Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დაიწყო პანკისის ანტიტერორისტული ოპერაციის ახალი ეტაპი


პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის მეორე ეტაპი გახსნილად ორშაბათს გამოცხადდა, თუმცა სამართალდამცავები პანკისის ხეობის სოფლებში უფრო ადრე გააქტიურდნენ, თანაც, ისე,

რომ ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვიეს.
პანკისის ხეობიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტიტერორისტული ოპერაცია ახალ ეტაპზე პანკისის ხეობაში მცხოვრები ადამიანების უფლებების უხეში დარღვევით დაიწყო.

პანკისის ხეობაში შინაგანი ჯარების კონტინგენტი იმყოფება. ხეობაში დამატებითი ძალების შეყვანის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა. ანტიტერორისტული ოპერაციის მეორე ფაზის გახსნასთან დაკავშირებით არც დამატებითი ბლოკ-საგუშაგოების გახსნის შესახებ დავალება გაცემულა. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ, პანკისის ხეობაში აქამდე გატარებული ღონისძიებების შედეგად, ანტიტერორისტულ ოპერაციაში ჩართულ ძალებს ჯერჯერობით სერიოზული პრაქტიკული ღონისძიებების გატარება არ ევალებათ. ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებიც ერთხმად აღიარებენ, რომ პანკისში ტერორისტები აღარ იმყოფებიან, ამიტომ იქ მათ მიერ დასახული სამუშაოები პროფილაქტიკური შინაარსისაა და ხეობაში შეიარაღებულ მებრძოლთა ხელახალი შემოჭრის საშიშროების მოხსნას ემსახურება. ოპერაციის ახალი ფაზა გახსნილად ორშაბათს გამოცხადდა, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის უფრო ადრე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით დაიწყო. ეს ინფორმაცია დუისელმა ახალგაზრდებმა "კავკასიური სახლის" თანამშრომელს მექა ხანგოშვილს 2 მარტს, ღამით, სატელეფონო საუბრისას მიაწოდეს.

[მექა ხანგოშვილის ხმა ] " მითხრეს, რომ დიდი განუკითხაობაა მთელ ხეობაში, მასობრივად მიდის მოსახლეობის შევიწროება, ოჯახებში შეჭრა, კარების შემტვრევა, უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება, ჩხრეკა მოწმეების დასწრების გარეშე. როგორც მითხრეს, აი, ასეთ ფაქტებს აქვს ადგილი - ეს არის, რაც მითხრეს, მე პირადად არ შევსწრებივარ ამას. "

დუისელმა ახალგაზრდებმა მექა ხანგოშვილს სთხოვეს, დაკავშირებოდა სახალხო დამცველს და მისთვის საკუთარი წარმომადგენლის ხეობაში მივლინება ეთხოვა. ქალბატონ მექას თქმით, პანკისელი ახალგაზრდები ხეობაში ჟურნალისტების შეშვებასაც მოითხოვენ და ამისთვის ევროსაბჭოს წარმომადგენლობაში სპეციალური მიმართვის გაგზავნას აპირებენ.

მექა ხანგოშვილის ინფორმაციით, განუკითხაობა, რომელიც პანკისში ანტიტერორისტული ოპერაციის მეორე ფაზის დაწყებას დაერთო, ადგილობრივ ქისტ მოსახლეობასაც შეეხო და პანკისის ხეობაში ჩასახლებულ ჩეჩენ ლტოლვილებსაც. მისივე თქმით, სრულიად უდანაშაულო ქისტი ახალგაზრდის დაპატიმრება მოჰყვა 28 თებერვალს საპატრულო ავტომანქანის დაცხრილვის ფაქტს. აი, ასეთი საჩივრები გავრცელდა იმ ოპერაციის განახლებისთანავე, რომელშიც თავდაცვის სამინიტროს ძალების ჩართვაც არის დაგეგმილი, თუმცა აღნიშნული ძალები პანკისის ხეობაში ჯერ არ შეუყვანიათ, რადგან ამის საჭიროება არ გამოკვეთილა. ანტიტერორისტული ოპერაციის ახალი ფაზისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი სპეციალურ გეგმას ამუშავებს და ასევე დამუშავების სტადიაშია სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის გეგმაც, რომელიც სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთის და დაღესტნის მონაკვეთის გაძლიერების მიზანს უკავშირდება.
XS
SM
MD
LG