Accessibility links

logo-print

საით მიდის სამხედრო ბაზების საკითხებზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება


ორი დღის წინ თბილისში გაიმართა შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის ექსპერტებს შორის საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის თაობაზე მხარეთა შორის არსებულ

სადავო საკითხებთან დაკავშირებით. ექსპერტთა შორის მოლაპარაკება მიზნად ისახავდა სამხედრო საკითხებზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების მერვე რაუნდზე მიღებული და ოქმში მითითებული მოთხოვნების რეალიზაციაზე შეთანხმებას. მოლაპარაკების მერვე რაუნდი კი, როგორც ცნობილია, მთლიანად გუდაუთის სამხედრო ბაზის საკითხს დაეთმო.

თანახმად "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ" ხელშეკრულების და მას თანდართული დოკუმენტისა, რომელიც რუსეთისა და საქართველოს ერთობლივ განცხადებად არის ცნობილი, ვაზიანისა და გუდაუთის სამხედრო ბაზების ლიკვიდაცია რუსეთს 2001 წლის 1 ივლისამდე უნდა მოეხდინა. რაც შეეხება დანარჩენ ბაზებს, როგორც ცნობილია, ეუთოს სტამბულის სამიტზე მიღწეული შეთანხმების ძალით, საქართველომ რუსეთს დაუტოვა უფლება დროებით შეენარჩუნებინა საკუთარი ბაზები ბათუმსა და ახალქალაქში, თუმცა ერთობლივ განცხადებაში ჩაიწერა, რომ მხარეებს 2000 წლის ფარგლებში უნდა დაესრულებინათ აღნიშნული ბაზების გატანის ვადებზე მოლაპარაკება.

" ჩვენ მივიღეთ იმის მაქსიმუმი, რისი მიღებაც შეიძლებოდა. გადაწყდა ვაზიანის და გუდაუთის ბაზების საკითხი, თუმცა მოლაპარაკება ამით არ დასრულებულა. ის გრძელდება, რაც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების კონტინგენტის თანდათანობით, მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გაყვანას. " - ეს სიტყვები ედუარდ შევარდნაძემ 1999 წლის ნოემბერში სტამბულში ეუთოს სამიტის დასრულების შემდეგ წარმოთქვა. მას შემდეგ სამხედრო ბაზების საკითხებზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება რამდენიმე წელია გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ვაზიანისა და გუდაუთის ბაზების საკითხი შეთანხმების მომენტშივე გადაწყვეტილად ჩაითვალა და რომ 2001 წლის ნოემბერში რუსეთის საინფორმაციო წყაროებმა დიდი ზარ-ზეიმით გაავრცელეს ინფორმაცია გუდაუთის ბაზიდან უკანასკნელი სამხედრო ეშელონის გასვლის შესახებ, გუდაუთის სამხედრო ბაზასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს მხარეები დღემდე განიხილავენ და არცთუ შედეგიანად. სამშვიდობო ძალების სარეაბილიტაციო ცენტრად მონათვლის შემდეგ რუსეთის მხარე ამ ბაზას ლიკვიდირებულად აღიარებს, თუმცა ეს არ არის არგუმენტი იმისათვის, რომ საქართველოს მხარე რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში დარწმუნდეს.
საქართველო გუდაუთის ბაზის საერთაშორისო მონიტორინგს ითხოვს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე თბილისში რუსი და ქართველი სამხედრო ექსპერტების შემდეგ აღნიშნავდა:

[კახა სიხარულიძის ხმა] " სამხედრო ბაზების პრობლემატიკა ეს არის ორივე ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულება. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით იმაზე, რომ საჭიროა საერთაშორისო ფორმატით სიტუაციის შემოწმება ადგილზე და როცა ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ბაზა აღარ არსებობს, კიდევ არის საერთაშორისო მექანიზმები იმისათვის, რომ კიდევ დავრწმუნდეთ, ყველაფერი რიგზეა იქ თუ არა. "

სამხედრო საკითხებზე ექსპერტთა შეხვედრა თბილისში 4 მარტს შედგა. რუსეთის ჯგუფს რუსეთის სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის მოადგილე სამშვიდობო ოპერაციების დარგში გენერალი ევნიჩევი ხელმძღვანელობდა. ამ ცოტა ხნის წინ მოსკოვში დასრულებული მოლაპარაკების მერვე რაუნდის შემდეგ, რომელიც მთლიანად გუდაუთის ბაზასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს დაეთმო, ექსპერტთა შეხვედრაც გუდაუთის სამხედრო ბაზის თემას დაუკავშირდა, თუმცა ხელშესახები შედეგები არც მას მოუტანია.

რუსეთს არ ჰქონდა საიმისო უფლებამოსილება, რომ გუდაუთის სამხედრო ბაზის ცალკეული ობიექტები დროებითი სარგებლობისთვის სამშვიდობო ძალებისთვის გადაეცა. ამდენად, მხარეთა შორის დავის საგანია რამდენი და რა ობიექტები შეიძლება იყოს სამშვიდობოების გამგებლობაში, დაცვის რა რაოდენობის კონტინგენტი შეიძლება დარჩეს ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო ძალების სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე, რუსეთის მხარემ უნდა შეინარჩუნოს თუ არა გუდაუთის სამხედრო ბაზის იარაღის საწყობი და ასე შემდეგ. გუდაუთის სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით დავის პირობებში ახალქალაქის და ბათუმის ბაზების საკითხები უკანა პლანზეა გადანაცვლებული. ამ ბაზების ვადებთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოება დღემდე შეუძლებელი გახდა. საქართველოს პირობა 2 წელი და 8 თვე რუსეთისთვის მიუღებელია. ის, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტს ითხოვს, თუმცა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი რევაზ ბეშიძე შენიშნავს:

[რევაზ ბეშიძე] " რუსებმა კიდვ გაიმეორეს, რომ, თუ იქნება მოძიებული უცხოური დაფინანსება, ვადები განახევრდება. ეს თქვა დელეგაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, უფრო დააკონკრეტა და თქვა, რომ 2 წელიწადში შეძლებს ის ამ ბაზების დახურვას. "

საქმე ისაა, რომ დაფინანსება, რომელიც რუსეთის დელეგაციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს უხსენებია, არ არსებობს და არც ამ დაფინანსების წყაროების მოძიება იქნება იოლი.
XS
SM
MD
LG