Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ ჩნდებიან ახალი სახეები ქართულ პოლიტიკაში


საქართველოს მთავრობის სხდომებზე მინისტრები, როგორც წესი, ქვეყნის ცხოვრების საამურ ვერბალურ სურათებს ხატავენ. ამასობაში კი მოსახლეობა უპერსპექტივობის განცდით არის მოცული.

იმედი, რომ, შესაძლოა, ოდესმე რამე სასიკეთოდ შეიცვალოს, მხოლოდ და მხოლოდ ედუარდ შევარდნაძის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვას უკავშირდება. თუმცა ეს იმედიც მორიგ საზოგადოებრივ ილუზიად უნდა მივიჩნიოთ, რადგან პოლიტიკური ძალები და პოლიტიკური ცხოვრება ჯერჯერობით განახლებას არ ექვემდებარება.

რატომ არ ჩნდებიან ახალი სახეები პოლიტიკაში?

ორშაბათს გაზეთმა "კვირის პალიტრა" გამოაქვეყნა ინტერვიუ პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან. საუბრის თემა - საქართველოს პერსპექტივაა. ინტერვიუში ასეთი ფრაგმენტია: "თუ დავუკვირდებით, ქართულ რეალობაში ეროვნული მოძრაობის შემდეგ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა აღარ აღმოცენებულა. ეს იმიტომ ხდება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტი, ფაქტობრივად, გაუქმებულია. პოლიტიკოსი ხომ მუდმივ მოღვაწეობაში, სახელმწიფო მოღვაწეობაში ყალიბდება. ამის საჭიროება კი, უბრალოდ, არ არსებობს."

თითოეული ადამიანი, ვინც ბოლო წლების განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრდა, წარმატებული ბიზნესმენია: გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე, დავით გამყრელიძე, ლევან გაჩეჩილაძე. იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსტიტუტი, მართლაც, არ მოქმედებს, შესაძლოა, ბიზნესი ერთადერთ სფეროდ რჩება, რომელშიც ენერგიულ ადამიანს წარმატების მიღწევა შეუძლია. იქნებ, სწორედ ამიტომ მოვიდნენ პოლიტიკაში ადამიანები ბიზნესიდან და არა იმის გამო, რომ მაინცდამაინც საკუთარი საპარლამენტო მანდატით სჭირდებათ თავისივე ბიზნესინტერესების დაცვა.

მართალია, პოლიტიკა პოპულარულია საქართველოში, მაგრამ "ახალ სახეებს" საზოგადოება ვერ ხედავს. პარლამენტში წლიდან წლამდე ერთი და იგივე ადამიანები ხვდებიან და მათ ნაწილს საზოგადოება ვერასოდეს გაიცნობს, მეორე ნაწილს კი უკვე ათი წელია, უსმენს.

საქმე ისაა, რომ თავად პარტიებიც ინსტიტუციურად განუვითარებელია. მათში არ მიმდინარეობს განახლების პროცესი, რის გამოც თითქმის ყველა პარტია პერიოდულად შიდა რღვევის და განხეთქილების პროცესს განიცდის. ასე ჩამოსცილდა სეგმენტები მოქალაქეთა კავშირს, აღორძინების კავშირს, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, სახალხო პარტიას. ლეიბორისტული პარტია ხომ მუდმივად კარგავს თავისი ზედა ეშელონის წარმომადგენლებს.

ეს ვითარება მხოლოდ იმის გამო იქმნება, რომ პარტიები ისეთსავე ნარცისულ გარემოში ცხოვრობენ, როგორშიც მთავრობა. იქაც ყველაფერი ლიდერის ნებით წყდება და ახალ სახეებს - თავიანთი საქმიანობის საფუძველზე - პარტიულ იერარქიაში დაწინაურების არავითარი საშუალება არ გააჩნიათ. როგორც ხელისუფლება, ასევე პარტიები ტრადიციული საზოგადოების კანონებით ცხოვრობენ: იერარქიის რომელ საფეხურზეც მოხვდები, იმავე საფეხურზე გაიყინები. ამიტომაც არ და ვერ ჩნდებიან ახალი სახეები პოლიტიკაში.

ამ პირობებში ძნელი წარმოსადგენია ქვეყნის თვისებრივად განახლება თუნდაც სამი ან ხუთი წლის განმავლობაში. არც ერთ პარტიას დღემდე არ უცხოვრია ღია საზოგადოების კანონებით. ასე რომ, ახალი თაობის პოლიტიკოსებს, რომლებსაც უკვე ხანგრძლივი პოლიტიკური გამოცდილება აქვთ, თავად სჭირდებათ განახლება, ვიდრე ქართულ პოლიტიკას და საზოგადოებას თვისებრივად განაახლებენ. სხვა შემთხვევაში, ქვეყანას მოუხდება დღევანდელ ან მსგავს რეალობაში ცხოვრება, ვიდრე პოლიტიკაში კიდევ ერთი, ამჯერად ნამდვილად ახალი თაობა არ დამკვიდრდება.
XS
SM
MD
LG