Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

477-ე გამოშვება.


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 477-ე გამოშვება.

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 477-ე გამოშვებას. დღეს გესაუბრებით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ; გავიხსენებთ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს, ზურაბ ჭავჭავაძეს; შემდეგ შემოგთავაზებთ სიუჟეტებს ორ დიდ რუს ხელოვანზე, ანა ახმატოვასა და სერგეი პროკოფიევზე; მუსიკის მოყვარულებს დააინტერესებთ კიდევ ერთი მასალა 150 წლის წინათ დაარსებული ფორტეპიანოების ცნობილი ფირმა "სტეინვეის" შესახებ, რომელზეც, სხვათა შორის, იგივე პროკოფიევიც უკრავდა. გადაცემას დავასრულებთ ტრადიციული რუბრიკით "საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი".
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


ქართულ-აფხაზური კონფლიქტის "ჩირაღდნები"

ბიძინა რამიშვილი:
მიუხედავად ორი დღის წინანდელი ხელმოცარვისა, საქართველოს მეგობარი ჯგუფის ქვეყნების ელჩები ჯერჯერობით არ კარგავენ იმედს, რომ კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესის განახლებისა და თბილისთან უფლებამოსილებათა გამიჯვნის აუცილებლობის შესახებ სოხუმის ხელისუფლების დარწმუნებას შეძლებენ. თავის მხრივ, ამ პროცესზე ზეგავლენის მოხდენას სოჭიდან ედუარდ შევარდნაძე და ვლადიმირ პუტინიც შეეცდებიან. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც დიდი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. არადა საინტერესოა რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე უბრალო ადამიანები, არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენილი აფხაზი მოსახლეობა და რა შეიცვალა მათ ფსიქოლოგიაში ომის შემდეგ? ამ კითხვებზე პასუხის მიღებას კობა ლიკლიკაძე ბრიტანეთის მოქალაქის, არასამთავრობო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების" კოორდინატორის, ელენა კუკისგან შეეცადა, რომელიც მორიგი პროექტის პრეზენტაციის შემდეგ ხუთშაბათს დაბრუნდა სოხუმიდან.

კობა ლიკლიკაძე:
მიუხედავად ორი დღის წინანდელი ხელმოცარვისა, საქართველოს მეგობარი ჯგუფის ქვეყნების ელჩები ჯერჯერობით არ კარგავენ იმედს, რომ კონფლიქტის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესის განახლებისა და თბილისთან უფლებამოსილებათა გამიჯვნის აუცილებლობის შესახებ სოხუმის ხელისუფლების დარწმუნებას შეძლებენ. თავის მხრივ, ამ პროცესზე ზეგავლენის მოხდენას სოჭიდან ედუარდ შევარდნაძე და ვლადიმირ პუტინიც შეეცდებიან. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც დიდი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. არადა, საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე უბრალო ადამიანები, არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენილი აფხაზი მოსახლეობა, და რა შეიცვალა მათ ფსიქოლოგიაში ომის შემდეგ? ამ კითხვებზე პასუხის მიღებას შევეცადე ბრიტანეთის მოქალაქის, არასამთავრობო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების" კოორდინატორის ელენა კუკისგან, რომელიც მორიგი პროექტის პრეზენტაციის შემდეგ ხუთშაბათს დაბრუნდა სოხუმიდან.

ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია "შერიგების რესურსები" ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების სამშვიდობო პროცესში სისხლსავსედ მონაწილეობს: აფინანსებს ერთობლივი ბეჭდვითი ორგანოს გამოცემას, დოკუმენტური ფილმების შექმნას, პერიოდულად ერთმანეთს ახვედრებს აფხაზ და ქართველ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს. ამ ორგანიზაციის საქმიანობის მიმართ დაინტერესებას ისიც აძლიერებს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, როცა სოხუმსა და თბილისს შორის ურთიერთობა თითქმის ყველა დონეზე შეწყდა, სწორედ "შერიგების რესურსების" მიერ ორგანიზებული გაცნობითი ხასიათის სემინარები გერმანიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ქართველ და აფხაზ პოლიტიკოსთა არაფორმალური შეხვედრების ერთადერთ საშუალებასღა წარმოადგენს.

ექვსი თვის წინ კი "შერიგების რესურსმა" გადაწყვიტა ერთმანეთთან დაეკავშირებინა ქართველი და აფხაზი ადამიანები, ეგრეთ წოდებული "გაჩუმებული უმრავლესობა", ხოლო ამ იდეის რეალიზების საუკეთესო ფორმად რადიოდღიურების შექმნა შეირჩა. თუ როგორ განხორციელდა ეს იდეა საქართველოში ლტოლვილი მოსახლეობის მონაწილეობით, ამის შესახებ, რადიომსმენელს ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრის გადაცემაში ვუამბეთ. აღვნიშნეთ, რომ პარალელურად ასეთივე რადიოდღიურების შექმნა აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზეც დაიწყო. თუმცა, როგორც პროექტის კოორდინატორი ელენა კუკი აცხადებს, პარტნიორი დამოუკიდებელი რადიოს მოძებნა ენგურს იქით გარკვეულ სირთულეებს წააწყდა:

[ელენა კუკის ხმა] " დამოუკიდებელი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, როგორც ასეთი, აფხაზეთის ტერიტორიაზე არ არსებობს, რადგან იქ მოქმედებს კანონი, რომელიც არასახელმწიფო რადიო და ტელეარხებს უკრძალავს ახალი ამბების გამოშვების კეთებას, რაც, არსებითად, ჩანასახშივე სპობს ნებისმიერი დამოუკიდებელი რადიოს არსებობას."

მეორე პრობლემა იყო თავად იმ ადამიანების მოძებნა, ვინც დიქტოფონის წინ გულწრფელად და ღიად ილაპარაკებდა საკუთარ ცხოვრებაზე, მსოფლმხედველობაზე, პრობლემებზე, ადამიანურ სატკივარსა და სიხარულზე.

[ელენა კუკის ხმა] "აფხაზებს ამძიმებს ის გარემოება, რომ ისინი საკმაოდ პატარა და შეკრული ხალხია, რომელმაც დაიკავა თავდაცვითი პოზიცია და ფიქრობს, რომ, თუ ისინი განთავისუფლდებიან, ეს გააჩენს ხვრელებს და შიგნიდან გახეთქავს მათ ჯავშანს. ამიტომაც არის, რომ, ერთი მხრივ, ძალიან აინტერესებთ, თუ რა ხდება ქართულ საზოგადოებაში, საოცრად აინტერესებთ, თუ რას ფიქრობენ მათზე ქართველები. თუმცა, აფხაზებს რატომღაც ჰგონიათ, რომ ქართველები მათზე წინასწარ ცუდს ფიქრობენ."

პროექტში მონაწილე აფხაზური დამოუკიდებელი რადიო "სომას" ჟურნალისტებმა უკვე 60 რადიოდღიური ჩაწერეს. მიუხედავად იმისა, რომ საეთერო მასალაში ადამიანები კვლავინდებურად ერიდებიან ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე ლაპარაკს, მიკროფონს მიღმა ისინი ხშირად იხსენებენ ქართველი მეზობლების მიერ გამოვლენილ სიკეთეს და ზრუნვას. შეიცვალა აფხაზური "მეოთხე ხელისუფლების" მიდგომა. თუკი აფხაზი ჟურნალისტები კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ ეთერში გაეშვათ ქართველი დევნილების რადიოდღიურები, ახლა, ექვსი თვის შემდეგ, ისინი შესაძლებლად მიიჩნევენ მოისმინონ, თუ რა გააკეთეს მათმა კოლეგებმა და რას ფიქრობენ ენგურს გამოღმა დარჩენილი ადამიანები. რაც შეეხება იმას, თუ რა ადგილი უჭირავს ამ რადიოდღიურებს კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში, ელენა კუკი ასეთ პასუხს იძლევა:

[ელენა კუკის ხმა] "მე აფხაზეთის კულტურის მინისტრის სიტყვებით გიპასუხებთ. ის სოხუმში ჩვენს პრეზენტაციას ესწრებოდა და მითხრა: იცი, დიდი მოძრაობაა გაჩაღებული. მოდიან ელჩები, სხვადასხვა პოლიტიკოსები, მაგრამ შედეგი არ არის - პროცესი ადგილიდან არ იძვრის. მე კი მოვუსმინე ახლა თქვენს დღიურებს და ჩემში რაღაცა შეიცვალა საკუთარი საზოგადოების მიმართაც კი: მე გავიგე ადამიანების ტკივილი, გავიგე, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი."

სწორედ, ადამიანების ტკივილის, მათი ცხოვრების მიმართ გაუცხოებამ და პატრიოტული გრძნობებით მანიპულირებამ მიიყვანა 11 წლის წინ ქართული და აფხაზური საზოგადოება იმ სისხლისმღვრელ კონფლიქტამდე, რომლის სავალალო შედეგს დღეს თანაბრად იმკიან რუსეთის სამხედრო ძალებით და მავთულხლართებით დაშორიშორებული უბრალო ადამიანები.

