Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის მთავარი თემა აფხაზეთის კონფლიქტი იქნება


პუტინთან შეხვედრაზე შევარდნაძე ხუთშაბათს მიემგზავრება. რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტები ერთმანეთს შავი ზღვის პირას, საქართველოსა და რუსეთის გასაყარზე, სოჭში შეხვდებიან

და აფხაზეთის საკითხზე მსჯელობისას სოჭი-სოხუმის სარკინიგზო ხაზის ამოქმედების გამო წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ. პუტინის და შევარდნაძის ბოლო შეხვედრის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ამ შეხვედრას სერიოზულ იმედებს უკავშირებს.

[ედუარდ შევარდნაძე ] "ყველაფერი კარგად იქნება."

[ვლადიმირ პუტინი] " მე კი გავაგრძელებ თამაშს".


აი, ასე ემშვიდობებიან ხოლმე ერთმანეთს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები. ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ედუარდ შევარდნაძე საჭიროდ მიიჩნევს გვითხრას, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მერე და მერე კი ისიც და პუტინიც თამაშის საკუთარი წესებით თამაშობენ და ორი ქვეყნის ურთიერთობაში არსებული პრობლემების მოგვარებას მომავალ შეხვედრებს ანდობენ. ასე მოხდა ბოლო შეხვედრის შემდეგაც, რომელზეც ედუარდ შევარდნაძემ აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებული მკაცრი პირობები წაიღო, უკან კი ჩამოიტანა პუტინის ცნობილი განცხადება აფხაზეთში სარკინიგზო ხაზის ამოქმედებასთან დევნილთა დაბრუნების სინქრონიზაციის აუცილებლობის შესახებ. მიუხედავად ამისა, პუტინთან შეხვედრას არც სოჭი-სოხუმის სარკინიგზო ხაზის შეჩერება მოჰყოლია და რუსეთის პრეზიდენტს არც აფხაზეთის მოსახლეობისთვის რუსეთის პასპორტების დარიგება დაუგმია, აღარაფერს ვიტყვით სამშვიდობო ძალების მოქმედების არეალის გაფართოების მოთხოვნაზე, რომელზეც რუსეთის მხარეს არსებითად რეაგირება არ მოუხდენია,
ეროვნული უშიშროების საბჭოს პოზიცია შეიცვალა. მან პრეზიდენტს რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელების რეკომენდაცია მისცა და სამშვიდობოების მანდატის პრობლემაც 31 ივლისამდე გადაწყდა, ოღონდ იმ პირობით, რომ 31 ივლისის შემდეგ ამ საკითხის მიმართ საქართველოს ხელისუფლება უკომპრომისო იქნება, - რა თქმა უნდა, თუკი აფხაზეთის პრობლემისადმი რუსეთის დამოკიდებულება არ შეიცვლება.

ასეთ სიტუაციაში, თანაც, პუტინისა და შევარდნაძის მორიგი შეხვედრის წინ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მხარე აფხაზეთიდან საკუთარი სამშვიდობო ძალების გაყვანის საკითხს განიხილავს. ამასთან, როგორც ჩემი კოლეგა კახა მჭედლიძე 4 მარტის რეპორტაჟში აღნიშნავდა, სრულიად ნათელია, რომ აფხაზეთიდან სამშვიდობო ძალების გაყვანის გეგმაზე საუბრის დაწყებით ის საქართველოზე ზეწოლას ახორციელებს. რუსეთის სამშვიდობო ძალების საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლების იდეის პერსპექტივები ისევ ბუნდოვანია. საქართველოს ხელისუფლება, კონფლიქტის განახლების შიშით, რუსეთის სამშვიდობო მისიაზე უარს ვერ ამბობს. ამ სამშვიდობო მისიის შენარჩუნებისა და აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედების პირობად ის სამშვიდობო ძალების მოქმედების ზონის გაფართოებას და, იმავდროულად, აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების გარანტიებს ითხოვს, მაგრამ, ეს მოთხოვნები, ჩანს, რუსი სამხედროებისთვისაც ისევე მიუღებელია, როგორც აფხაზებისთვის. თუმცა ვნახოთ, რა ახალ განცხადებას მოაყოლებს ვლადიმირ პუტინი სარკინიგზო ხაზის აღდგენასთან დევნილთა დაბრუნების სინქრონიზაციის დაპირებას. რუსეთის პრეზიდენტი სოჭში ერთ-ერთ სახელმწიფო აგარაკზე მოკლევადიან შვებულებას ატარებს. ედუარდ შევარდნაძე აპირებს მასთან შეხვედრაზე მთელი ყურადღება აფხაზეთის პრობლემისკენ მიმართოს. ცნობილია, რომ მსჯელობა აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო მისიის პერსპექტივებისა და ამასთან დაკავშირებით საქართველოს მოთხოვნების ირგვლივ უნდა წარიმართოს. სოხუმში იმედს იტოვებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება დინების წინააღმდეგ არ წავა და რუსეთის სამშვიდობოები აფხაზეთში უპირობოდ დარჩებიან.
XS
SM
MD
LG