Accessibility links

logo-print

როგორ დაამახსოვრდათ თანამედროვეებს სტალინის გარდაცვალების დღე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სხვადასხვა მონაცემით, 50 წლის წინათ სვეტებიან დარბაზში სტალინის ცხედართან გამომშვიდობებისას ჭყლეტაში 1 500-მდე ადამიანი დაიღუპა. იმ დღეებში მთელი საბჭოთა კავშირიდან ადამიანები

მოსკოვისკენ იღებდნენ გეზს, რათა უკანასკნელი პატივი მიეგოთ ადამიანისთვის, რომლის გარდაცვალების ფაქტი ბევრმა საკუთარ ტრაგედიად აღიქვა.
სამგლოვიარო მიტინგები თავდაპირველად სტიქიურად იმართებოდა. 1953 წლის 5 მარტს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია 14 წლის იყო და სოხუმში ცხოვრობდა. სტალინის გარდაცვალების ამბავი სოხუმის ქუჩაში შეიტყო. მაშინდელი შთაბეჭდილება ასეთია:
[გურანდა გაბუნიას ხმა] " ასეთი ამაზრზენი და შემზარავი სიტუაცია, რაც იყო სოხუმში....ალბათ, მოსკოვში უარესი იყო, რა თქმა უნდა....აი, თითქმის იგივე სიტუაცია იყო სოხუმში. ეს პატარა ქალაქი იყო....მე რაც მახსოვს - ჩვენ ვიდექით მუხლებზე. ხალხი იდგა მუხლებზე და ტიროდა....რა უნდა მოხდეს, რომ ხალხი ასეთივე დღეში ჩავარდეს...ეს იყო ნამდვილი ტრაგედია - ყველაფერი დამთავრდა. ცხოვრება დამთავრდა...."
ძნელი სათქმელია, რას გრძნობდა 17 წლის კაკო ძამანაშვილი 1937 წელს, როცა ჯერ მამამისი დახვრიტეს, შემდეგ კი კაკოც გადაასახლეს და მისი უფროსი და ცისიაც. სამაგიეროდ, კარგად ახსოვს, რომ 1953 წლის 5 მარტს, გადასახლებიდან დაბრუნებული, უკვე თბილისში იყო. ახსოვს რეაქციაც სტალინის სიკვდილზე:
[კაკი ძამანაშვილის ხმა] " მიუხედავად იმისა, რაც ჩემს ოჯახს გადახდა, არ გამხარებია. და ახლაც, ცუდს რომ ამბობენ, არ მიხარია."
სტალინის გარდაცვალებიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში რუსულ პრესაში არაერთი სტატია გამოქვეყნდა. მათ შორის, იმის თაობაზეც, რომ სტალინის ირგვლივ მყოფთაგან ვერავინ გადაურჩა რეპრესიებს, მათ შორის, სტალინის პირველი მეუღლის ეკატერინე სვანიძისა და მეორე მეუღლის ნადეჟდა ალილუევას ოჯახის წევრებიც. თანამედროვეთა მოგონებებით, სტალინი განსაკუთრებით მეგობრობდა ნადეჟდა ალილუევას დასთან, ანასთან. ანა 1948 წელს დააპატიმრეს. ათი წელი მიუსაჯეს. ციხიდან 1954 წელს გაათავისუფლეს. მისი ქალიშვილის, კირას, მოგონებით, ციხიდან გამოსვლისას ანას პირველი სიტყვები იყო: სტალინმა მაინც გამათავისუფლა. როცა შვილებმა უთხრეს, სტალინი ერთი წლის წინ გარდაიცვალაო, დიდხანს ტიროდა.
ჯალათისა და მსხვერპლის ურთერთდამოკიდებულება, ალბათ, ღრმა გამოკვლევას მოითხოვს, რაც უფრო ფსიქოლოგების კომპეტენციაში შედის. დღეს ნამდვილად ძნელი სათქმელია, სტალინის გარეშე ცხოვრება უკეთესი იქნებოდა თუ უარესი. დანამდვილებით მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ცხოვრება ნამდვილად სხვანაირი იქნებოდა, ვიდრე სტალინის ეპოქაში იყო.
XS
SM
MD
LG