კობა ლიკლიკაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


ზურაბ ჭავჭავაძე - 50

ბიძინა რამიშვილი:
დღევანდელ მეათე სტუდიასა და საერთოდ, ამ კვირაში ხშირად გვიწევდა ლაპარაკი ადამიანებზე, რომელთაც უკვე დატოვეს ეს ქვეყანა. სტალინის გარდაცვალების თარიღთან კიდევ ერთი ღირსეული ადამიანია დაკავშირებული, მაგრამ, როგორც გაირკვა, მცდარად: 80-ანი წლების ეროვნული მოძრაობის ცნობილი მოღვაწე, ზურაბ ჭავჭავაძე დაიბადა არა 5 მარტს, როგორც ეს ზოგიერთ წყაროშია მითითებული, არამედ 5 თებერვალს. ზურაბ ჭავჭავაძე გარდაიცვალა სტალინის დაბადების დღეს - 1989 წლის 21 დეკემბერს. წელს ზურაბ ჭავჭავაძე 50 წლის გახდებოდა. დავით პაიჭაძე ესაუბრა ზურაბ ჭავჭავაძის თანამოაზრებსა და მეგობრებს.

დავით პაიჭაძე:
საქართველოს უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში ბევრია პიროვნება, რომელმაც ვერ მოასწრო საკუთარი თავის თვითგასრულება საზოგადო და სახელმწიფო ასპარეზზე. ერთ-ერთი პირველი, ვინც უდროოდ მოსწყდა ამ ასპარეზს, ზურაბ ჭავჭავაძე გახლდათ. მან ვერ მოასწრო პოპულარული გამხდარიყო თანამედროვეთა შორის, მოქალაქეებს ის არ გაუცვნიათ საჯარო პოლიტიკოსად, რადგან იმხანად საჯარო პოლიტიკოსები მხოლოდ იბადებოდნენ. თანაც, ზურაბ ჭავჭავაძე, როგორც ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი, მთლიანად არაფორმალური პოლიტიკის კალაპოტში მოძრაობდა. ისტორიაზე კავშირებით კილოში არ ლაპარაკობენ. ამიტომაც ჩემი თანამოსაუბრეები უფრო იმას იხსენებენ, რა კვალი დაატყო ზურაბ ჭავჭავაძემ მის შემდგომ პოლიტიკას და რის სათავეებთან იდგა ეროვნულ მოძრაობაში. პირველად მის ყოფილ თანაპარტიელს ილია ჭავჭავაძის საზოგადოებიდან, დღეს უფლებადამცავ გელა ნიკოლაიშვილს დავუკავშირდი [ნიკოლაიშვილის ხმა]: "ზურაბ ჭავჭავაძე შეიძლება მოკლედ დავახასიათო როგორც გონიერი პოლიტიკოსი. მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ აუცილებელი იყო საერთო ენისა და ინტერესების გამონახვა საქართველოში მცხოვრებ ყველა ერთან და თავისი მოღვაწეობის ძალიან დიდი ნაწილი მიმართა იქით, რომ არ გაღვივებულიყო კონფლიქტები აფხაზებთან, ოსებთან, აზერბაიჯანელებთან და საკმაოდ დიდი ავტორიტეტიც ჰქონდა მათ შორის. ის ე.წ. ეროვნულ ექსტრემიზმს, აგრესიულობას და შეურიგებლობას ყოველთვის ებრძოდა და ამიტომაც ყოველთვის იყო ეროვნული ექტრემისტული გამოხტომების ავტორთა სამიზნე. ზურაბ ჭავჭავაძე არათუ დაფასებული არ იყო თავის დროზე, არამედ მუდამ იყო ცილისწამებისა და შეტევის ობიექტი. არაერთხელ მიუკერებიათ მისთვის ძალიან შეურაცხმყოფელი იარლიყები, მაგრამ ამას ყოველთვის ღირსეულად იტანდა."

გასული საუკუნის 80-ანი წლების მიწურულს ეროვნულ მოძრაობაში გამოიკვეთა ორი მიმართულება, რომელიც, თანამშრომლობის ნაცვლად, ერთმანეთს უპირისპირდებოდა. ზურაბ ჭავჭავაძე დემოკრატიული და პატრიოტული ფრთის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო, მითხრა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა [ბერძენიშვილის ხმა]: "ეს მოძრაობა მალე მოექცა უმცირესობაში. ზურაბ ჭავჭავაძე ვერ იტანდა ბარბარიზაციის ფორმებს. ბუნებრივია, 9 აპრილის შემდეგ ფართო საზოგადოებაში მოთხოვნა მის მიმდინარეობაზე შემცირდა".

ზურაბ ჭავჭავაძის იდეები პოპულარობით არ სარგებლობდა. არადა, დრომ აჩვენა (და საზოგადოების მცირე ნაწილი მაშინაც ხვდებოდა), რომ ზურაბ ჭავჭავაძის მიდგომები სწორი იყო: საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში იმპერიის ნგრევიდან უვნებლად გამოსვლისათვის, მისი აზრით, აუცილებელი იყო ქართულ-აფხაზური დიალოგი, ქართველებისა და აფხაზების მიერ ერთმანეთის პრობლემების გაგება და გაზიარება. ზურაბ ჭავჭავაძე იცავდა მესხეთიდან დეპორტირებულ მოქალაქეებსაც - დღეს საქართველოს ევროსაბჭოს წინაშე აღებული აქვს ამ მოქალაქეთა დაბრუნების ვალდებულება. ზურაბ ჭავჭავაძე იყო ინიციატორი, ეროვნული მოძრაობიდან გამოსულ პოლიტიკურ ძალებს მონაწილეობა მიეღოთ ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმის პირობებში წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში, მაშინ როცა პარტიათა უმეტესობა, რადიკალები, ბოიკოტის ტაქტიკას არჩევდნენ. ზურაბ ჭავჭავაძის დიპლომატიურმა ნიჭმა შეაფერხა პროცესები მაშინდელ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, სადაც ის რეგულარულად ხვდებოდა და ელაპარაკებოდა ადამონ ნიხასის ლიდერებს. დავით ბერძენიშვილის თქმით [ბერძენიშვილის ხმა], "ის თავად ვერ მოესწრო მისი იდეების რეალიზებას თუნდაც საწყის ეტაპზე - ეს დროში გაწელილი საქმეა. თუკი რაიმე აზრი და პერსპექტივა აქვს ჩემი და ჩემი მეგობრების პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოში, ეს, უპირველეს ყოვლისა, განპირობებული არის ზურაბ ჭავჭავაძის პოლიტიკური თაობის სწორი ხედვების რეალიზაციის სურვილით".

მე დავუკავშირდი ზურაბ ჭავჭავაძის მეგობარსა და ასევე ყოფილ თანაპარტიელს, ისტორიკოს ჯუმბერ კოპალიანს, რომელსაც ვთხოვე, რამდენიმე შტრიხი გაეცოცხლებინა საუბარში [კოპალიანის ხმა]: "გონიერი, შორსმჭვრეტელი და ადამიანებთან ურთიერთობის საოცარი ნიჭის მქონე იყო. მოწინააღმდეგეს, რომელსაც შეიძლება ვძულდით კიდეც, თავისი დამოკიდებულებით ნახევარი ან ერთი საათის საუბრის შემდეგ აზრს შეაცვლევინებდა".

დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


ანა ახმატოვას გახსენება

ბიძინა რამიშვილი:
როგორც ჩანს, ცხოვრება პარადოქსებით არის სავსე. ერთი და იგივე დღეს - 5 მარტს, ოღონდ ცამეტი წლის განსხვავებით, გარდაიცვალა ორი ადამიანი, რომელთა ცხოვრება სრულიად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაგრამ ამის მიუხედავად, ერთმანეთთან მჭიდროდ აღმოჩნდნენ დაკავშირებული. რუსული პოეზიის ვერცხლის საუკუნის ყველაზე ბრწყინვალე წარმომადგენელმა ანა ახმატოვამ მისი თაობის ჯალათზე - სტალინზე 13 წლით მეტი იცოცხლა და სწორედ სტალინის გარდაცვალების დღეს - 5 მარტს გარდაიცვალა. მოგითხრობთ თამარ ჩიქოვანი.

იხ. აუდიოვერსია

სერგეი პროკოფიევის გარდაცვალების 50-ე წლისთავი

[მუსიკა: ნაწყვეტი ბალეტიდან "რომეო და ჯულიეტა"]

ბიძინა რამიშვილი:
პარადოქსებს, რომელთაგან ერთ-ერთზე თამარ ჩიქოვანმა გიამბოთ, გვერდს ვერც შემდეგ სიუჟეტში ავუვლით და, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, საუბარი ისევ იოსებ სტალინის გარდაცვალების თარიღზე მოგვიწევს...

