Accessibility links

logo-print

ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება ენერგეტიკულ კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს


ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებით გამოწვეული უკმაყოფილება სულ უფრო ღრმავდება. „AES თელასის" მიმართ მთავრობის მხრიდან დათმობებზე წასვლის მიუხედავად, საბოლოოდ კვლავაც არაა

გარკვეული AES-ი იჩივლებს თუ არა საერთაშორისო არბიტრაჟში. სარჩელის შეტანა, ოღონდ ქართულ სასამართლოში, უკვე გადაწყვიტეს ტარიფის შემცირებით დაზარელებულმა სხვა სუბიექტებმა, კერძოდ კი, ენგურჰესმა და საქართველოს გაერთიანებულმა ელექტროსისტემამ.

4 მარტს უზენაეს სასამართლოში შევა გაერთიანებული ელექტროსისტემისა და ენგურჰესის სარჩელი, რომლის განხილვაზეც საოლქო სასამართლომ უარი განაცხადა. ელექტროსისტემის სუბიექტები მოითხოვენ გაუქმდეს მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, დენის თითქმის 14 თეთრიან ტარიფში ელექტროგენერაციისა და გადაცემის ისედაც მოკრძალებული წილი, 1,8 თეთრი, 0,2 თეთრით შემცირდა. თუ რა გაანგარიშებებით ხელმძღვანელობდა ამ გადაწყვეტილების მიღებისას ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ელიზბარ ერისთავი, მისი განცხადებიდანაც ნათელია:

[ერისთავის ხმა] „შემცირება მოხდა ეკონომიკური გაანგარიშების გარეშე. პირდაპირ შემცირდა ტარიფი. წარმოებისათვის შემცირდა 20 პროცენტით, განაწილება-გადაცემისათვის შემცირდა 10 პროცენტით."

ასეთი გადაწყვეტილება რომ ეკონომიკურად გაუმართლებელია, თუნდაც იქიდან ჩანს, რომ ისედაც უფულოდ დარჩენილი ელექტროგენერაცია ფუნქციონირებისათვის საჭირო ელემენტარული რესურსების გარეშე რჩება. გენერაციის ობიექტების მიმართ დავალიანების დაგროვება სადისტრიბუციო სისტემის ჩვევად იქცა და, თუ კიდევ თანხა დააკლდა, გენერაცია გაჩერების საფრთხის წინაშე დადგება. საქართველოს გაერთიანებული ენერგოსისტემის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბეგიაშვილის განცხადებით:

[ბეგიაშვილის ხმა] „ჩვენი ტარიფი ბოლო 2 წლის განმავლობაში 3-ჯერ იქნა შემცირებული. 1,3 იყო გადაცემის ტარიფი, ჩამოვედით 0,921-მდე და ამასაც გვაკლებენ ახლა 10%-ით. 0.30 იყო დისპეტჩერიზაციის ტარიფი, ჩამოვედით 0,15-მე და ამასაც გვაკლებენ. თუ გამოაცხადებენ, ამ ხალხმა უხელფასოდ იმუშაოსო, ალბათ, ამასაც გააკეთებენ ენერგეტიკოსები, მაგრამ ... ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ტარიფი უნდა იყოს ეკონომიკური გათვლის შედეგი."

ვახტანგ ბეგიაშვილი შიშობს, რომ ტარიფის შემცირება შეაფერხებს ირლანდიის კომპანიის მიერ ელექტროდისპეტჩერიზაცია-გადაცემის მართვის განხორციელების დაწყებას. „ი-ეს-ბი-აი ჯორჯია" 3 მარტიდან უნდა შეუდგეს დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის მენეჯმენტს. მან ეს უფლება 5 წლის ვადით მოიპოვა და ვალდებულებას იღებს ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია მოახდინოს. ამ პროექტის განსახორციელებლად მსოფლიო ბანკმა 56 მილიონი დოლარის კრედიტი გამოყო.

ასევე ჩაშლა ემუქრება ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტს. ევროკომისიის 5 მილიონიანი გრანტით ენგურჰესის კაშხლის მისაყრდენი ფარი უნდა აღდგეს, რაც, დაახლოებით, დამატებით 10 მილიონი ლარის ღირებულების ელექტროენერგიის გამომუშავებას უზრუნველყოფს. ამ პროექტების ჩაშლის შესაძლებლობას ადასტურებს ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავაც:

[მირცხულავას ხმა] „ რეალური ტარიფის 0,2 თეთრით შემცირება მოგვიტანს უზარმაზარ ზარალს მთელი რეაბილიტაციის დარგში და ენერგომიწოდების გაუარესებას, თუ ეს არ შეიცვალა."

ამ მდგომარეობის შეცვლა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია. თუმცა უზენაესი სასამართლოს მიერ მომჩივანთა დაკმაყოფილებისას კითხვის ქვეშ დგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. გაერთიანებული ენერგოსისტემის სარჩელის უგულებელყოფის შემთხვევაში კი სისტემის თანამშრომელთა გაფიცვაა მოსალოდნელი. არის მეორე გზაც - დაზარალებულმა სუბიექტებმა მარეგულირებელ კომისიაში ტარიფში თავიანთი წილის ახალი ეკონომიკური გაანგარიშება წარადგინონ და მისი დამტკიცება მოითხოვონ. მარეგულირებელი კომისია იძულებული გახდება გენერაციის ობიექტების მოთხოვნა ტარიფის შემადგენელი სხვა კომპონენტების შემცირების ხარჯზე დააკმაყოფილოს. სხვა კომპონენტად კი მხოლოდ „თელასიღა" რჩება, რომელიც ისედაც უკმაყოფილოა დენის საფასურში მისი წილის უმნიშვნელო კლებითაც კი. შესაბამისად, პრობლემა სულ უფრო მეტად ემსგავსება გადაულახავ დილემას.
XS
SM
MD
LG