Accessibility links

logo-print

წინასაარჩევნოდ პარტიების გაერთიანების ტენდენცია იკვეთება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გამორიცხული არ არის, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ბოლოს და ბოლოს, დაიწყოს ის, რის თაობაზეც პროგნოზს ქართველი ექსპერტები უკანასკნელი 6 წლის წინ წარუმატებლად აკეთებდნენ

- საუბარია პარტიების გაერთიანების აუცილებლობაზე, რაც, საბოლოოდ, ქვეყანაში რამდენიმე გავლენიანი პარტიის შექმნის წინაპირობად სახელდება. 4 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე გაირკვა, რომ, ამ მხრივ, გარკვეულ პროგრესს მიაღწია საქართველოს დემოკრატიული აღორძინების კავშირმა, რომელშიც გაერთიანების სურვილი უკვე გამოთქვეს პოლიტიკურმა ორგანიზაცია "ოცდამეერთე საუკუნემ" და საზოგადოება "ჭყონდიდელმა." რატომ მიანიჭა აღორძინების კავშირმა უპირატესობა პარტიების სტრუქტურულ შერწყმას და არა საარჩევნო ბლოკის შექმნას?

ერთიანი პარტიული ხელმძღვანელობა, ერთიანი საარჩევნო სია, გამარჯვების ერთიანი ამბიცია - უახლოეს ხანში დაგეგმილი გამაერთიანებელი ყრილობის შემდეგ ასეთად წარდგება ამომრჩევლის წინაშე საქართველოს ერთიანი დემოკრატიული კავშირი, რომელშიც პოლიტიკური ორგანიზაცია "21-ე საუკუნე" და საზოგადოება "ჭყონდიდელი" გაერთიანდა.
რეალურად, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისას 7 პროცენტგადალახული ბლოკი "აღორძინებიდან" ასლან აბაშიძის პოლიტიკური გემოვნების ერთგულად მხოლოდ " 21-ე საუკუნე" და "ჭყონდიდელი" დარჩა. ამ ბლოკის ორი სხვა სუბიექტი - ტრადიციონალისტთა კავშირი და სოციალისტური პარტია დღეს საპირისპირო მიმართულების მქონე პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობენ: აკაკი ასათიანი მძიმე არჩევანის წინაშეა მიხეილ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობასა და ზურაბ ჟვანიას გაერთიანებულ დემოკრატებს შორის, ვახტანგ რჩეულიშვილი კი კვლავ მოქალაქეთა კავშირის მხარდამჭერთა რიგშია. შესაბამისად, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ასლან აბაშიძე წარსულის შეცდომას აღარ გაიმეორებს, ანუ მისი ძალისხმევით პარლამენტში შესულ პარტიებს სამომავლოდ არჩევანს აღარ დაუტოვებს და პარლამენტში შესვლის სურვილის მქონეთ აღორძინებასთან შერწყმას მოსთხოვს.
ისევ 4 მარტს გამართულ პრესკონფერენციას თუ დავუბრუნდებით, უთუოდ საინტერესოდ ჟღერს ცოტნე ბაკურიას განცხადება, რომ დღესდღეობით არსებული ხელისუფლების ჭეშმარიტი ოპოზიცია მხოლოდ აღორძინების კავშირია, ასლან აბაშიძის ხელმძღვანელობით; ყველა სხვა კი, მხოლოდ თამაშობს ოპოზიციონერობას. სხვათა შორის, ამ მოსაზრების განმტკიცებას უთუოდ შეუწყობს ხელს პარლამენტში ე.წ. თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესახებ კანონპროექტის განხილვა. როგორც ცნობილია, შრომის კანონში მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით ცვლილების შესატანად აუცილებელი ხმების მოგროვების მიზნით, გაერთიანებულმა დემოკრატებმა აღორძინებას თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესახებ კანონპროექტის განხილვისას მხარდაჭერა აღუთქვეს, თუმცა საეჭვოა, მათ ეს პირობა შეასრულონ. სხვათა შორის, ამ შემთხვევაში ზურაბ ჟვანია, დაახლოებით, პრეზიდენტ შევარდნაძის დღევანდელ როლში აღმოჩნდება, როცა პრეზიდენტისთვის ერთნაირად წამგებიანია როგორც მინიმალური ხელფასის თაობაზე პარლამენტის დადგენილების შესრულებაზე თანხმობა, ასევე ვეტოს უფლების გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ ზურაბ ჟვანია აღორძინებისთვის მიცემულ პირობას შეასრულებს, ამით ნაციონალურ მოძრაობასთან მისასვლელ გზას საბოლოოდ მოიჭრის, ხოლო თუ პირობას არ შეასრულებს, კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ იგი არასანდო პოლიტიკოსია.
რაც შეეხება პრეზიდენტის მდგომარეობას, როგორც ჩანს, ამჯერად მეხამრიდის როლს იკისრებს სოციალისტური პარტია, რომლის ლიდერის, ვახტანგ რჩეულიშვილის, განცხადებით, მინიმალური ხელფასის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებისთვის კენჭისყრა პროცედურის დარღვევით ჩატარდა.
XS
SM
MD
LG