Accessibility links

logo-print

დატოვებენ თუ არა რუსეთის სამშვიდობო ძალები საქართველოს ტერიტორიას


ბოლო წლების მანძილზე აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელების საკითხი სათუო არაერთხელ გამხდარა. თუმცა მისიის შეწყვეტა ისეთი

რეალური არასდროს ყოფილა, როგორიც ბოლო ერთი თვის მანძილზე იყო. აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობიმყოფელებისთვის მანდატის მორიგი 6 თვით გაგრძელება ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევის შემდეგაც კი ძლივს მოხერხდა. რა ბედი ელით რუსეთის სამშვიდობო ძალებს მომავალში?

თბილისში ყველასთვის მოულოდნელი იყო რამდენიმე თვის წინ თავად რუსი პოლიტიკოსების გამოსვლა აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობო ძალების გაყვანის ინიციატივით. თუ ქართველებს არ გინდათ, მაშინ ჯარებს გავიყვანთო, - აცხადებდნენ მოსკოვში და იქვე იმ საშიშროებაზე მიანიშნებდნენ, რომელიც ცისფერჩაფხუტიანთა გაყვანას შეიძლება თან ახლდეს. ესაა საბრძოლო მოქმედებების პროვოცირება, რაც რუსეთისთვის დიდ სირთულეს არ წამოადგენს.

შესაბამისად, ამ საფრთხის მუქარით, მოსკოვი თბილისისგან სამშვიდობო ჯარების დისლოცირებაზე სტრატეგიულად გაცილებით მნიშვნელოვანი დათმობის მიღწევას შეეცდება. მაგალითად, სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენას, რაც რუსეთს სომხეთთან დაკავშირების საშუალებას მისცემს. რკინიგზის აღდგენით თუ რა სარგებლის მიღებას ვარაუდობს ქართული მხარე, ეს პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებიდან ჩანს:

[შევარდნაძის ხმა] „მე ვადასტურებ საქართველოს მზადყოფნას, დიდწილად საკუთარი ძალებით აღადგინოს სარკინიგზო მოძრაობა სოჭი-სოხუმი-თბილისის მიმართულებით, აფხაზეთში ლტოლვილთა დაბრუნების სინქრონულად. ვიმეორებ, რომ თვით ეს სიტყვა - სინქრონულად - ბატონ პუტინს ეკუთვნის."

ამ საკითხებზე მსჯელობა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის 6 - 7 მარტს სოჭში გაიმართება. სანამ პრეზიდენტები სინქრონიზაციაზე შეთანხმდებოდნენ, მანამდე რუსეთის სამხედროები სამშვიდობო მისიის შეწყვეტისთვის მზადებას იწყებენ. ამ მიზნით 28 თებერვალს ზუგდიდის მერს მოულოდნელად ესტუმრა რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში ვალერი ევნევიჩი. ზუგდიდის მერის ნუგზარ ანთელავას განცხადებით, ევნევიჩმა მას სამშვიდობო ჯარების დისლოკაციის ადგილებიდან გაყვანის გეგმა გააცნო.

[ანთელავას ხმა] „ამ ჯარების გაყვანის შემთხვევაში რა მარშრუტით უნდა წავიდნენ, ის პოსტები, რა პოსტებიც უჭირავთ, როგორ უნდა გადმოვიდეს, ჩაიბაროს ჩვენმა მხარემ და ასე შემდეგ. უბრალოდ, ჩვენთან შეთანხმება უნდოდათ იმისთვის, რომ გასვლის შემთხვევაში უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული."[სტილი დაცულია]

მომდევნო დღეებში ევნევიჩმა უსაფრთხოების ზონის მეორე მხარესთან, სოხუმის ხელისუფლებასთანაც, გამართა შეხვედრები. თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი შამბას განცხადებით: „რუსეთის ხელისუფლებისთვის მიუღებელია ქართული მხარის მიერ სამშვიდობოების მანდატში ცვლილებების შეტანის ინიციატივა და ის ულტიმატუმის ფორმა, რომლითაც ქართულმა მხარემ მოსკოვისგან ამ ცვლილებების განხორციელება მოითხოვა." შამბა ვარაუდობს, რომ აფხაზეთიდან რუსი მშვიდობისმყოფელების გაყვანა შეიძლება აფხაზეთისთვის მომგებიანიც კი აღმოჩნდეს.

4 მარტს ვალერი ევნევიჩი თბილისს ესტუმრა, მანამდე კი ცხინვალის რეგიონში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ჯარებიც მოინახულა. საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში დახურულ კარს მიღმა გამართულ მოლაპარაკებებზე აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი მშვიდობისმყოფელების გაყვანის გეგმა განიხილებოდა. მისაღებია თუ არა ეს გეგმა ქართული მხარისათვის, გაურკვეველი რჩება, რადგან მის გაანალიზებამდე ოფიციალური პირები კომენტარებისაგან თავს იკავებენ. ერთი კი ცნობილია, რომ ჯერჯერობით არ განიხილება სამშვიდობოთა გაყვანის კონკრეტული ვადა და მხარეები მხოლოდ პოზიციათა მოსინჯვის ეტაპზე იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG