Accessibility links

logo-print

"ახალი ქსელები" ტარიფის გაზრდას "ელექტროკავშირს" აბრალებს


დედაქალაქში სატელეფონო მომსახურების ბაზარს, რეგიონების დარად, ძირითადად, ორი კომპანია ფლობს: სახელმწიფო კომპანია "ელექტროკავშირი" და მისი უშუალო კონკურენტი "ახალი ქსელები",

რომელიც 1997 წელს კავშირგაბმულობის მაშინდელმა მინისტრმა ფრიდონ ინჯიამ დააფუძნა. "ახალი ქსელების" საკითხის აქტუალიზება, გარკვეულწილად, ამ ეტაპზეც ექსმინისტრ ინჯიას სახელს დაუკავშირდა: მან "ახალ ქსელებს" ტარიფის გაზრდის გამო უჩივლა და საქმე თბილისის საოლქო სასამართლოში აღძრა. იმავე მიზეზით "ახალი ქსელების" წინააღმდეგ გასულ კვირას სარჩელი ვაკე-საბურთალოს სასამართლოში ნაციონალურმა მოძრაობამაც შეიტანა. როგორ გრძნობს მომხმარებელი თავს პოლიტიკურად შეფერილი სატარიფო ომის პირობებში?

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს დედაქალაქში რამდენიმე ახალი სატელეფონო ოპერატორი გაჩნდა, ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობა ისევ "ელექტროკავშირსა" და "ახალ ქსელებს" უჭირავთ. "ელექტროკავშირი" თბილისში 200 000 აბონენტს ემსახურება, "ახალი ქსელები" კი, საშუალოდ, -84 000. "ელექტროკავშირის" სააბონენტო ტარიფი გასულ წელს გაიზარდა და მაქსიმუმ 4 ლარი შეადგინა. 1997 წლიდან გასულ თვემდე ტარიფსა და მომსახურების პირობებს უცვლელად ინარჩუნებდა "ახალი ქსელები", მაგრამ 20 თებერვლიდან ნავსი გატყდა და სააბონენტო ტარიფი "ახალი ქსელების" მომხმარებელთათვის ერთბაშად გაორმაგდა. დღევანდელი მდგომარეობით, ტარიფი 2 ლარს შეადგენს. ძალაშია 300 წუთის ოდენობის უფასო გამავალი და, შესაბამისად, შეუზღუდავი შემავალი საუბრები. ლიმიტს ზემოთ საუბრები დღისით ერთი წუთი ისევ 2 თეთრი ღირს, ღამის საათებში კი - ისევ 1 თეთრი. მთლიანობაში კი, ყოველთვიური გადასახადი სოლიდურ ციფრს აღწევს. ასეთ ვითარებაში "ახალი ქსელების" ცალკეული აქტიური აბონენტისთვის, სხვა კომუნალურ გადასახადებთან შედარებით, დამატებითი ერთი ლარი ანგარიშგასაწევ თანხას იქნებ არც კი წარმოადგენდეს, მაგრამ მომხმარებელთა უმრავლესობა ასე არ ფიქრობს. რაც მთავარია, თვითონ "ახალი ქსელები", მომხმარებლის ხარჯზე, ერთბაშად იორმაგებს შემოსავლებს და ტარიფის გაზრდას პრაქტიკულად "ელექტროკავშირს" აბრალებს.
[მზია კაპანაძის ხმა] "ჩვენ ინიციატორები არ ვიყავით ამ გაზრდის. უბრალოდ, იძულებულნი ვიყავით, ვინაიდან 97 წლის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, თვითღირებულება გაძვირდა უფრო, გაიზარდა. ჩვენ ახლა, რაც შეიძლებოდა, შევიკავეთ თავი, მაგრამ ჩვენც ჩვენი რაღაც ფინანსური სიძნელეები გვაქვს და... მაგრამ ეს მაინც, პირველ რიგში, "ელექტროკავშირმა" გაგვიძვირა და ჩვენ უკვე სხვა გზა, უბრალოდ, არ გვქონდა."
"ახალი ქსელების" ეკონომიკურ საკითხთა მენეჯერის მზია კაპანაძის თქმით, "ელექტროკავშირმა" "ახალ ქსელებს" სახაზო - საკაბელო წყვილების მომსახურება გაუძვირა, რაც ტარიფის გაზრდის ძირითად მიზეზად იქცა. ამ მიზეზს კატეგორიულად უარყოფს "ელექტროკავშირის" დირექტორის მოადგილე მერაბ კანკავა:
[მერაბ კანკავას ხმა] "ჩვენ მომსახურებას ვუწევთ ყველა კომპანიას, მათ შორის, "ახალ ქსელებსაც". და ახლა "ახალმა ქსელებმა" ტარიფი გააძვირა და დააბრალოს "ელექტროკავშირს", ეს ჩვენი პორბლემა არ არის."
როგორც აღმოჩნდა, სატელეფონო ოპერატორის მიერ ტარიფის თვითნებური ზრდა არც კავშირგაბმულობის მარეგულირებელი კომისიის პრობლემაა.
[დავით პატარაიას ხმა]"ტარიფებს ჩვენ ვადგენთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება დადგენილი, რომ კონკურენტუუნაროა გარემო, ბაზარი. სხვა შემთხვევაში ტარიფები ლიბერალიზებულია."
კომისიის წევრის დავით პატარაის კომენტარს კი დავძენთ, რომ, სატელეფონო ბაზარზე არსებული კონკურენტუნარიანი გარემოს მიუხედავად, მომხმარებლისთვის არჩევანი პრაქტიკულად მაინც შეზღუდულია და ეს გამოიხატება იმ სოციალური პასიურობით, რომელსაც ტარიფის გაძვირების თუნდაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. როგორც "ახალ ქსელებში" განგვიმარტეს, ტარიფის გაძვირების გამო ჯერჯერობით კონტრაქტი არც ერთ აბონენტს არ გაუწყვეტია.
XS
SM
MD
LG