Accessibility links

კანონიერად იქნა თუ არა მიღებული საარსებო მინიმუმის გაზრდის გადაწყვეტილება


საქართველოს მთავრობა სერიოზულად შეაშფოთა პარლამენტის მიერ შრომის კოდექსში შეტანილმა ცვლილებამ მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდის შესახებ. სახელმწიფო კანცელარიაში ეძებენ გზებს იმისათვის,

რომ თავიდან აიცილონ 1 ივნისიდან მინიმალური ხელფასის გაზრდის ვალდებულება. მთავრობის პოზიციის მომხრეთა ერთი ნაწილი პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადებას ურჩევს, ხოლო მეორე ნაწილმა უფრო მარტივი გამოსავალი იპოვა და, როგორც ჩანს, გაცილებით ეფექტური.

მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდის შესახებ შრომის კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებაზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადება არაპოპულარული ნაბიჯია. შესაბამისად, მოსალოდნელიც იყო, რომ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაჩერებლად მმართველი პოლიტიკური ძალა სხვა გზების ძიებას დაიწყებდა. სოციალისტურმა პარტიამ და საპარლამენტო ფრაქცია "თანადგომამ" გამოსავალი, მართლაც, მონახა, რის შესახებაც ცნობა 6 მარტს გამოქვეყნდა.

მთავრობის მხარდამჭერი პოლიტიკური ძალები ყურადღებას, ძირითადად, ამახვილებენ კანონის მიღებისას პარლამენტის ვიცე-სპიკერის და სხდომის თავმჯდომარის გიგი წერეთელის მიერ დაშვებულ პროცედურულ შეცდომებზე. ეს კი სახელფასო მინიმუმის გაზრდის კანონიერებას კითხვის ქვეშ აყენებს. სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი მინდელის განცხადებით:

[მინდელის ხმა] „პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თუ პარლამენტის თავმჯდომარე არ ესწრება, მან უნდა გადასცეს ბრძანებით ერთ-ერთ თავის მოადგილეს თავისი უფლებამოსილება, რაც არასდროს არ კეთდებოდა და რაც საკმაოდ ცუდია, რადგან რეგლამენტი ითხოვს ამას. ანუ თავიდანვე ჩვენ ვამბობთ, რომ ბატონი გიგი არ იყო უფლებამოსილი წაეყვანა სხდომა ამ დღეს."

მინდელის ინფორმაციით, პარლამენტის რეგლამენტი დაირღვა კენჭისყრისას, რომლის დაწყებამდე, 57-ე მუხლის შესაბამისად, აუცილებელია რეგისტრაციის მოწყობა და კვორუმის შემოწმება. მისივე თქმით, არც კვორუმი იყო კანონის მიღების დროს პარლამენტში და არც იმ რაოდენობის დეპუტატები ესწრებოდნენ სხდომას, რამდენმაც ხმა მისცა მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდას. არის სხვა პროცედურული დარღვევებიც, რაც ცვლილებების გამარტივებული წესით, 10 წუთში 3 მოსმენით, მიღებასთანაა დაკავშირებული.

გაერთიანებული დემოკრატების ნაბიჯს, რომელმაც ხელისუფლება საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, დემოკრატების ყოფილი თანაპარტიელი გელა კვარაცხელია შემდეგნაირად ხსნის:

[კვარაცხელიას ხმა] „დადგმა იმ სცენის, რაც მოხდა იმ დღეს, რომ სპიკერატი უზრუნველყვეს თავიანთი ფრაქციის წარმომადგენლით და დაჩქარებული წესით არასწორად მიიღეს გადაწყვეტილება, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ არავის არ სჭირდებოდა 115 ლარი. რეალურად ეს სჭირდებოდათ იმისათვის, რომ კონკრეტულ მომენტში შექმნილიყო თემა - თემა იმისა, რომ გაერთიანებული დემოკრატები ზრუნავენ მოსახლეობაზე."

რამდენად კანონიერად ზრუნავენ მოსახლეობაზე გაერთიანებული დემოკრატები, ამის გარკვევა 6 მარტს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უნდა მომხდარიყო. თუმცა კომიტეტის უმრავლესობამ - 6 კაცმა 4 წინააღმდეგ - ჩააგდო 115 ლარიანი მინიმალური ხელფასის მიღების კანონიერების საკითხის განხილვა. აღმოჩნდა, რომ კომიტეტის უმრავლესობას გაერთიანებული დემოკრატების პოზიციის მომხრე ფრაქციათა წარმომადგენლები შეადგენენ. ამით გახარებულმა დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა ოპონენტებს, აი, რა ურჩია:

[მაჭავარიანისა და მინდელის კამათი]
„- ირაკლი, ისწავლეთ თქვენ დამარცხება, რა, ვსიო, წააგეთ. მაშინაც წააგეთ, ეხლაც წააგეთ, ვსიო. მესმის, რომ რთულ პოზიციაში ხარ, მაგრამ ისწავლე წაგება...
- რაზე წავაგე, მიშა, რომ ხელი ავწიე? თქვენ დარღვევით გააკეთეთ და არის სხვა გზებიც..."[სტილი დაცულია]

სხვა გზებს შორის კი იგულისხმება საკითხის განხილვა პარლამენტის ბიუროსა და საკანონმდებლო ორგანოს სხდომაზე, სადაც ხელისუფლების მომხრე ფრაქციები საკუთარ ძალებს აუცილებლად მოსინჯავენ.
XS
SM
MD
LG