ორიოდე დღის წინათ, როცა მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები, მათ შორის ჩვენი რადიოც საგანგებო პროგრამებით გამოეხმაურა საბჭოთა დიქტატორის აღსასრულის 50-ე წლისთავს, გარკვეულწილ განმეორდა ის, რაც ერთხელ უკვე მომხდარი იყო: სტალინის ჩრდილში მოექცა დიდი ხელოვანი, მეოცე საუკუნის გენიალური კომპოზიტორი, სერგეი პროკოფიევი. ნახევარი საუკუნის წინათ, 1953 წლის 5 მარტს სტალინის სიკვდილმა იმდენად დიდი შოკი გამოიწვია, რომ თითქმის შეუმჩნეველი დარჩა იმავე დღეს პროკოფიევის გარდაცვალება. ორი დღის წინ კი იმდენად დაკავებული ვიყავით "დიდი ბელადის" მოღვაწეობისა თუ აღსასრულის მნიშვნელობის შეჯამებით, რომ ჩვენი პროგრამისათვის განკუთვნილმა დრომ აღარ დაიტია დიდი კომპოზიტორის სახელთან დაკავშირებულ თარიღზე გამოხმაურება - ამ ხარვეზს დღეს გამოვასწორებთ სიუჟეტით, რომელიც მარიამ ჭიაურელმა მოამზადა. ოღონდ ვიდრე მას მიკროფონს გადავცემდე, ისევ პროკოფიევის მუსიკას მოვუსმინოთ - მუსიკალურ ფრაგმენტს, რომელიც წეღან შემოგთავაზეთ, მსმენელი უთუოდ იცნობდა: ის ბალეტიდან "რომეო და ჯულიეტა" არის აღებული. ახლა კი გთავაზობთ ნაწყვეტს პროკოფიევის მეორე საფორტეპიანო სონატიდან - მას ვენაში მოღვაწე ქართველი პიანისტი, მზია სიმონიშვილი ასრულებს...

[მუსიკა: ნაწყვეტი სერგეი პროკოფიევის მე-2 საფორტეპიანო სონატიდან]

მარიამ ჭიაურელი:
"სანამ სერგეი სერგეევიჩი ცოცხალი იყო, შეგეძლო, ყოველ დღე სასწაულის მოწმე გამხდარიყავიო", - ეს სიტყვები სერგეი პროკოფიევის თანამემამულესა და მისი ნიჭის თაყვანისმცემელს, მისი ნაწარმოებების საუცხოო შემსრულებელსა და, თავადაც, საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ხელოვანს, პიანისტ სვიატოსლავ რიხტერს ეკუთვნის. პროკოფიევის მართლაც განსაცვიფრებელ ფანტაზიაზე მოწმობს მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა - არა მარტო ოპერები თუ ბალეტები, სიმფონიები თუ ინსტრუმენტული კონცერტები, არამედ კინოფილმების მუსიკალური გაფორმება და საბავშვო ნაწარმოებები, რომელთა შორის გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს "პეტია და მგელი". სხვათა შორის, ეს მშვენიერი მუსიკალური ზღაპარი მალე მორიგი ჩანაწერის სახით გამოვა: ტექსტს სოფია ლორენი, ბილ კლინტონი და მიხაილ გორბაჩოვი წაიკითხავენ...

[მუსიკა: ნაწყვეტი მუსიკალური ზღაპრიდან "პეტია და მგელი"]

პროკოფიევი 1891 წლის 23 აპრილს აღმოსავლეთ უკრაინაში დაიბადა, 5 წლის ასაკში დედისაგან ფორტეპიანოს პირველი გაკვეთილები მიიღო, კომპოზიციის ხელოვნებას კი სტუდენტობის წლებში, პეტერბურგის კონსერვატორიაში დაეუფლა. ნიჭიერმა ახალგაზრდამ მალე მიიპყრო ყურადღება - ის სერგეი დიაგილევის სახელგანთქმულ "რუსულ ბალეტთან" თანამშრომლობდა, პირველი დიდი წარმატება კი 1913 წელს, სულ 22 წლის ასაკში დაწერილი მეორე საფორტიაპიანო კონცერტით მოიპოვა!

