Accessibility links

logo-print

პაკისტანში დააპატიმრეს ტერორისტული ქსელის დიდხანს ძებნილი ერთ-ერთი ლიდერი


პაკისტანის დაზვერვის სამსახურმა შაბათს ისლამაბადის მახლობლად დააკავა 1996 წლის შემდგომ აქტიურ და საშიშ დამნაშავედ ცნობილი, ალ ყაიდის ქსელთან პირდაპირ კავშირში ბრალდებული ხალიდ შეიხ მოჰამედი.

გამოძიების ფედერალური ბიურო დიდხანს ელოდა შესაძლებლობას, ხელში ჩაეგდო ეს საშიში პიროვნება, რომელსაც ვაჭრობის მსოფლიო ცენტრზე თავდასხმის ორგანიზებაში მონაწილეობა ბრალდება. ხალიდ შეიხ მოჰამედის დაკავება ტერორიზმთან ბრძოლაში დიდ წარმატებად მიიჩნიეს შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა. შეერთებული შტატების სენატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა სენატორმა პატ რობერტსმა თქვა, რომ ეს აქტი ალ ყაიდისთვის მიყენებული დიდი დარტყმაა.

ხალიდ შეიხ მოჰამედი დაიბადა 1965 წელს ქუვეითში, პაკისტანელი ემიგრანტის ოჯახში. მოგვიანებით ის სწავლობდა შეერთებულ შტატებში, ჩრდილოეთი კაროლინის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც საინჟინრო საქმეს დაეუფლა. მას ახასიათებენ როგორც მშვიდ და რადიკალიზმისგან შორს მყოფ სტუდენტს.
პირველად ძებნილთა სიაში მოჰამედი მოხვდა 1996 წელს, როცა იეჭვეს, რომ წყნარი ოკეანის თავზე ამერიკის სამგზავრო თვითმფრინავზე თავდასხმის მომზადებაში იყო გარეული. ფილიპინების დაზვერვის მონაცემებით, მასვე ერია ხელი რომის პაპზე თავდასხმის მოწყობაში. მას მერე მოჰამედის გვარს ასახელებდნენ კენიასა და ტანზანიაში შეერთებული შტატების საელჩოებზე, ასევე იემენში შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდზე მოწყობილ თავდასხმებთან დაკავშირებით. მოჰამედი რომ მსხვილი ტერორისტია, იქიდან ჩანს, რომ შეერთებული შტატების მთავრობა 25 მილიონ დოლარს ჰპირდებოდა მას, ვინც მის ასავალ-დასავალს მიაგნებდა. პაკისტანის გაზეთები წერდნენ, რომ მოჰამედივე შეიძლებოდა ყოფილიყო ის კაცი, ვინც ამერიკელ ჟურნალისტ დენიელ პერლს ყელი გამოჭრა 2002 წელს.

ჩვენი კორესპონდენტი ესაუბრა შოტლანდიის სენტ ენდრიუს უნივერსიტეტის ტერორიზმის კვლევის ცენტრის დირექტორს მაგნუს რენსტორპს, რომელმაც დაადასტურა, რომ პაკისტანელი და ამერიკელი ოფიციალური პირები არ აჭარბებენ, როცა ამ დაპატიმრების ამბავს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ:

[რენსტორპის ხმა] "გადაჭარბება არ ხდება. ის ერთობ მნიშვნელოვანი პიროვნებაა, რომელსაც ხანგრძლივი გავლენა ჰქონდა. მას ტექნიკური ხასიათის გამოცდილება აქვს, იცნობს ალ ყაიდის წევრებს მთელ მსოფლიოში."

შოტლანდიელი მეცნიერის ნათქვამს ადასტურებს "ნიუ იორკ ტაიმსი", რომელიც წერს, რომ ხალიდ შეიხ მოჰამედი მეკავშირე-მეთაური იყო, იყენებდა შიკრიკებს, სარგებლობდა ელექტრონული ფოსტით და სატელეფონო ცნობების კოდირებას განაგებდა. ამიტომაც მოხერხდა, დაასკვნის გაზეთი, მისი ადგილსამყოფლის მიგნება.
XS
SM
MD
LG