Accessibility links

logo-print

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდის წინააღმდეგ


პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 7 მარტს გამართულ საგანგებო სხდომაზე კიდევ ერთხელ სცადა მინიმალური ხელფასის თაობაზე 28 თებერვალს მიღებული დადგენილების ანულირება.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის კურსი პროცედურული დარღვევების ძიებისკენაა მიმართული. ანუ, თუ დადასტურდა, რომ აღნიშნული სკანდალური დადგენილება, მართლაც, პროცედურული დარღვევებით იქნა მიღებული, მაშინ მას, "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის თანახმად, იურიდიული ძალა ეკარგება და ბათილად ცხადდება. შესაბამისად, კომიტეტმა სხდომაზე ოფიციალურად წარმოადგინა ინფორმაცია მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდის დადგენილების მიღებისას დაფიქსირებული დარღვევების თაობაზე.

ინფორმაცია, რომელიც მიმდინარე წლის 28 თებერვლის პარლამენტის საღამოს პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის ცალკეული მოთხოვნების დარღვევის თაობაზე გააკეთა კომიტეტის აპარატის თანამშრომელმა, თავდაყირა აყენებს ქართული პარლამენტარიზმის დღემდე არსებულ პრაქტიკას. ვგულისხმობთ იმას, რომ რეგლამენტის დარღვევის ის კატეგორიები, რომელზეც კომიტეტი სწორედ მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდის გამო ალაპარაკდა, ადრე არასდროს გამხდარა პარლამენტის განსჯის საგანი. არადა, ამგვარი დარღვევები ყოველთვის არსებობდა. კერძოდ, ვიცე -სპიკერ გიგი წერეთელს სხდომის წარმართვისთვის არ მიუღია პარლამენტის თავმჯდომარის წერილობითი ნებართვა, კენჭისყრისას არ გადამოწმებულა კვორუმი, დაირღვა კანონპროექტის მიღების დაჩქარებული პროცედურის წესი და, ბოლოს, ხმის მიცემისას გაყალბდა 11 ხმა. ერთ-ერთი ხმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტისა და მანდატურის დასკვნით, ეკუთვნის გაერთიანებული დემოკრატების აქტიურ წევრს, დეპუტატ მარინა მოლოდინს. დეპუტატი ამტკიცებს, რომ იგი კენჭისყრისას დარბაზში იმყოფებოდა და სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან პარლამენტი მისი ფრაქციისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან დადეგნილებას უყრიდა კენჭს.
[მარინა მოლოდინის ხმა]"ვიყავი მთელი დღე დარბაზში და არ ვიცი, ამ დონის სულელი ნამდვილად არა ვარ. ვიჯექი დარბაზში და მიცემულია თან ხმა. მიმტკიცებენ, რომ მე არ მიმიცია. უბრალოდ, არ მესმის. ეს, უბრალოდ, არის ახალი დაწყებული. რა უნდა ამით, მე არ ვიცი ხელისუფლებას. ოღონდ კანონი გააუქმონ და თვითონ არ აიღონ თავის თავზე, ალბათ.პრეზიდენტს უჭირს, რომ კანონი დაგვიბლოკოს და, ალბათ, გადმობრალების მეთოდია, რაღაც ახალი."
სხვათა შორის, კენჭისყრისას დარბაზში არ იმყოფებოდნენ მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდის დადგენილების ეგრეთ წოდებული საპარლამენტო პროკურორი, საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე როსტომ დოლიძე და ირაკლი მინდელი, რომელიც, სოციალისტური პარტიის სახელით, შრომის კანონთა კოდექსში მინიმალური ხელფასის შესახებ ცვლილებების ერთ- ერთი მოსარჩლე იყო საპროცედურო საკითხთა კომიტეტში.
ხმაურიანი და, ამ რიგის სხვა შეუსაბამობების გამო, ცოტა არ იყოს, კომიკური სხდომა საბოლოოდ ისე დასრულდა, როგორც ამას სახელისუფლებო პარტიები და მათი დაკვეთის პირდაპირი შემსრულებელი საპროცედურო საკითხთა კომიტეტი გეგმავდა: შრომის კანონთა კოდექსში შესწორებების დროს რეგლამენტის ცალკეული დარღვევების შესახებ დადგენილება ერთხმად, 7 დეპუტატის ხმით, გავიდა, რადგან მანამდე, პროტესტის ნიშნად, სხდომა 5 დეპუტატმა დატოვა.შესაბამისად, მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდის შესახებ პარლამენტის დადგენილება პრაქტიკულად გაუქმდა და პარლამენტმა შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებს ხელახლა უნდა უყაროს კენჭი. გაერთიანებული დემოკრატების მოგებული რაუნდები ამგვარად წარსულს ჩაბარდა და, შესაძლოა, სამუდამოდაც. მმართველი პარტია, სავარაუდოდ, ამჯერად უკვე ისეთ მობილიზაციას გამოაცხადებს, რომ მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდის ბედი პარლამენტშივე გადაწყვიტოს ისე, რომ პრეზიდენტსა და ხელისუფლებას საჩოთირო არჩევანის გაკეთება აღარ მოუხდეთ.
XS
SM
MD
LG