სერგეი პროკოფიევის შემდეგი ტრიუმფი საოპერო ჟანრს უკავშირდება - მან 1919 წელს, უკვე ემიგრაციაში წასულმა დაწერა "სამი ფორთოხლისადმი სიყვარული" - ოპერა, რომელმაც რუს კომპოზიტორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მან 15 წელი დაჰყო უცხოეთში, ცხოვრობდა და მუშაობდა იაპონიაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, შეერთებულ შტატებში. ასე გრძელდებოდა 1933ტწლამდე, ვიდრე მუსიკოსი გადადგამდა ნაბიჯს, რომლის მიზეზებისა თუ მიზანშეწონილობის შესახებ დღემდე განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამენ: საქმე ეხება პროკოფიევის დაბრუნებას რუსეთში!

რაც უნდა ყოფილიყო კომპოზიტორის მოტივი (ზოგი აუტანელ ნოსტალგიაზე, ზოგი ფინანსურად უზრუნველყოფილი ცხოვრების სურვილზე, ზოგი პირად ამბიციებზე ლაპარაკობს), ერთი რამ ცხადია: პროკოფიევი სტალინიზმით აღტაცებული არასოდეს ყოფილა, ყოველთვის სკეპტიკურად აფასებდა ბოლშევიკურ დიქტატურას. და პირიქითაც ასე იყო: პარტია, მართალია, არ მალავდა კმაყოფილებას სახელმოხვეჭილი ხელოვანის საბჭოეთში გადაბარგებით, მაგრამ მისდამი უნდობლობით იყო გამსჭვალული. სოციალისტური ესთეტიკის მებაირაღეთა ყურში, უბრალოდ, საეჭვოდ ჟღერდა ყველა ნაწარმოები, რომელიც სერგეი პროკოფიევის კალამს ეკუთვნოდა - მათ შორის საბჭოეთში დაბრუნების შემდეგ დაწერილი ბალეტები "რომეო და ჯულიეტა", "კონკია", ოპერა "ომი და მშვიდობა". ის ნაწარმოებებიც კი, რომლითაც პროკოფიევი ხარკს უხდიდა ბოლშევიკურ დიქტატურას - რევოლუციის მე-20 და 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პომპეზური კანტატები, სტალინის დაბადების 60-წლიან იუბილესთან დაკავშირებით შექმნილი სიმფონიური "სადღეგრძელო" - დისონანსითა და ირონიით იყო გაჟღენთილი.

1948 წელს პარტიის ხელმძღვანელობამ პროკოფიევი, დიმიტრი შოსტაკოვიჩი, კიდევ რამდენიმე კომპოზიტორი "ფორმალიზმში" დაადანაშაულა. აი, როგორ განმარტავს ამ ცნებას ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: "ესთეტიკური პრინციპი, რომელიც ქადაგებს ფორმის კულტს, თიშავს მას შინაარსისაგან და მხატვრული ნაწარმოების გარეგნული ნიშნებით ცდილობს აზრობრივი სიცარიელის შევსებას..." შესაბამისად, ფორმალიზმში დადანაშაულება ქვეყანაში, რომლის მესვეურები სოციალისტურ რეალიზმს, "სინამდვილის მართალ, ისტორიულად კონკრეტულ გამოსახვას ქადაგებდნენ" - ბევრი ხელოვანისათვის სასიკვდილო განაჩენს უდრიდა.

პროკოფიევი გადარჩა, გადაურჩა ძალადობას, გადაურჩა ბანაკებს თუ დახვრეტას. მაგრამ ის (თუ ერთი ბიოგრაფის სიტყვებს მოვიშველიებთ, "სტალინის ჩრდილში მყოფი კომპოზიტორი") აღარასოდეს გათავისუფლებულა შიშისაგან.

სიკვდილის თარიღმა - 1953 წლის 5-მა მარტმა უკვე სამუდამოდ დააკავშირა ერთმანეთთან გენიალური კომპოზიტორისა და ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი, ერთ-ერთი ყველაზე საზარელი დიქტატორის სახელები: რაც უნდა განსხვავებული იყოს მათი მემკვიდრეობა, მათ მომავალშიც ერთად გავიხსენებთ ხოლმე.

