Accessibility links

logo-print

50 წელი ბელადის გარეშე. მკაცრი ხელის ნოსტალგია თბილისში


თბილისელი სტალინისტები მხოლოდ ერთ რომელიმე პროკომუნისტურ პარტიაში გაწევრიანებულ თანამოაზრეთა ერთობას როდი წარმოადგენენ. სტალინის გარდაცვალების 50 წლის თავზე

მოულოდნელად აღმოვაჩინეთ, რომ სტალინი მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ადვილად დასავიწყებელი ისტორია არ არის. უფრო მეტიც - ბევრისთვის იგი დღესაც იდეალია. მკაცრი, სტალინისებური ხელის ნოსტალგია დედაქალაქში მოსალოდნელზე გაცილებით ძლიერია და, რაც ყველაზე უფრო საგანგაშოა, ამ ნოსტალგიით ერთნაირად არიან დაავადებულნი როგორც ძველი , ისე ახალი თაობის წარმომადგენლები. მაშ ასე, სჭირდება თუ არა საქართველოს დიქტატორის ტიპის ლიდერი ? ამ თემაზე მინი სოციოლოგიური გამოკითხვა ჩავატარე.

[ინტერაქტივი] "ერთ პარტიაში ვიყავი და ამ პარტიით მოვკვდები მე.
ხომ გითხარით, ჩვენ ვართ , იქ კაზინო გვაქვს... ჰოდა, ვარჩევთ ამ საკითხებს. სტალინის მიმართ სულ ვართ კარგი განწყობით, კარგი ამბით. ამ მთავრობამ ცოტა სიმკაცრე, სიმკაცრე გამოიჩინოს და იქნება ნამდვილად ცხოვრება, იქნება.
ამას რომ მოგვასწრო , რა გვიჭირს. სტალინისნაირი ადამიანი რომ გამოჩნდეს საქართველოში, მაგაზე ბედნიერება რაღა იქნება!"

სტალინისნაირი ადამიანის გამოჩენა საქართველოსთვის ბედნიერება ცალსახად არ იქნება და ამგვარი საკამათო ბედნიერების პერსპექტივაც არ არსებობს. სტალინის მემკვიდრის იდეის პოპულარობას საქართველოში გასაგები მიზეზები ასაზრდოებს და ქვეყანაში არსებული საყოველთაო ქაოსითა და უმუშევრობითაა გამოწვეული. ამიტომ შეიძლება თამამად ითქვას, რომ, ჩვენ მიერ გამოკითხული თბილისელების სახით, საქმე სისხლიანი დიქტატორის აპოლოგეტებთან კი არა, წესრიგს დანატრებულ ადამიანებთან გვაქვს.
[ინტერაქტივი] "ადამიანები არ უნდა ემსხვერპლონ, ადამიანები არ უნდა დაზარალდნენ, მათი უფლებები და მოვალეობები არ უნდა შეილახოს, თორემ ახლა, ამჯერად, მტკიცე ნებისყოფის ადამიანი ნამდვილად სჭირდება საქართველოს, რომ აღვიდგინოთ ძველი დიდება და ერთიანობა, რაც ადრე გვქონდა."

[ინტერაქტივი] "მეტი წესრიგი რომ სჭირდება და მეტი ყურადღება, ეს ცხადია და ახლა ეს სტალინი იქნება თუ ვინ იქნება, საჭიროა ასეთი პიროვნება იყოს სათავეში."

[ინტერაქტივი] "ახლა კი ჰქვია ვითომ თავისუფლება, მაგრამ იგივე დიქტატურა არის და. ჯობია ისევ ისეთი იყოს, ხალხისთვის რომ იქნება. ესე მიმაჩნია, რომ სტალინი ხალხის საქმეს უფრო აკეთებდა, ვიდრე ეს შევარდნაძე."

საქართველოს დღევანდელი პირველი პირის პრობლემა აქტუალობას კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს, მაგრამ ამჯერად თქვენს ყურადღებას სხვა საკითხზე გავამახვილებთ. თუ საბჭოთა პერიოდში სტალინის პოპულარობის ძირითადი მიზეზი საქართველოში მისი ქართული გვარი და წარმომავლობა იყო, პოსტსაბჭოურ სინამდვილეში აქცენტები სხვაგვარად გადანაწილდა. ანუ სტალინის პოპულარობას დღეს შევარდნაძისა და მისი ხელისუფლების არაპოპულარობა განაპირობებს.

[ინტერაქტივი] "იტყვის, მაგალითად, პირველი პიროვნება რომ ასე უნდა გაკეთდეს. ერთი კვირის მერე გებულობ, რომ მისი განკარგულება არ სრულდება. თუ არ სრულდება, ხომ უნდა დაისაჯოს ის ადამიანი, რაღაცნაირად ხომ უნდა. პირიქით, გადაადგილება ხდება. განუკითხაობაა."

[ინტერაქტივი] "შევარდნაძემ გაუშვა სადავეები ხელიდან და ვისაც რა უნდა, ვინაც ბევრი ფული მოიპოვა ამ 10 წელიწადში, იმათია საქართველო დღეს. დანარჩენი 90 % უმუშევრები დაგვტოვეს. აი, უმუშევრობამ გამოიწვია, რომ ამდენი ახალგაზრდობა, ამდენი ხალხი გაბანდიტდა, გაქურდდა, გაოხრდა. და მაგათ აუნაზღაურებენ ის გაბანდიტებული ხალხი. ამ მილიონერებს დაესხმებიან თავს, ჩვენ ვეღარ დაგვესხმებიან, ჩვენ აღარაფერი აღარ გვაქვს და."[სტილი დაცულია]

დაბოლოს, სჭირდება თუ არა დიქტატორის ტიპის ლიდერი საქართველოს? სწორედ ამ შეკითხვით მივმართეთ თბილისის ქუჩებში გამოკითხულ ჩვენს რესპონდენტებს. სიტყვა დიქტატორი 5 მარტს, სტალინის გარდაცვალების დღეს, მხოლოდ მის სახელთან ასოცირდება და, ამდენად, დემოკრატიის მიმდევართათვის სანუგეშოდ უნდა ჟღერდეს კომენტარი, რომლითაც ამ სიუჟეტს ვასრულებთ:

[ინტერაქტივი] "დიქტატორი კი არა, მკაცრი ადამიანი უნდა. დიქტატორი გლახად ჟღერს, გლახად."
XS
SM
MD
LG