Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აფასებენ სტალინის მოღვაწეობას დღევანდელ რუსეთში?


როგორია იოსებ სტალინის მიმართ დამოკიდებულება დღევანდელ რუსეთში, დიქტატორის გარდაცვალებიდან ხუთი ათეული წლის შემდეგ? რადიო "თავისუფლების" მოსკოველი კორესპონდენტი

გრიგორი ფაიფერი სტალინის თემაზე თავის თანაქალაქელებს გაესაუბრა. თუმცა, ვიდრე ჩვენი კოლეგის მასალიდან ზოგიერთ საინტერესო ნაწყვეტს გაგაცნობდეთ, მოუსმინეთ ერთ ისტორიულ ჩანაწერს:

[გიორგი მალენკოვის ხმა]

ეს გახლდათ გიორგი მალენკოვი, რომელიც სტალინის სიკვდილის შემდეგ ერთ ხანს საბჭოთა კავშირის მთავრობას ედგა სათავეში. "ჩვენი მასწავლებელი და ბელადი", "კაცობრიობის უდიდესი გენია", "აუნაზღაურებელი დანაკლისი" - ეს სიტყვები მალენკოვმა სტალინის დაკრძალვის ცერემონიაზე წარმოთქვა. საბჭოთა კავშირის ქალაქებსა და სოფლებში მას მილიონობით ადამიანი უსმენდა - ზოგი მდუმარედ, ზოგი თვალებზე ცრემლმომდგარი, ზოგიც - აქვითინებული. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვისაც სტალინის სიკვდილმა შვება მოჰგვარა - როგორც სულიერი, ისე ფიზიკური.

იოსებ სტალინის მიმართ დამოკიდებულება დღესაც არაერთგვაროვანია, რაშიც ჩვენს გადაცემაში მოსმენილი მასალებიც დაგარწმუნებდათ. თანაც, არაერთგვაროვანია იგი არა მხოლოდ სტალინის სამშობლოში, საქართველოში, არამედ იმ ქვეყანაშიც, რომელიც მისი დამანგრეველი მოღვაწეობის უმთავრესი ასპარეზი გახლდათ და რომელსაც დღეს რუსეთი ჰქვია.

ფაქტი ის არის, რომ სტალინის გარდაცვალებამ წერტილი დაუსვა კომუნისტური რეპრესიების უსასტიკეს პერიოდს, რომელსაც, როგორც ისტორიკოსთა უდიდესი ნაწილი ვარაუდობს, 20 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა: ზოგი დახვრიტეს, ზოგმა ციმბირის ბანაკების აუტანელ პირობებს ვერ გაუძლო და ზოგიც შიმშილის მსხვერპლი შეიქნა.

მიუხედავად ამისა, სტალინს დღეს რუსეთშიც ბევრი ეთაყვანება. როგორც ამ რამდენიმე დღის წინათ ჩატარებულმა გამოკითხვამ გვიჩვენა, რუსეთის მოსახლეობის 36 პროცენტი ფიქრობს, რომ სტალინმა ქვეყანას სიკეთე მეტი მოუტანა, ვიდრე ბოროტება. კიდევ 34 პროცენტის აზრით, სტალინმა კარგიც ბევრი გააკეთა და ცუდიც.

მოსკოვის ცენტრში გახსნილი პატარა გამოფენა, როგორც ჩვენი იქაური კორესპონდენტი იუწყება, კარგად გამოხატავს ამ არაერთგვაროვან დამოკიდებულებას. ექსპოზიციის უდიდესი ნაწილი დიქტატორის განმადიდებელ პორტრეტებს უკავია და მხოლოდ მცირე კუთხე ეთმობა გულაგის საკონცენტრაციო ბანაკების სისტემას, რომლის სისასტიკე საკუთარ ტყავზე იწვნია 20 მილიონამდე პატიმარმა.

გრიგორი ფაიფერი გაესაუბრა გამოფენის მომწყობი მუზეუმის თანამშრომელს, რომელმაც თავისი გვარის გამხელა არ ისურვა და ჩვენს კორესპონდენტს თავი ტატიანა ალექსანდროვნად გააცნო.

