გელაევის ლანდი არ ასვენებს როგორც რუს, ისე ქართველ სამართალდამცველებს. 2 მარტის გაზეთ "ვრემია ნოვოსტეისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე გენერალი ვალერი ჩხეიძე იტყობინება, რომ ქართველ მესაზღვრეებს რუსი კოლეგებისთვის უცნობებიათ ადგილსამყოფელი რუსლან გელაევისა, რომელიც ამჟამად გროზნოსთან ახლოს იმყოფება.

ქართველი გენერალი ასევე დარწმუნებულია, რომ ივნისამდე გელაევი საქართველოსკენ რეიდს გაიმეორებს, და ყველა ზომებს მიმართავს საზღვრის გასაძლიერებლად. ვალერი ჩხეიძის თქმით, ასეთი ოპერატიული მუშაობის გამო აღშფოთებული ჩეჩენი ბოევიკები თურმე მუქარას მუქარაზე უთვლიან ქართველ მესაზღვრეებს. "საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ დაცვის განსაკუთრებული ზომების მიღება საკუთარი ოჯახის მიმართაც დამჭირდაო", აღნიშნავს გენერალი ვალერი ჩხეიძე.
XS
SM
MD
LG