Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გავლენას იქონიებს მინიმალური ხელფასის გაზრდა


თამამად შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში ისეთი დაპირისპირება არ გამოუწვევია, როგორც მინიმალური ხელფასის გაზრდის შესახებ პარლამენტის დადგენილებას.

სოციალურად დაუცველი ფენების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჩაფიქრებული ინიციატივა უბრალო ადამიანებში გაორებულ გრძნობას წარმოშობს - ერთი მხრივ, მათ სურთ შრომის საფასურად მიიღონ უფრო მეტი ფულის ნიშანი, მეორე მხრივ კი, შიშობენ, რომ განმეორდება კუპონის პერიოდი, როდესაც ექვსნიშნა ციფრებში გამოხატული ხელფასი მხოლოდ ორი კილო ხორცის შესაძენად კმაროდა. საკითხისადმი ასეთივე დამოკიდებულებაა სამხედრო უწყებაში, სადაც წინა წლებში ხელფასების გაყინვის გამო წარმოქმნილი დავალიანება ათობით მილიონ ლარს აღწევს.

სამოქალაქო სექტორში დასაქმებული ადამიანებისგან განსხვავებით, სამხედრო მოსამსახურის შრომის ანაზღაურება საქართველოში რთულ სტრუქტურას წამოადგენს: იგი შედგება ერთი სახელფასო მინიმუმისგან, თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოებისგან, 5 წელიწადზე და მეტი ვადით სამსახურის შემთხვევაში გათვალისწინებული 5%-იანი დანამატისაგან, რაც, ერთად აღებული, 30-35 ლარს შეადგენს. ამას გარდა, მატერიალური სტიმულირებისთვის 1995 წელს დადგინდა 44 დოლარის ეკვივალენტური ე.წ.კვების ულუფა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებს თავდაპირველად ნატურის სახით ეძლეოდათ.

მაგრამ მას შემდეგ, რაც ზურგის სამსახურის წარმომადგენლებმა კვების ულუფაში ხელის ფათური დაიწყეს, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ 44 დოლარის ეკვივალენტური თანხა -ჯერ კუპონის, მოგვიანებით კი ლარის სახით - ხელფასს დამატებოდა. საბოლოო ჯამში, საშუალო ხელფასი სამხედრო უწყებებში დასაქმებული სამხრეებიანი თანამშრომლებისთვის 90 ლარამდე გაიზარდა. თუმცა ეს თანხა უფრო მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ საქართველოს ხელისუფლება სამხედროებს კვების კომპენსაციას არა 1995 წლის კურსით აუნაზღაურებდა, - როცა დოლარი ლარ-ნახევარი ღირდა, - არამედ გაუფასურების შედეგად წარმოქმნილი სხვაობის ინდექსაციას მოახდენდა. მაგრამ არც წინა და არც ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრები ამ ცვლილებაზე არ თანხმდებიან. მეტიც, სწორედ ზურაბ ჟვანიას გუნდის წარმომადგენლის - ზურაბ ნოღაიდელის მინისტრობის დროს წარმოიშვა აზრი, რომ სამხედროთა კვების კომპენსაცია 22 პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილიყო. მართალია, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან დიდი წინააღმდეგობის გამო ეს იდეა დაიბლოკა, მაგრამ სამხედროებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ მათი ანაზღაურების საკითხი ოდენ მანიპულირების საგნად იქცა.

სამხედრო ფინანსისტების თქმით, მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდის შემთხვევაში, ისინი იძულებულნი იქნებიან მოახდინონ, დააახლოებით, 10 000 სამხედრო მოსამსახურის ხელფასის გადაანგარიშება, რისთვისაც, შიდა დამატებით, 7 მილიონამდე ლარის მობილიზება დასჭირდებათ. ასეთი შიდა რეზერვები კი სამხედრო უწყებებს, უბრალოდ, არ გააჩნიათ. ასევე გაურკვეველი ხდება არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩაბმული 120 მოქალაქის ანაზღაურების ბედი. არავისთვის დასამალი არ არის, რომ კომუნალური სამსახურები ამ კონტინგენტისთვის ყოველთვიურად 20 ლარის ანაზღაურებასაც ძლივს ახერხებდნენ, მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდის შემთხვევაში კი დამქირავებლები, უბრალოდ, შეწყვეტენ მათ სამსახურში მიღებას. ან შეიქმნება პარადოქსული ვითარება, როცა ალტერნატიული სამსახური უფრო მიმზიდველი და პრესტიჟული გახდება, ვიდრე იარაღით ხელში ქვეყნის დაცვა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG