Accessibility links

logo-print

რატომ ქმნიდა სტალინი ქართულ დივიზიებს?


იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ დიქტატორის სახელის ირგვლივ იმდენი ლეგენდა და მითი შეიქმნა, რომ, რაც დრო გადის, მით უფრო ჭირს რეალურისა და გამოგონილის ერთმანეთისგან გარჩევა.

თუმცა ეს არც არის გასაკვირი: განუსაზღვრელი ძალაუფლებით აღჭურვილი საბჭოთა ლიდერის არაპროგნოზირებადი საქციელი მის სიცოცხლეშიც ხშირად არ ექვემდებარებოდა ლოგიკურ ახსნას. კერძოდ, ასეთივე წინააღმდეგობრივი გახლდათ სტალინის დამოკიდებულება საქართველოს ოფიცერთა კორპუსის მიმართ, რომელსაც ჯერ ცეცხლითა და მახვილით გაუსწორდა, შემდეგ კი, მარქსისტული ლოგიკის საწინააღმდეგოდ, საქართველოში რამდენიმე ეროვნული დივიზიის შექმნას მოაწერა ხელი. თუმცა, საბოლოოდ, მისი ეს გადაწყვეტილებაც ქართველი ოფიცრებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ, 1936-38 წლებში, საბჭოთა კავშირის უმაღლესმა მთავარსარდალმა იოსებ სტალინმა წითელი არმიის ხელმძღვანელთა შემადგენლობაში არნახული წმენდა ჩაატარა. სამშობლოს ღალატის, შპიონაჟისა და ტროცკისტობის ბრალდებით, რეპრესიაში მოჰყვა 38 ათასი უმაღლესი რანგის საბჭოთა ოფიცერი. რეპრესირებულთა შორის 23 საქართველოს წარმომადგენელი გახლდათ. მათ შესახებ გვესაუბრება ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, საბჭოთა პერიოდში მოღვაწე საქართველოს გენერალთა კორპუსის მკვლევარი ლევან დოლიძე:

[ლევან დოლიძის ხმა] "1937-38 წლებში რეპრესირებული მხედართმთავრები საქართველოდან იყვნენ: კორპუსის კომისარი ნიკოლოზ ბლუაშვილი, მეორე რანგის კომანდარმი მიხეილ ლევანდოვსკი, კომკორი ივანე მაისურაძე, კომკორი იოსებ ნემერზელი, კომკორი გიორგი ქუთათელაძე, ერთ-ერთი გამოჩენილი მხედართმთავარი, კომკორი გრიგოლ ხახანიანი, კომკორი ანატოლი გეკერი. ეს ის ანატოლი გეკერია, რომელიც მე-11 არმიას სათავეში ედგა და 1921 წელს საქართველოში შემოვიდა."

რეპრესირებულთა შორის აღმოჩნდნენ, აგრეთვე, ცნობილი მხედართმთავრები, დივიზიის მეთაურები: ლეონიდე აგლაძე, პეტრე აღნიაშვილი, თევდორე ბუაჩიძე, ვალერიან გიორგაძე, გიორგი თუხარელი, სამსონ ლეფტაძე, ვიქტორ მგალობლიშვილი, დივიზიის კომისარი პლატონ მიროტაძე, ბრიგადის კომისარი გრიგოლ ბახია და ბრიგადის მეთაურები: გაიოზ ბერელაშვილი, უბრწყინვალესი ტანმოვარჯიშე ალექსანდრე გაბაშვილი, რუსეთის არმიის ყოფილი გენერალი ლევან გარსიაშვილი, ოლიფანტე უგულავა და ლუარსაბ ყუბანეიშვილი. როგორც ცნობილია, ერთ წელიწადში ყველა ამ მხედართმთავარს ოფიცრის უმაღლესი წოდება - გენერლობა უნდა მიეღო, მაგრამ საბრალდებო სკამზე აღმოჩნდნენ და ათეული ათასობით რეპრესირებული ოფიცრის ბედი გაიზიარეს.

მაგრამ მსოფლიო ომის პირველსავე წელს, სტალინის ბრძანებით, ახალი, რეჟიმისთვის უფრო სანდო ოფიცერთა კადრების მომზადება დაიწყეს. თანაც, გაიცა განკარგულება რესპუბლიკებში ეროვნული დივიზიების ჩამოყალიბების თაობაზე, რომელთა სათავეში ასევე ეროვნული კადრები ინიშნებოდნენ. ისტორიკოს ლევან დოლიძის თქმით, საქართველოში რამდენიმე ასეთი ეროვნული დივიზია შეიქმნა, რომლებიც ომის შემდგომაც, სტალინის სიკვდილამდე, განაგრძობდნენ არსებობას:

[ლევან დოლიძის ხმა] "საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა 9 დივიზია, მათ შორის - 414-ე მსროლელი დივიზია. ამ დივიზიას ხელმძღვანელობდნენ გამოჩენილი მხედართმთავრები, მათ შორის, ყველაზე გახმაურებული გენერალი, შეგვიძლია ასე ვთქვათ, გიორგი გაბრიელის ძე ყურაშვილი, რომელიც ამ დივიზიას სათავეში ედგა მაშინ, როც მან ანაპა გაათავისუფლა და ნოვოროსიისკის განთავისუფლებისთვის იბრძოდა. როცა 1956 წლის 9 მარტს თბილისში სტალინის მომხრეების გამოსვლები მოხდა, ხრუშჩოვის ბრძანებულებით, ეროვნული დივიზიები დაიშალა."

სტალინის მემკვიდრემ ნიკიტა ხრუშჩოვმა არა მხოლოდ დაშალა ანაპის 414-ე დივიზია, არამედ სამსახურიდან დაითხოვა და სამხედრო საქმეს ჩამოაცილა ჯარის სხვადასხვა სახეობაში მყოფი თითქმის ყველა მაღალი რანგის ქართველი ოფიცერი, მათ შორის - საბჭოთა კავშირის გმირი, ლეგენდარული მეზღვაური, პირველი რანგის კაპიტანი იაროსლავ იოსელიანი, პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილე ვლადიმერ ჯანჯღავა და ბევრი სხვა. ლევან დოლიძის თქმით, 1956 წელმა ჩაუკლა ქართველ კაცს სამხედრო სამსახურის სურვილი; საბჭოთა ჯარში კარგა ხანს აკრძალული იყო ქართველი ეროვნების ჭაბუკთა საბრძოლო თანამდებობაზე დანიშვნა და მათ მხოლოდ ზურგის სამსახურში ანაწილებდნენ.

მთლად ამის ბრალია თუ არა, ძნელი სათქმელია, მაგრამ საქართველოში ზედიზედ ჩაშლილი სამხედრო გაწვევა ცხადყოფს, რომ პოსტსტალინური ანტიარმიული ინერცია საქართველოს მოსახლეობაში ისევე ცოცხლობს, როგორც დიდი ბელადის სახელი.
XS
SM
MD
LG