სტეინვეი - 150

ბიძინა რამიშვილი:
მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელზეც სერგეი პროკოფიევის ეს ნაწარმოები ჟღერს, უბრალო ფორტეპიანო არ გეგონოთ, ეს "სტეინვეი" გახლავთ. სწორედ "სტეინვეიზე" უკრავდა თავად დიდი რუსი კომპოზიტორიც, ამავე ინსტრუმენტზე ასრულებს სერგეი პროკოფიევის ტოკატას ელისო ვირსალაძე, რომელსაც ახლა ვუსმენდით; დაბოლოს, ამავე მარკის ფორტეპიანოს იყენებს საკონცერტო მოღვაწეობისას მსოფლიოს 1300-ზე მეტი მუსიკოსი, რომლებიც ინსტრუმენტის მწარმოებელ კომპანიას ოფიციალურად ჰყავს შეყვანილი "თავის" შემსრულებელთა სიაში. სხვათა შორის, ამ სიაში, ელისო ვირსალაძესთან ერთად, კიდევ ოთხი ქართველი პიანისტია: ელისო ვირსალაძე, ლექსო თორაძე, ალექსანდრე კორსანტია, თუმურ ახობაძე და გიორგი ვაჩნაძე. მაგრამ ახლა ვისაუბრებთ არა შემსრულებლებზე, არამედ თავად ინსტრუმენტზე, რადგან იუბილარის როლში სწორედ ეს უკანასკნელია: ოთხშაბათს საქვეყნოდ ცნობილ კომპანია "სტეინვეი ენდ სანსს" 150 წელი შეუსრულდა. მოუსმინეთ დავით კაკაბაძეს.

დავით კაკაბაძე:
1853 წლის 5 მარტს ოკეანისგაღმა გადასახლებულმა ჰამბურგელმა იმიგრანტმა ჰაინრიხ ენგელჰარდ შტაინვეგმა (რომლის ამერიკანიზებული სახელი ჰენრი სტეინვეი გახლავთ), თავის ოთხ ვაჟიშვილთან ერთად, ნიუ იორკში დააარსა ფირმა "სტეინვეი ენდ სანს", რითაც საფუძველი ჩაუყარა ფორტეპიანოების წარმოების ისტორიაში ყველაზე წარმატებულსა და ყველაზე სახელოვან კომპანიას.

არსებობის საუკუნენახევრიან ისტორიაში ფირმამ თავის ორ ფაბრიკაში - ნიუ იორკსა და ჰამბურგში - 560 ათასზე მეტი პიანინო და როიალი გამოუშვა: ყოველი მათგანი დაახლოებით 12 ათასი ნაწილისგან შედგება და ხელით იწყობა. თითოეული ინსტრუმენტი ხანგრძლივი, უფაქიზესი შრომის ნაყოფია. მის დასამზადებლად გამოიყენება ხის ძვირფასი ჯიშები შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და აფრიკიდან. შესაბამისია "სტეინვეის" ინსტრუმენტის ფასიც: ახალ პიანინოს 20 ათას დოლარზე ნაკლებად ვერ იშოვით, ხოლო როიალში, სულ ცოტა, ორჯერ მეტის გადახდა მიგიწევთ.

მიუხედავად ამისა, კომპანიის მესვეურები მყიდველთა დეფიციტს არ უჩივიან და განსაკუთრებულ იმედს ამყარებენ იაპონიისა და, უწინარესად, ჩინეთის მზარდ ბაზრებზე. ფირმის გერმანიის განყოფილების დირექტორ-განმკარგულებლის თომას კურერის თქმით, ბიზნესის სამყაროში ძნელად თუ მოიძებნება 150 წლის მეორე ისეთი კომპანია, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე ერთი და იმავე სახელით ერთსა და იმავე პროდუქტს უშვებდეს და თან თავის დარგში ლამის დაარსებიდან დღემდე აშკარა ლიდერი იყოს.

ოთხშაბათს "სტეინვეის" ნიუ იორკისა და ჰამბურგის ოფისებში დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა კომპანიის 150-წლიანი იუბილე. ჰამბურგის ფაბრიკის 375-მა თანამშრომელმა უზარმაზარი ტორტითა და ზღვა შამპანურით მიულოცეს ერთმანეთს ფირმის დაბადების დღე. ნიუ იორკში შეკრებილთა წინაშე სიტყვა წარმოთქვა კომპანიის დამაარსებლის შვილთაშვილმა და სეხნიამ: "უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ჩემი დიდი წინაპრის მიერ დაარსებული კომპანიის საიუბილეო ზეიმში მონაწილეობა. ბედნიერი ვარ, რომ მისი დაწყებული საქმე დღესაც ცოცხლობს იმ გასაოცარი ბგერების წყალობით, რომელსაც "სტეინვეის" ინსტრუმენტები ასიათასობით შემსრულებლის დახმარებით გამოსცემსო" - თქვა 87 წლის ჰენრი სტეინვეიმ. მანვე მონაწილეობა მიიღო იუბილესთვის საგანგებოდ გამოშვებული ორი მოდელის პრეზენტაციაში. ერთია ვიქტორიანული სტილის იმ ფორტეპიანოს რეპლიკა, რომელზეც მე-19 საუკუნის 90-იან წლებში შეერთებული შტატების საკონცენტო დარბაზებში უკრავდა ლეგენდარული პიანისტი იგნაც იან პადერევსკი. მეორე მოდელის ავტორია კომპანიის დამაარსებლის, ჰაინრიხ შტაინვეგის თანაქალაქელი, ჰამბურგში დაბადებული და პარიზში მცხოვრები დიზაინერი და მოდელიერი კარლ ლაგერფელდი.