[მუზეუმის თანამშრომლის ხმა] "სტალინის მიმართ ჩემი დამოკიდებულება დადებითია. ახლა რომ ისეთი მმართველობა გვქონდეს, როგორიც სტალინის დროს იყო, ჩვენს ქვეყანაში ნაკლები არეულობა იქნებოდა. არ იქნებოდა ქურდობა, არ იქნებოდა ასეთი ანარქია."

ტატიანა ალექსანდროვნასგან სრულიად განსხვავებულ პოზიციაზე დგას საზოგადოება "მემორიალის" წარმომადგენელი ალიონა კოზლოვა, რომელიც "მემორიალში" გულაგის არქივების განყოფილებას ხელმძღვანელობს. იგი არათუ სამწუხაროდ, არამედ სახიფათოდაც კი მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დღეს ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი ცდილობს, დააკნინოს სტალინური რეპრესიების მასშტაბი.

[ალიონა კოზლოვას ხმა] "ჩვენში ხომ დაშვებულია პოლიტიკოსთა მხრიდან ისეთი აზრის გამოთქმა, თითქოს არავითარი რეპრესიები არ განხორციელებულა, ხოლო თუ განხორციელდა კიდეც, ისინი ძირითადად გამართლებული იყო."

თუ ალიონა კოზლოვას სტალინური რეპრესიები უშუალოდ არ შეხებია, ტატიანა სმილგომ თითქმის 18 წელიდადი დაჰყო ჯერ ციხეში, შემდეგ კი გადასახლებაში. მამამისი, ძველი ბოლშევიკი, სტალინს პირადად იცნობდა, მაგრამ ოცდაათიანი წლების რეპრესიებს ვერ გადაურჩა: ის და მისი მეუღლე 38-ში დახვრიტეს. ბუნებრივია, რომ ტატიანა სმილგო არ ეკუთვნის იმათ რიხვს, ვინც სტალინს არაერთგვაროვნად აფასებს:

[ტატიანა სმილგოს ხმა] "ჩემი აზრით, რუსეთისთვის ეს კოშმარი იყო. მან დაასახიჩრა არა მარტო ის თაობა, არამედ მომავალი თაობებიც. ხალხს ხომ დღესაც დამახინჯებული აქვს ფსიქიკა: შიში, მონობა - ეს ყველაფერი ჩვენთვის დამახასიათებელია."

ლევ მიშჩენკო ოქტომბრის რევოლუციის წელს, 1917-ში დაიბადა. ოთხი წლის რომ იყო, ბოლშევიკებმა დედ-მამა მოუკლეს. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს და რამდენიმე თვე ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში გაატარა. ომის ბოლო დღეებში მან ბანაკიდან გაქცევა მოახერხა და როგორღაც აშშ-ის არმიის სატანკო დივიზიის პოზიციამდე მიაღწია. მან უარით უპასუხა ამერიკელთა წინადადებას, შეერთებულ შტატებში გაემგზავრებინათ და სამშობლოში დაბრუნება ამჯობინა. რეპატრიაციისთანავე მიშჩენკო ჯაშუშობაში დაადანაშაულეს და თითქმის ათი წლით ციმბირში უკრეს თავი. სტალინის მისეული შეფასება ასეთია:

[ლევ მიშჩენკოს ხმა] "ის მანიაკი იყო, ომი კი მოგებულ იქნა სტალინის მიუხედავად და არა მისი წყალობით. ხოლო იმაზე, რაც მან რუსეთს, საბჭოთა კავშირს, ყველა საბჭოთა რესპუბლიკას დამართა მილიონობით სრულიად უდანაშაულო ადამიანის განადგურებით, სულ ცოტა ოცი მილიონისა, ლაპარაკიც ზედმეტია. ასე რომ, სტალინს არავითარი დამსახურება არ ჰქონია."

ასე რომ, ლევ მიშჩენკოსთვის სრულიად გაუგებარი და აღმაშფოთებელიც კია ის ნოსტალგია, რომელიც სტალინისა და მისი ეპოქის მიმართ ყოფილ საბჭოთა სივრცეში აქა-იქ შენიშნება.
XS
SM
MD
LG