Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ჯაბა იოსელიანი


დავით პაიჭაძე, თბილისი 4 მარტს, დილის 5 საათზე, თბილისში გარდაიცვალა ჯაბა იოსელიანი. უკვე ერთი კვირის წინ, როცა ჯაბა იოსელიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, ექიმები სანუგეშოს ვერაფერს ამბობდნენ.

26 თებერვალს მძიმე ინსულტის შემდეგ მისი გარდაცვალება მოულოდნელი არ ყოფილა. მაგრამ მანამდე ეს ძნელი წარმოსადგენი იყო: ყველა, ვინც თუნაც ბოლო დროს შეხვედრია ჯაბა იოსელიანს, გაკვირვებული იყო ამ კაცის შემართებითა და ჯანმრთელი იერით. გაკვირვებული იმიტომ, რომ ყველას ახსოვს, ვინ იყო და რა გადაიტანა ჯაბა იოსელიანმა.

ჯაბა იოსელიანზე გულახდილ ლაპარაკს ერიდებოდნენ მის სიცოცხლეში და ჯერჯერობით მოერიდებიან მისი გარდაცვალების შემდეგაც. არა მხოლოდ იმიტომ, მკვდრებზე ან კარგი ითქმის, ან არაფერი. ჯაბა იოსელიანი დღესაც ბოლომდე აღუწერელი და აუხსნელი ფენომენია, მიუხედავად იმისა, რომ მისი უკანასკნელი აღორძინება თუ ფერისცვალება აღარ შედგა: ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჯაბა იოსელიანი კერძო პირად დარჩა, პოლიტიკურ ასპარეზზე დასაბრუნებლად მას ძალა და რესურსები აღარ ჰქონდა. დრო თითქოს კმაროდა საიმისოდ, რომ ჯაბა იოსელიანზე, თუნდ როგორც საქართველოს ბოლო 15 წლის ისტორიის ნაწილზე, ვინმეს ემსჯელა, მაგრამ ასეთი მსჯელობა ან დაიზარეს, ან მოერიდნენ.

არასოდეს არავის, ჯაბა იოსელიანის თავგამოდებულ მოწინააღმდეგესაც კი, ეჭვი არ შეუტანია მის პიროვნულ სიმამაცეში, რაც ათეულობით საუკუნეა, მამაკაცის სიქველედ ითვლება. ამ სიქველეს ჯაბა იოსელიანი ავლენდა ძალდაუტანებლად, ყოველგვარი ხაზგასმის გარეშე. მისი სიმამაცე და შეუპოვრობა ჩანდა გამსახურდიასთან დაპირისპირების დროს, სამოქალაქო ომის დროს, ციხეში ყოფნისა თუ ჩვეულებრივი ლაპარაკის დროსაც. დღევანდელი, 60-ს მიტანებული თუ გადაცილებული ნაკომკავშირალი ძველი ბიჭებისგან განსხვავებით, ჯაბა იოსელიანს არ შეეძლო და არც სჭირდებოდა ხმისა თუ იერისთვის რისხვისა და სიგოროზის შემატება. ამ ყოველივეს აკეთებდა მისი წარსული, მისი რეპუტაცია, მისი სახელი და გვარი. ჯაბა იოსელიანი ყოველთვის ბუნებრივი იყო, ხანდახან მსუბუქიც, რაც აბნევდა ადამიანებს - ჩვენ ვერ წარმოგვედგინა ჯერ დიდი გავლენისა და ძალაუფლების, ერთი შეხედვით, იოლად ტვირთვა და ზიდვა, ხოლო შემდეგ მისი დაკარგვის ასევე იოლად ატანა. გასაკვირი იყო ჯაბა იოსელიანის ერთი უნარი, რაც მას მითოლოგიურ პერსონაჟებს ამსგავსებს: ცხოვრება მას ულმობლად კორტნიდა, მაგრამ ჯაბა იოსელიანი ყოველთვის ახერხებდა თავის გამრთელებას.

რა კვალი დაატყო ჯაბა იოსელიანმა 90-ანი წლების პირველ ნახევარში საქარველოს პოლიტიკურ ყოფასა და ახალგაზრდა თაობის საგრძნობი ნაწილის მსოფლმხედველობას, თავისთავად ცხადი სულაც არ არის. კერძო საუბრებში ახლაც ხშირად მოისმენთ, რომ ამ პერიოდის თბილისის გადაქცევა ახალგაზრდა განგსტერებისა და ნარკომანების ქალაქად დიდწილად განსაზღვრა ჯაბა იოსელიანის მოტანილმა წესებმა. არადა, სასამართლო პროცესზე მას პრაქტიკულად ვერ დაუმტკიცეს წაყენებული ბრალდებები, მანამდე უკანონოდ დააპატიმრეს. თავად ცხოვრების ჯანმრთელ წესს მისდევდა: ცოტას და შერჩევით მიირთმევდა და დილაობითაც ნახავდით თბილისის იპოდრომზე მოციონის დროს.

ჯაბა იოსელიანმა ნახა, გამოსცადა და იწვნია ყველაფერი: იყო მაღალი ავტორიტეტი საბჭოთა კრიმინალიტეტში, თითქმის 40 წლისა გახდა სტუდენტი და მიაღწია მეცნიერებათა დოქტორისა და პროფესორის წოდებას, წერდა პროზას, ფლობდა თითქმის შეუზღუდავ ძალაუფლებას საქართველოში, 65 წლის ასაკში კი მეომარი გახდა. გარდაიცვალა ჯაბა იოსელიანი კერძო პირად, - მაშინ, როცა საზოგადო, პოლიტიკურ და სახელმწიფო ასპარეზზე მისი ადგილი აღარ იყო.
XS
SM
MD
LG