Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წვრილ ბიზნესს, სახელმწიფოს გარდა, კრიმინალებთანაც უხდება ურთიერთობის გარკვევა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ქვეყანაში ბიზნესის ეფექტური წარმოებისათვის, შესაბამისი გარემოს გარდა, თავად ბიზნესმენთა და მათი საქმის უსაფრთხოებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. დღევანდელი ქართული რეალობიდან გამომდინარე,

ძნელია ბიზნესის უსაფრთხოებაზე ისაუბრო - მეწარმე დღეს დაუცველია როგორც სახელმწიფოს ძალადობისაგან, ისე კრიმინალური სამყაროსაგან.

ბიზნესის კრიმინალიზაცია, რის შესახებაც არცთუ იშვიათად საუბრობენ სახელმწიფოს მაღალი ჩინოვნიკები, ხშირ შემთხვევაში სწორედ სახელმწიფოს მხრიდან არის პროვოცირებული. მეწარმეს საგადასახადო კოდექსი და სრულიად გაუაზრებელი ფისკალური პოლიტიკა ძალაუნებურად კანონდარღვევისაკენ უბიძგებს და ის იძულებულია სახელმწიფოს გადასახადი დაუმალოს, საგადასახადოს ან სხვა შემმოწმებელი სტრუქტურების წარმომადგენლებს გაურიგდეს და ისე წარმართოს თავისი საქმე.

წვრილ და საშუალო ბიზნესს, მსხვილი მეწარმეებისა და ე.წ. ოლიგარქებისაგან განსხვავებით, არც გავლენიანი მფარველები გააჩნია, არც კაპიტალი, რომ თავად შექმნან პროფესიული საზოგადოებრივი გაერთიანებები ან პროფესიონალი ლობისტები დაიქირავონ თავიანთი ინტერესების დასაცავად. შესაბამისად, ფენა, რომელსაც სახელმწიფო დეკლარაციულად აღიარებს თავისი სახელმწიფოებრივი სტაბილურობის ხერხემლად, ყველაზე დაუცველია.

თუმცა საშუალო და წვრილი ბიზნესის პრობლემები მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებით, სამართალდამცავებითა და ათასი ჯურის მაკონტროლებლებით არ ამოიწურება. თავის საქმიანობაში მეწარმე ყოველდღიურად ეხება კრიმინალურ სამყაროს. მეტ-ნაკლებად შეძლებული ადამიანების გატაცება გამოძალვის მიზნით ხომ უკვე კარგად აპრობირებულ დანაშაულად იქცა საქართველოში.

ჩვენთან თითქმის ნებისმიერ ბიზნესს, წვრილი საცალო ვაჭრობიდან დაწყებული და მსხვილი კორპორაციებით დამთავრებული, კრიმინალური მფარველები ჰყავს. თუ ე.წ. ავტორიტეტებს არ შეეკვრნენ, მათი საქმე იმთავითვე განწირულია.


შავ სამყაროს ბიზნესის მიმართ თავისი კარგად ჩამოყალიბებული დამოკიდებულება აქვს, სხვათა შორის, სახელმწიფო პოლიტიკისაგან განსხვავებით, ფუნქციონალურადაც უკეთესი იერარქიით. ამ სფეროში საკუთარი კანონები მოქმედებს, იმავე საგადასახადო კოდექსთან შედარებით, მარტივი და ადვილად ადმინისტრირებადი.

ნებისმიერი საქმიანობა, რომელსაც მოგება მოაქვს, ამ სამყაროსგან იბეგრება. ამ სფეროში, სახელმწიფოს მსგავსად, არსებობს ადგილობრივი და ცენტრალიზებული დაბეგვრა. გადასახადები, ტერიტორიული პრინციპით, "ეწერება", ძირითადად, წვრილ ბიზნესს. ანუ მეწარმემ, იმისათვის, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე მშვიდად მუშაობის ინდულგენცია მოიპოვოს, თავისი უბნის ავტორიტეტს "პატივი უნდა სცეს". შედარებით მსხვილი და უფრო შემოსავლიანი ბიზნესი უკვე გაცილებით მაღალ "შავ ინსტანციებში" იხდის ხარკს. წვრილი და საშუალო ბიზნესისა და კრიმინალური სამყაროს ურთიერთობებში ჯერ კიდევ მუშაობს ნატურალური გაცვლის ან, სულაც, ძმაკაცობის პრინციპი, როდესაც ავტორიტეტი არ გბეგრავს პირადი ინიციატივით ან ფულის სანაცვლოდ უფასო მომსახურებას ან მცირედ საჩუქარს სჯერდება.

თუ მეწარმე ამ არაოფიციალურ ურთიერთობაზე არ თანხმდება - უკეთეს შემთხვევაში, ბიზნესის კრახი გარანტირებული აქვს. კრიმინალისაგან განსაკუთრებით ზარალდება წვრილი და საშუალო ბიზნესი, რომელსაც თავისი უფლებების დაცვა არ შეუძლია და, სახელმწიფო ბიუროკრატიულ -კორუმპირებულ მანქანასთან ერთად, "შავი სამყაროსთვისაც" უხდება ანგარიშის გაწევა.
XS
SM
MD
LG