Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბილიანა პლავშიჩის წინააღმდეგობრივი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეობის დასასრული: 11-წლიანი პატიმრობა


ჩვენს დღევანდელ გადაცემაში ბევრი ითქვა

უდანაშაულო ადამიანების ტანჯვაზე, სასამართლო პროცესის გარეშე დაპატიმრებებსა თუ სახელდახელოდ გამოტანილ სასიკვდილო განაჩენებზე, ულმობელი რეჟიმის ურიცხვ მსხვერპლზე. თუმცა ასეთი ტრაგედიები, როგორც ცნობილია, არა მარტო იმ ეპოქას უკავშირდება, რომელსაც დღეს "სტალინიზმს" ვუწოდებთ. "დიდი ბელადის" თანამედროვე ჰიტლერზე რომ აღარაფერი ითქვას, მსოფლიოს უახლეს ისტორიაშიც საკმარისად მოიძებნება ადამიანის სიცოცხლის მასობრივად და განუკითხავად ხელყოფის მაგალითები. დღეს მათგან ერთ-ერთზე, ბოსნიაში 1992-95 წლებში დატრიალებულ ტრაგედიაზე შევჩერდებით: გასულ კვირაში, ხუთშაბათს, გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის მოსამართლე რიჩარდ მეის ნახევარ საათზე მეტი დასჭირდა იმ მიზეზების შესაჯამებლად, რომელთა გამო ტრიბუნალმა 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ბოსნიელი სერბების ყოფილ პრეზიდენტს, ბილიანა პლავშიჩს.

ჰააგის სამხედრო ტრიბუნალის არსებობის ათწლიან ისტორიაში ბილიანა პლავშიჩს სრულიად გამორჩეული ადგილი ეკუთვნის: "სერბი რკინის ლედი" არის, ჯერ-ჯერობით ერთადერთი ბრალდებული, რომელიც იუგოსლავიაში ნაციონალისტების დამპყრობლური პოლიტიკის მებაირაღეებს მიეკუთვნებოდა, მაგრამ მოინანია ამ პოლიტიკის საზარელი შედეგები. "მაშინდელ დანაშაულებს ვერ გაამართლებს ვერც ჩემი რწმენა, რომ ჩემი ხალხის თავდაცვას ვემსახურებოდიო", ნათქვამი აქვს პლავშიჩს.

ამ მონანიების შედეგი გახდა ჰააგის ტრიბუნალის ლმობიერი განაჩენი - ლმობიერი, ვინაიდან, ბილიანა პლავშიჩს, ასეა თუ ისე, გენოციდისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულების ბრალდება ჰქონდა წაყენებული. ასე იყო 2001 წლის იანვარში, როცა პლავშიჩი, ბოსნიაში ომის დროს ბოსნიელ სერბთა ულტრანაციონალისტ ლიდერ, რადოვან კარაჯიჩის უახლოესი მოკავშირე და მუსლიმანთა წინააღმდეგ მიმართული ეთნიკური წმენდის ერთ-ერთი მოთავე, ნებაყოფლობით წარდგა ჰააგის ტრიბუნალის წინაშე. მაშინ ბრალდებულმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა, მაგრამ მოგვიანებით სრულიად მოულოდნელად შეცვალა ჩვენება: 2002 წლის დეკემბერში მან თავი დამნაშავედ სცნო. ამ ნაბიჯს ჰააგის ტრიბუნალის მხრივ საპასუხო დათმობები მოჰყვა: ტრიბუნალის გენერალურმა პროკურორმა კარლა დელ პონტემ გააუქმა ბრალდების რამდენიმე მუხლი, მათ შორის გენოციდის ბრალდება, ხოლო მოსამართლეებმა გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ პლავშიჩის პოლიტიკური ბიოგრაფია ბოროტმოქმედებებით არ შემოიფარგლება.

საერთოდ, ბილიანა პლავშიჩის პოლიტიკური სარბიელზე გამოსვლა, თავის დროზე, საკმაოდ მოულოდნელი ნაბიჯი იყო. ის ცნობილი ბიოლოგია, რომელიც რამდენიმე წელი აშშ-შიც სწავლობდა და დიდხანს მოღვაწეობდა სარაევოს უნივერსიტეტში. მისი პოლიტიკური კარიერა კი იუგოსლავიის ნგრევის პროცესთან ერთად უნდა დაიწყებულიყო...

