Accessibility links

ერაყთან ომის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ურთიერთობა სულ უფრო მწვავდება


პარასკევს გაეროს უშიშროების საბჭოში ერაყის განიარაღების საკითხებზე მომუშავე ინსპექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ჰანს ბლიქსი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი

მოჰამედ ელ ბარადეი მორიგი მოხსენებით წარდგებიან საბჭოს წევრთა წინაშე. ისევე, როგორც წინა ანალოგიური მოხსენებების შემთხვევაში, ანგარიშის ჩაბარების თარიღის მოახლოებასთან ერთად, ამჯერადაც გამწვავდა ურთიერთობა ერაყთან ომის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის. თუმცა, ამჯერად დაპირისპირება აშკარად უფრო მწვავე ხასიათს ატარებს.

ოთხშაბათს საფრანგეთის, რუსეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც მხარი დაუჭირეს ერაყში ინსპექციების გაგრძელებას. მეტიც, როგორც პარიზისა და მოსკოვის საგარეო უწყებებმა მიანიშნეს, თუ უშიშროების საბჭო ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენების რეზოლუციის მიღებას დააპირებს, მათ, შესაძლოა, ვეტოს უფლებაც გამოიყენონ.

მაგრამ, როგორც მიმომხილველები ვარაუდობენ, ვეტოს უფლების გამოყენება საჭირო არ გახდება. საქმე ის გახლავთ, რომ შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის თაოსნობით მომზადებული რეზოლუციის მისაღებად უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან, სულ ცოტა, ცხრის მხარდაჭერაა აუცილებელი. არადა, ჩამოთვლილი სამი ქვეყნის გარდა რეზოლუციას კიდევ მხოლოდ ერთი აშკარა მხარდამჭერი ჰყავს - ბულგარეთი. მოწინააღმდეგეთა ბანაკს კი - უკვე ნახსენებ საფრანგეთთან, გერმანიასა და რუსეთთან ერთად - ეკუთვნიან საბჭოს მუდმივი წევრი ჩინეთი და დროებითი წევრი სირია.

ასეთ ვითარებაში გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბაღდადის წინააღმდეგ ძალის გამოყენების მომხრე მუდმივი წევრები აშშ და დიდი ბრიტანეთი დიპლომატიურ ძალისხმევას არ იშურებენ, რათა რეზოლუციის მხარდაჭერაზე დაიყოლიონ უშიშროების საბჭოს დარჩენილი ექვსი წევრი: ანგოლა, გვინეა, კამერუნი, მექსიკა, პაკისტანი და ჩილე; რადგან უშიშროების საბჭოში ცხრა ხმის მოგროვება ვაშინგტონსა და ლონდონს მორალურ დაკმაყოფილებას მაინც მოუტანდა (თუმცა, ალბათ, მხოლოდ და მხოლოდ მორალურს, ვინაიდან, როგორც ზემოთაც მოგახსენეთ, რუსეთი და საფრანგეთი რეზოლუციის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებასაც არ მოერიდებიან).

თუმცა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამერიკა და ბრიტანეთი ვერც ამ მორალურ დაკმაყოფილებას ეღირსებიან: მკაფიო პოზიციის არმქონეთა ექვსეულიდან ერთმა - ჩილემ - ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს რეზოლუციას, მისი ამჟამინდელი სახით. ამას დაემატა კამერუნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება, რომლის თანახმად, კამერუნი მხარს ვერ დაუჭერს შეერთებული შტატების ამბიციებს, დანარჩენ მსოფლიოზე იბატონოს. კამერუნელი დიპლომატის თქმით, გაეროს ინსპექტორებს მეტი დრო უნდა მიეცეთ.

როგორია თავად ინსპექტორთა პოზიცია? მათმა ხელმძღვანელმა ჰანს ბლიქსმა ინსპექტორებთან ბაღდადის ბოლოდროინდელი თანამშრმოლობის ხარისხი დადებითად შეაფასა, რაც, მისივე თქმით, პარასკევის მოხსენებაშიც აისახება:

[ჰანს ბლიქსის ხმა] "დაახლოებით ბოლო ერთი თვის მანძილზე ისინი მეტად აქტიურად თანამშრომლობენ, შეიძლება ითქვას, ინიციატივასაც კი იჩენენ; მაგრამ წარსულში მათი თანამშრომლობა ხეირიანი ვერ იყო და სწორედ ამიტომ მიჭირს თქმა, დარწმუნებული ვარ, რომ ერაყის სრული განიარაღება აუცილებლად მოხდება-მეთქი."

გაეროს ინსპექტორთა ხელმძღვანელის ეს ფრთხილი განცხადებაც კი აშკარად ადასტურებს, რომ ბაღდადთან თანამშრომლობის სფეროში წინსვლა შეინიშნება. თუმცა, ვაშინგტონს ამის დაჯერება არ სურს. როგორც აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლინ პაუელმა ოთხშაბათს განაცხადა, ერაყი მოტყუების პოლიტიკის გატარებას განაგრძობს და ცდილობს, გაეროს ინსპექტორებს თანამშრომლობის ილუზია შეუქმნას.
XS
SM
MD
LG