"სტეინვეის" იუბილეს აღნიშვნა ოთხშაბათს გამართული წვეულებებით არ ამოწურულა. მიმდინარე წლის მანძილზე ჰამბურგსა და ნიუ იორკში ამ თარიღისადმი მიძღვნილი კიდევ არაერთი ღონისძიება გაიმართება: გამოფენები, მოხსენებები, ვიდეოჩვენებები, კონცერტები... იუბილეს კულმინაციად კი უნდა ჩაითვალოს 5, 6 და 7 ივნისს, სახელგანთქმულ "კარნეგი ჰოლში" დაგეგმილი კონცერტების სერია, რომელშიც "სტეინვეის" კლავიშებს რიგრიგობით ააჟღერებენ კლასიკური, ჯაზური და პოპ-მუსიკის საუკეთესო შემსრულებლები.


საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი

ბიძინა რამიშვილი:
ამ სერიოზული სიუჟეტების შემდეგ მეათე სტუდიას უფრო სახალისო თემებზე საუბრით დავასრულებთ.

იყიდება გერმანული ენა

ახლახან უცნაური განცხადება გაჩნდა საინტერნეტო სააუქციონო კომპანია Ebay-ს საიტზე: "იყიდება უმაღლესი კლასის ენობრივი სისტემა სამარკო ნიშნით "გერმანული". ასაკი: დაახლოებით 1500 წლის. მოიცავს 450 ათასამდე სიტყვას. ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით ევროპის უდიდეს ნაწილში ფართოდ გავრცელების გამო. მაგრამ, სამწუხაროდ, მოურიდებელი მოხმარების გამო იგი დაბინძურდა აგლიციზმებით". როგორც აღმოჩნდა, ეს განცხადება ეკუთვნოდა საზოგადოება "გერმანული ენის გაერთიანებას", რომელიც ამ აქციით შეეცადა გერმანული ენის დაბინძურებისთვის მიეპყრო საზოგადოების ყურადღება. აუქციონმა ფართო გამოხმაურება ჰპოვა. გამყიდველს უმაღლესი ფასი - 10 მილიონი ევრო - შესთავაზა შვეიცარიელმა სტუდენტმა, რომელსაც, მართალია, ამ თანხის რეალურად გადახდა არ დასჭირვებია, მაგრამ მის სახელზე გაცემულ ოფიციალურ მოწმობაში წერია, რომ იგი გერმანული ენის ერთპიროვნული მფლობელია. მოწმობას ხელს აწერს საზოგადოება "გერმანული ენის გაერთიანების" პრესმდივანი.

ცხოვრების ახალი წესები აშხაბადში

ამ ცნობის მოსმენის შემდეგ შეიძლება გული არ დაგწყდეთ, რომ აშხაბადში არ ცხოვრობთ. ამ კვირაში თურქმენეთის დედაქალაქის მოსახლეობას წერილობით ატყობინებენ ახალი წესების შესახებ, რომლებიც მხოლოდ მათ - აშხაბადელებს ეხება. ამიერიდან მათ ევალებათ, ქალაქის ხელმძღვანელობას წინასწარ, წერილობით აუწყონ ნებისმიერი შეკრების შესახებ -იქნება ეს ქორწილი, დაკრძალვა, თუ რაიმე სხვა თავყრილობა. აშხაბადელებს ევალებათ ასევე თავიანთი ბინის წინ სახელმწიფო დროშის გამოფენა. თუ მოქალაქეს, ან ოჯახს საკუთარი სახლის აქვს, მან ყვავილები და სულ ცოტა ორი ხე უნდა დარგოს და მცენარეები ყოველდღე მორწყას. აშხაბადელები მოვალე არიან აგრეთვე, შინ "ჰარმონიულად" იცხოვრონ. თუმცა დაზუსტებული არ არის, როგორ წარმოესახებათ კანონის ავტორებს "ჰარმონიული" ცხოვრება.


წამყვანი: თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG