Accessibility links

logo-print

შეერთებულმა შტატებმა ჩეჩენთა სამი ორგანიზაცია ტერორისტულ გაერთიანებათა სიაში შეიტანა


თეთრმა სახლმა შარშან რუსეთი ჩეჩნეთში ძალის გადაჭარბებული მასშტაბით გამოყენებაში დაადანაშაულა. ახლა ვაშინგტონმა კურსი შეცვალა: ჩეჩნეთის წინააღმდეგობის მოძრაობის სამი გაერთიანება

ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიტანა. ამით ვაშინგტონმა გადადგა ნაბიჯი, რომელსაც მთელი წელი ესწრაფოდა და ხელს უწყობდა რუსეთი. სახელმწიფო დეპარტამენტმა სამი ჯგუფი - "ჩეჩენ მარტვილთა მზვერავ-დივერსიული რაზმი რიადუს სალიჰინი" , "საგანგებო დანიშნულების ისლამური პოლკი" და "ისლამური საერთაშორისო ბრიგადა" - პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი 13224-ე განკარგულებით, ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიტანა. ამგვარი განკარგულება, ჩვეულებრივ, გულისხმობს ხოლმე, რომ ამერიკის მოქალაქეებს ეკრძალებათ ამ ჯგუფებისთვის ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევა, მათ წევრებს შტატებში შეღწევის უფლება ჩამოერთმევათ და მათი ქონება, თუკი ის ამ სახელმწიფოშია, იყინება. შეერთებული შტატების და რუსეთის მთავრობები ერთმანეთთან თანამშრომლობენ იმ მხრივაც, რომ გარკვეულ ურთიერთდათმობებზე მიდიან, ურთიერთგარიგებების საფუძველზე. ამერიკის ოფიციალური წარმომადგენლები უარყოფენ, რომ ვაშინგტონი ერაყის კრიზისში მხარდაჭერის მიღებას ცდილობს რუსეთისგან და ამ აქტით მოსკოვს სურს ასიამოვნოს.
მოსკოვის ემისრები, როგორც ოფიციალურად დაუდასტურებელი წყაროები გვამცნობენ, ამ საკითხის განსახილველად ვაშინგტონში სტუმრობდნენ. მოსკოვის მიერ შეთავაზებული სია იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც მას სურდა ტერორისტულად გამოცხადებულიყო ამერიკაში, სახელმწიფო დეპარტამენტმა, ჩანს, სრულად არ მიიღო. მის მიერ ამ კატეგორიაში შეტანილი რაზმებიდან ერთი სულ ახალი შექმნილია, ორი კი უკვე გარდაცვლილ ბარაევსა და ხატაბს უკავშირდება. ამ რაზმებთან არის დაკავშირებული შამილ ბასაევი, რომელმაც იკისრა კიდეც მოსკოვში მძევლების აყვანის პასუხისმგებლობა და რომელიც, როგორც ამაში შეერთებული შტატების ოფიციალური პირები არიან დარწმუნებულები, ალ ყაიდის ქსელთან თანამშრომლობდა და მისგან ფულად დახმარებასაც იღებდა. ამ სიაში ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ასლან მასხადოვის ჯგუფების შეუყვანლობა იმაზე მეტყველებს, რომ შეერთებული შტატები მოსკოვს მოუწოდებს მშვიდობიანად მოაგვაროს ჩეჩნეთის კონფლიქტი, რაც თეთრი სახლის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა დაადასტურა კიდეც და იქვე მოსკოვს შეახსენა, ანტიტერორიზმში ჩვენი პარტნიორის - საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ ვუჭერთ მხარსო:
[ბაუჩერის ხმა]
"ჩეჩნეთის კონფლიქტი არ შეიძლება მოგვარდეს სამხედრო გზით და პოლიტიკურ გადაჭრას საჭიროებს. ამასთან, ხაზს ვუსვამ, რომ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში პარტნიორი ქვეყნის - საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას".
ბაუჩერის ნათქვამი, რომ ვაშინგტონი ყველა ჩეჩენ მებრძოლს ტერორისტად არ მიიჩნევს, არ აკმაყოფილებს ჩეჩნეთში მშვიდობის მომხრე ამერიკელებს. ამერიკის ორგანიზაციის - ჩეჩნეთში მშვიდობის კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი გლენ ჰაუარდი ამბობს, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი ჩეჩნეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას უფრო გააძნელებს:
[ჰაუარდის ხმა]
"ჩეჩნეთში არიან ტერორისტული ელემენტები, ზოგი მათგანი ძალიან საშიშია, ამაზე არავინ კამათობს. პრობლემა ის არის, რომ გრძელდება ყველა ჩეჩენის ტერორისტული ორგანიზაციების წევრად, მათ თანამზრახველად შერაცხვა. ეს კი საქმეს უძნელებს ომის მოწინააღმდეგე რუსებს მოსკოვში. მთავრობა თავის ქმედებას ამართლებს და მათ ეუბნება: შეხედეთ, ამერიკა ჩვენ მხარს გვიჭერსო".
ბოლოს შეგახსენებთ: იმისათვის, რომ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში მოხვდეს, უცხო ქვეყნის გაერთიანება შემჩნეული უნდა იყოს ტერორისტულ თავდასხმებში ან უნდა გეგმავდეს ტერორისტულ თავდასხმებს, რომელიც ემუქრება ამერიკის მოქალაქეებს ან ამერიკის ინტერესებს. ამ სამ ჯგუფს, ამ კონტექსტში, ალ ყაიდისგან ფულის მიღებას აბრალებენ.
XS
SM
MD
LG