Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბული ქვეყნები ერაყის წინააღმდეგ ომს მხარს არ უჭერენ


მაშინ, როცა ერთნი იმაზე მსჯელობენ, თუ რა მეთოდებით აწარმოონ ერაყში ომი, მეორენი საერთოდ ეწინააღმდეგებიან ამ ომს. ამჯერად ევროპის ქვეყნებს არ ვგულისხმობ. გასული კვირის ბოლოს ეგვიპტეში

გამართულ სამიტზე არაბული ქვეყნების ლიდერებმა დაგმეს ერაყის წინააღმდეგ ომი და საერთოდ არაბული სამყაროს წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად მიიჩნიეს იგი.

აქვე უნდა ითქვას, რომ ეგვიპტის კურორტ შარმ ელ-შეიხში შეკრებილმა არაბთა ლიგის 22 წევრი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივ კომუნიკეში ომის დაგმობასთან ერთად ერაყს მოუწოდეს, დაჰყვეს გაეროს მოთხოვნებს და განიარაღდეს. კომუნიკე პირველი წარმატებაა ერთობლივი პოზიციის შემუშავების გზაზე. მანამდე არაბები რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ თანხმდებოდნენ ერაყის საკითხში.

როგორც სამართლიანად შენიშნავენ მიმომხილველები, შარმ ელ-შეიხის კომუნიკეს მაინც არ შეიძლება ეწოდოს არაბული ქვეყნების პოზიციაში გარდატეხა. საქმე ის არის, რომ განცხადებების დონეზე არაბთა ლიდერები ეწინააღმდეგებიან შეერთებული შტატების პოლიტიკას, რეალურად კი ისინი არაფერს აკეთებენ ვაშინგტონისთვის ხელის შესაშლელად. ზოგნი კი დახმარებასაც უწევენ ამერიკელებს.

როგორც ლონდონის სამეფო გაერთიანებული სამსახურების ინსტიტუტის რეგიონულმა ექსპერტმა დანიელ ნიპმა უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, ჩარლზ რეკნეიგელს, შარმ ელ-შეიხის კომუნიკე არაბთა ერთიანობის მხოლოდ სიმბოლური ჟესტია.

არაბი ლიდერები იძულებული არიან, დაჰყვნენ შინაურ ზეწოლას და ანტიამერიკული რიტორიკით გაიუმჯობესონ გაფუჭებული იმიჯი. არაბული ქვეყნების მოსახლეობაში ერაყის წინააღმდეგ ომი ერთობ არაპოპულარულია. ხალხის აზრით, მათი მთავრობები ამერიკის მარიონეტები არიან.

თუ რამდენად სერიოზულად ეკიდებიან არაბთა ლიდერები ამ კრიტიკას, იქიდანაც ჩანს, რომ გასულ კვირაში ეგვიპტის ხელისუფლებამ დაუშვა ერაყის მხარდამჭერი 200-ათასკაციანი დემონსტრაციის ჩატარება ქაიროს სტადიონზე. მაშინ, როცა რეგიონის ნებისმიერი ლიდერი შიშობს, რომ ამგვარი თავყრილობები საკუთარი რეჟიმის საპირისპირო გამოსვლებში შეიძლება გადაიზარდოს.

არაბული ქვეყნების ლიდერები ერთობ რთულ მდგომაროებაში არიან. ერთი მხრივ ისინი ცდილობენ, ხალხის რისხვა არ გამოიწვიონ. მეორე მხრივ, სტრატეგიული მოსაზრებებით, სულაც არ არიან სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასუსტების წინააღმდეგი.

ამ გაორებული პოზიციის მაგალითად გამოდგება საუდის არაბეთი, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არ დაუთმობს თავის სამხედრო-საჰაერო ბაზას ერაყის წინააღმდეგ ომში. მაგრამ ახლახან დასავლეთის მასმედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ რიადი მაინც აპირებს ამის გაკეთებას.

მიმომხილველების აზრით, ეგვიპტეში გამართული სამიტის მნიშვნელობა მდგომარეობს არა იმაში, თუ რას მიაღწიეს მასზე არაბულმა ქვეყნებმა, არამედ იმაში, რომ საერთოდ შეეცადნენ ერთიანი პოზიციის შემუშავებას. ოთხშაბათს ოთხშაბათს კატარში გაიმართება ორგანიზაცია ისლამური კონფერენციის შეხვედრა, რომელშიც არაბული ქვეყნების ლიდერებიც მიიღებენ მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG