Accessibility links

logo-print

სადამდე შეიძლება გაფართოვდეს ევროკავშირი


ევროკავშირი ახალი წევრების მიღებისთვის ემზადება. ერთ თვეში ევროპარლამენტი კენჭს უყრის კავშირში 10 ახალი წევრის მიღებას. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში,

2004 წლის 1 მაისიდან ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები გახდებიან.

ევროკავშირის გაფართოების ბოლო ტალღა საქართველოს გეოგრაფიულად კიდევ უფრო აახლოებს სახელმწიფოთა ამ გაერთიანებასთან.

რას გულისხმობს ევროპის ექსპანსია, სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ის. რა კონტექსტში განიხილება დღეს კავკასიის რეგიონი.

ამ საკითხებზე დღეიდან ყოველკვირეულ გადაცემაში "ახალი ევროპა" ნინო გელაშვილი გესაუბრებათ:

საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავება წარმოადგენს. თუკი აქამდე ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე მსჯელობისას პესიმიზმს საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა იწვევდა, დღეს ეკონომიკურზე უფრო ინტეგრაციის პოლიტიკური მხარე გახდა აქტუალური. ვგულისხმობ ევროკავშირის ექსპანსიის პერსპექტივას და დღევანდელ საერთაშორისო კრიზისს, რომელმაც არათუ ექსპანსირებულის, თანამედროვე ევროკავშირის პოლიტიკური ერთიანობა გახადა საეჭვო. 25 თებერვალს ევროპის მომავალზე მსჯელობისადმი მიძღვნილ ევროპის კონვენციის სხდომაზე მისმა თავმჯდომარემ ვალერი ჟისკარ დესტენმა აღნიშნა, რომ "საერთაშორისო სცენაზე ევროპას არასდროს გამოუხატავს უთანხმოება ისე ღიად, როგორც დღეს". ამ უთანხმოებამ დაბადა დიდი ეჭვი ევროპის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის რეალურად არსებობის თაობაზე. განსაკუთრებულ კრიტიკულობას ეს საკითხი ევროკავშირში ათი ახალი წევრი ქვეყნის მიღების წინ იძენს, რადგან ისინი ერთიანდებიან სახელმწიფოთა კავშირში, რომლის პოლიტიკის ორი მნიშვნელოვანი ნაწილი - საგარეო ურთიერთობები და უსაფრთხოება - დღეს ბუნდოვანია. ეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის სულ ერთი არ უნდა იყოს. სულ ერთი არ უნდა იყოს - საქართველოსთვისაც, რომელიც ევროკავშირის გაფართოების არა უახლოეს, მაგრამ მაინც - პერსპექტივაში ზის. საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივა ჯერჯერობით მხოლოდ ევროკავშირის ახალ მეზობელთა რიგში ჩართვით შემოიფარგლება.

ევროკომისიის პრეზიდენტმა რომანო პროდიმ, რომელიც კავშირის გაფართოების ყველაზე დიდ ენთუზიასტად ითვლება, ბალკანეთის ქვეყნების სამომავლოდ ევროკავშირში გაერთიანების თაობაზე აღნიშნა, რომ ბალკანეთის ქვეყნები, წარმოადგენს ერთგვარ ხიდს აღმოსავლეთით გაფართოების სტრატეგიასა და "ახალ დაახლოების პოლიტიკას" შორის. დაახლოების პოლიტიკაში ის ევროკავშირის ახალ მეზობლებთან ურთიერთობის განვითარებას გულისხმობს. ახალ სტრატეგიულ მეზობლებად პროდი უკრაინას, რუსეთს, მოლდოვას, კავკასიის რესპუბლიკებს, მაროკოსა და ტუნისსაც კი მოიაზრებს. ამ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობის რეალური პოლიტიკის შემუშავების თაობაზე ევროპის პოლიტიკის კვლევის ცენტრის ანალიტიკოსი მარიუს ვალი კრიტიკულად დასძენს:

[ვალის ხმა]
"ძალიან ბევრი რამ, თუ შეიძლება ითქვას, იხარშება, მაგრამ არაფერი კონკრეტული არ კეთდება. ახალ მეზობლებთან ურთიერთობის პოლიტიკაზე მუშაობა მიმდინარეობს ევროკავშირის ინსტიტუტებში, ქაღალდზე და დოკუმენტებში, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ არ არის მომზადებული."

ის აღფრთოვანება, რომლითაც რომანო პროდი გასული წლის დეკემბერში გაფართოებაზე საუბრობდა, იყო აღფრთოვანება ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ უკვე ისტორიული მიღწევით - ბერლინის კედლის დანგრევით, რომლის მიმართაც ევროპის დასავლეთსაც და აღმოსავლეთსაც ერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდათ და აქვთ დღესაც:

[პროდის ხმა]
"რა სასწაულია გაფართოება, რა სასწაულია ევროპის გაერთიანება - თუკი ჩვენ ამას მივაღწევთ. ეს არის ისტორიული ცვლილება ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ. ეს არის ბერლინის კედლის დანგრევის შედეგი, პოზიტიური, ვირტუოზული შედეგი",

მაგრამ ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანობამ ნელნელა დაკარგა აქტუალურობა. დღეს, აქტუალური ევროპისთვის და მსოფლიოსთვის ზოგადად არის ის, თუ ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი მსოფლიო წესრიგზე - ვინმე ერთი, თუ ყველა ერთად. ამაზე ევროპას ერთიანი აზრი არ Aაღმოაჩნდა და წარმოიშვა კიდეც კრიზისი. მეორე მაჩვენებელი იმისა, რომ პრიორიტეტები ბოლო 10-15 წლის განმავლობაში შეიცვალა, არის საზოგადოებრივი აზრიც. ევროკავშირის გაფართოება მის მოქალაქეთა ნებაზე რომ იყოს დამოკიდებული, საკითხავია, განხორციელდებოდა თუ არა ის საერთოდ. თუმცა, არც ის არის ვინმესთვის ახალი, რომ ევროკავშირის შექმნაცა და შემდგომი განვითარებაც ერთგვარი ელიტარული პროექტი იყო და დღემდე დიპლომატიურ არენაზე წყდებოდა.

ევროკავშირის ექსპანსიის არაპოპულარულობასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ გერმანიის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი უმსხვილესი ორგანიზაციის - "გე-ეფ-კა"-ს გამოკვლევის თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეთა მხარდაჭერა გაწევრიანების თვალსაზრისით მხოლოდ უნგრეთმა, ჩეხეთმა და პოლონეთმა დაიმსახურა, ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ევროკავშირში გაერთიანებას დასავლეთ ევროპელთა ნახევარმა დაუჭირა მხარი, სხვა ქვეყნებმა კი - კიდევ უფრო ნაკლები ხმები მიიღეს.
XS
SM
MD
LG