1990 წელს პროფესორმა პლავსიჩმა რადოვან კარაჯიჩთან ერთად ჩამოაყალიბა სერბთა დემოკრატიული პარტია და ულტრანაციონალისტებს შორის განუზომელი ავტორიტეტი მოიხვეჭა: ის ბოსნიიდან მუსლიმანების განდევნას, რომელმაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, "ბუნებრივ ფენომენს" უწოდებდა; ბოსნიელ მუსლიმანებს - "გენეტიკურად დეფორმირებულ სერბებად" მოიხსენიებდა! ბევრს ჩარჩა მეხსიერებაში პლავშიჩისა და არკანის (ბოსნიელ სერბთა ერთ-ერთი უსასტიკესი საველე მეთაურის) გულთბილი შეხვედრის სცენაც. [რიჩარდ მეის ხმა] "ბოსნიელ სერბთა ლიდერები, მათ შორის ქალბატონი პლავშიჩი, უგულებელყოფდნენ მათი ჯარების მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებებს. ქალბატონი პლავშიჩი ყურადღების ღირსად არ მიიჩნევდა ცნობებს ფართომასშტაბიანი ეთნიკური წმენდის შესახებ და საჯაროდ ამართლებდა ამ პროცესს", - ეს სიტყვები პლავშიჩის განაჩენის წაკითხვისას წარმოთქვა ჰააგის სამხედრო ტრიბუნალის მოსამართლემ, რიჩარდ მეიმ.

მაგრამ, როგორც ზემოთაც ითქვა, ბილიანა პლავშიჩის პოლიტიკური კარიერა ბოროტმოქმედებებით როდი შემოიფარგლება: 1995 წელს ბოსნიაში ომის დამთავრების შემდეგ სერბი პროფესორი ულტრანაციონალისტებს გაემიჯნა, დასალეთს შეუკავშირდა და ბოსნიელ სერბთა პრეზიდენტად ყოფნის წლებში, თავისი რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანაზე იზრუნა.

ალბათ, ბუნებრივია, რომ ასეთი წინააღმდეგობრივი პოლიტიკური კარიერის დასასრულს ასევე წინაღამდეგობრივი გამოხმაურება მოჰყვა; ბუნებრივია, რომ პლავშიჩს ზოგი, უწინარეს ყოვლისა ყოფილი თანამოაზრეები, მოღალატედ მიიჩნევენ, ზოგი კი - მაგალითად აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მედლინ ოლბრაიტი - აღტაცებულია "სერბი რკინის ლედის" გაბედულებით, ეღიარებინა დაშვებული შეცდომები. ალბათ, ბუნებრივია ისიც, რომ პლავშიჩისთვის მისჯილ 11-წლიან პატიმრობას ზოგი მეტისმეტად მკაცრ განაჩენად მიიჩნევს (მაგალითად ბოსნიელი სერბები), ზოგი კი ზედმეტ ლმობიერებაზე ლაპარაკობს. [ჰადა ჰოტიჩის ხმა] "ამდენი ადამიანი დაიღუპა, მას კი ასეთი ხანმოკლე პატიმრობა მიუსაჯეს! არ მესმის, ეს რა სასამართლოა! ჰააგის პროკურორებისა და მოსამართლეების პოზიცია სამარცხვინოა. ქათმის ფერმა რომ დაგენგრია, უფრო მკაცრ განაჩენს გამოგიტანდნენ. სამარცხვინოა! კიდევ ერთხელ დაგვამცირეს. ამის ატანა შეუძლებელია. ჩემს შვილს, ჰალალტის, ჩემს ძმას, ჩემს ქმარს ხომ ვეღარასოდეს ვნახავ?"- ამბობს ორგანიზაციის "სრებრენიცელი დედები" წარმომადგენელი ჰადა ჰოტიჩი. მსმენელს, ალბათ, ახსოვს, რომ სრებრენიცის ამბები ბოსნიის ომის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ტრაგედიაა, როცა ბოსნიელი სერბების ჯარებმა ამ, აღმოსავლეთ ბოსნიაში მდებარე ქალაქის აღების შემდეგ, 7 000 მუსლიმანი მამაკაცი და ბიჭუნა დახოცეს.

ჰადა ჰოტიჩისათვის, შესაძლოა, ნუგეშად არ გამოდგეს, მაგრამ ბილიანა პლავშიჩი თავისუფლების 11 წლით აღკვეთას სამუდამო პატიმრობის ტოლფასად მიიჩნევს: ქალს, რომელმაც წარმატებული სამეცნიერო კარიერა მარცხისათვის განწირულ პოლიტიკურ საქმეზე გაცვალა, ზაფხულში 73 წელი შეუსრულდება.

ბილიანა პლავშიჩი ყველაზე მაღალი რანგის მოღვაწეა, რომელისთვისაც ჰააგის ტრიბუნალს დღემდე განაჩენი გამოუტანია. შემდეგი, სავარაუდოდ, იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი გახდება. ყოფილი იუგოსლავიის შემთხვევაში რეალობად არის ქცეული, რაზეც სტალინიზმის ეპოქაში, ალბათ, ოცნებასაც ვერ ბედავდნენ: მართლმსაჯულების წინაშე დგანან ისინი, ვისაც უდანაშაულო ადამიანების ტანჯვის, სასამართლო პროცესის გარეშე დაპატიმრებებისა თუ სახელდახელოდ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენების პასუხისმგებლობა ეკისრება.
XS
SM
MD
LG