Accessibility links

logo-print

საბჭოური "ეკონომიკური სასწაულის" საიდუმლო


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი "დიდი ბელადის" სამხედრო გენიასთან ერთად მის ეკონომიკურ სასწაულზეც არაერთი ლეგენდა არსებობს. სტალინის ეპოქა საბჭოეთის ისტორიაში, მართლაც, ინდუსტრიალიზაციის მაღალი ტემპით,

გიგანტური სამრეწველო კომპლექსების მშენებლობით და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი აღდგენითი სამუშაოებით აღინიშნა. რის ფასად მიიღწეოდა ყოველივე და რაში მდგომარეობდა იმდროინდელი საბჭოური "ეკონომიკური სასწაულის" საიდუმლო?

პროლეტარიატის დიქტატურის დამყარების, სამოქალაქო ომში თეთრი გვარდიის დამარცხების შემდეგ საბჭოთა კავშირმა ეკონომიკის აღდგენაზე ზრუნვა დაიწყო. რევოლუციის და შიდა თუ გარეშე მტრებთან ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ მდგომარეობა, ერთი შეხედვით, გამოუვალი იყო.

ქვეყანაში სრული ეკონომიკური ქაოსი, განუკითხაობა და შიმშილი სუფევდა. საბჭოთა კავშირის ეროვნული შემოსავალი მეფის რუსეთის შემოსავლებს შეუდარებლად ჩამორჩებოდა. გაპარტახებული იყო მრეწველობა, მოშლილი იყო ვაჭრობა და მომსახურების სფერო. ქვეყანაში ელემენტარული სამეურნეო ცხოვრების დასამკვიდრებლად 1921 წელს, პარტიის მეათე ყრილობაზე, ლენინი იძულებული გახდა კომუნისტური პრინციპებისათვის უცხო "ახალ ეკონომიკურ პოლიტიკაზე", ანუ ე.წ. ნეპ-ზე, გადასვლის შესახებ გამოეცხადებინა. ნეპ-მა ნაწილობრივ აღადგინა კერძო საკუთრება და თავისუფალი ვაჭრობა.

თავისუფალი ვაჭრობა სტალინმა, საბოლოოდ, 1931 წელს აკრძალა. მანამდე კი, 1928 წელს, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის მიზნით, ხუთწლიანი გეგმის შესრულება დაიწყო.

პარტიის ცკ-მ 1930 წელს "ნებაყოფლობითი კოლექტივიზაცია" გამოაცხადა. "ნებაყოფლობითს" ამ პროცესს უიმედო ცინიკოსიც კი ვერ უწოდებდა. დაიწყო მასობრივი რეკვიზიცია. გლეხებს კოლექტივში ძალით ერეკებოდნენ, ხოლო ურჩებს საკონცენტრაციო ბანაკებში მასობრივად ასახლებდნენ. კულაკობის წინააღმდეგ ბრძოლის დროშით, სხვადასხვა გათვლებით, 5-დან 10 მილიონამდე ადამიანი იქნა გასახლებული. გლეხებს მიწებს, საქონელს და სასოფლო-სამეურნეო ინვენტარს ართმევდნენ და მხოლოდ საკარმიდამო ნაკვეთის, სახლის, ერთი მსხვილფეხა საქონლისა და რამდენიმე წვრილფეხა პირუტყვის ყოლის უფლებას უტოვებდნენ.

კოლექტივიზაციას აგრარული სექტორის სრული გაპარტახება, სასოფლო სამუშაოების დეზორგანიზაცია და გლეხების პროტესტი მოჰყვა. არტელისათვის საქონლის გადაცემის მოწინააღმდეგეები პირუტყვს ხოცავდნენ და მოსავალს წვავდნენ. შედეგად, 1933-34 წლებში საბჭოთა კავშირში მასობრივი შიმშილობა დაიწყო, შიმშილით 6 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. განსაკუთრებით დაზარალდა უკრაინა. კოლექტივიზაციამ სოფელი წელში გატეხა, თუმცა ამ პროცესმა გლეხების ქალაქებში ემიგრაციას შეუწყო ხელი. გამოთავისუფლებული მუშახელი სტალინის რეჟიმმა ამბიციური საბჭოური პროექტებისათვის გამოიყენა. სწორედ ამ პერიოდისათვის იწყება მსხვილი სამრეწველო მონსტრების მშენებლობა. შენდება ჰიდროელექტროსადგურები, მეტალურგიული ქარხნები, რკინიგზა. მშენებლობის ტემპი, მართლაც, გასაოცარი იყო, მაგრამ ყოველივე ეს რეჟიმისათვის დამახასიათებელი სისასტიკის ფონზე ხდებოდა. მკაცრი დისციპლინა, შრომის აუტანელი პირობები, სიცივე და შიმშილი საბჭოური ინდუსტრიის "მჭედლების" უცილობელი ხვედრი გახლდათ. მუშებს, რომლებიც არასათანადო ტემპით შრომობდნენ, როგორც წესი, სჯიდნენ.

სწორედ მათი მეშვეობით და, უმეტესად, მათი სიცოცხლის ფასად შეძლო საბჭოთა კავშირმა ინდუსტრიული გიგანტების შექმნა, ქვეყნის ელექტროფიკაცია, სამხედრო მრეწველობის აყვავება. საბჭოთა კავშირში უფასო მკურნალობა და სავალდებულო საშუალო განათლება დამკვიდრდა. სტალინის "ეკონომიკური სასწაულის" საიდუმლოც სწორედ რეპრესიულ აპარატში, ტოტალურ კომუნისტურ პროპაგანდაში, ბუნებრივი და, რაც მთავარია, ადამიანური რესურსის უმოწყალო ექსპლუატაციაში უნდა ვეძებოთ. თუმცა ეკონომიკის ის მოდელი და ე.წ. მკაცრი ხელი, რომლის მიმართ ნოსტალგია დღემდეა შემორჩენილი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, შემდგომში თავად რეჟიმისათვის და სისტემისათვის აღმოჩნდა დამღუპველი და მისი ნგრევის მასტიმულირებელი.
XS
SM
MD
LG