Accessibility links

logo-print

საქართველოს მესაზღვრეები რუსეთთან სასაზღვრო თანამშრომლობას აღრმავებენ


პანკისში ანტიკრიმინალური ღონისძიებების ახალი ფაზის დაწყების შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მთავარი აქცენტი რუსეთ-საქართველოს

საზღვრის ჩეჩნეთ-ინგუშეთის მონაკვეთის დაცვაზე კეთდება. აქედან გამომდინარე, საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ფრთხილად აცხადებს, რომ, თუ რუსეთის მხარე ერთობლივი ოქმით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, სახელმწიფო საზღვარზე ოპერატიული რეჟიმის დაცვა გაიოლდება. აღსანიშნავია, რომ, ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, უახლოეს მომავალში რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება იგეგმება.

საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შტაბი მუშაობს ახალ გეგმაზე, რომელიც მთელი ჩრდილოეთის საზღვრის საიმედო გადაკეტვას ითვალისწინებს. შტაბის უფროსის პოლკოვნიკ კორნელი სალიას განცხადებით, გეგმაზე მუშაობის დროს მათ ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვრის დაცვის გამოცდილება აირჩიეს. ამ მოდელის მიხედვით, უშუალოდ საზღვარზეა თავმოყრილი პირველ ეშელონში მყოფი სასაზღვრო საგუშაგო და დამხმარე სამხედრო ძალა, სავარაუდოდ, სწრაფი რეაგირების ძალები, რომლებიც საზღვრის დარღვევის შემთხვევებში მესაზღვრეთა ოპერატიულ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.

სამხედრო ექსპერტთა შეფასებით, ამგვარი ეშელონირებული გეგმის შექმნა განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს საქართველოში, სადაც ყველაზე მგრძნობიარე ჩრდილოეთის საზღვარზეც კი მხოლოდ 15-20 კაციანი საგუშაგოები არსებობს. უახლოეს მომავალში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ამ გეგმას ეროვნული უშიშროების საბჭოს წარუდგენს. მანამდე კი, პოლკოვნიკ სალიას განცხადებით, ქართველმა მესაზღვრეებმა საკუთარი ძალებით უკვე დაიწყეს ქვეყნის თავდაცვის პირველი ხაზის გამაგრება.

[კორნელი სალიას ხმა] "ახლა, რაღაც ერთ კვირაში - 10 დღეში, შეიძლება დამატებითი საგუშაგო გავხსნათ და მერე თოვლის დნობასთან დაკავშირებით შევეცდებით, რაც ძალები და საშუალებები გვექნება, საგუშაგოები გავხსნათ. მაგრამ ჩვენ პრაქტიკულად რეზერვი არ გვაქვს. ამიტომ საჭიროა, რაც შეიძლება ჩქარა შეიქმნას მეორე ეშელონი, რომელიც მესაზღვრეს ზურგს გაუმაგრებს."

თუმცა ქართველი მესაზღვრეები დღემდე დარწმუნებულები არიან, რომ ჩდილოეთის მიმართულებით დაგროვილი სასაზღვრო პრობლემები ჩეჩნეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამოძახილია და, ამ მხრივ, პროაქტიურობა მოეთხოვება უფრო რუსეთის მხარეს, რომელსაც იტუმ-ყალეს მონაკვეთზე 3000 კაციანი სასაზღვრო დაჯგუფება ჰყავს განლაგებული. ამას ემატება სოფელ ბორზოიში დისლოცირებული სწრაფი რეაგირების ძალები, რომლებსაც, სურვილის შემთხვევაში, უმტკივნეულოდ შეუძლიათ აღკვეთონ მოზრდილი საჯარისო ფორმირებების შემოღწევის მცდელობა საქართველოს მიმართულებით.

შარშან ოქტომბერში ერევანში ხელმოწერილი თანამშრომლობის ოქმისა და დაღესტანში ჩატარებული პირველი ერთობლივი სწავლების შემდეგ საქართველოს სასაზღვრო უწყებაში აცხადებენ, რომ რუს კოლეგებთან ურთიერთობა საგრძნობლად დათბა და რომ ეს ფაქტი, თავის მხრივ, ჩრდილოეთის საზღვარზე არსებულ ე.წ. ოპერატიულ ვითარებაზეც ახდენს სასიკეთო გავლენას. პოლკოვნიკ კორნელი სალიას განცხადებით, რეალურად ფუნქციონირებს საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ შემუშავებული ის პარამეტრები, რომლებმაც შარშან ამდენი გაუგებრობა გამოიწვია.

[კორნელი სალიას ხმა]"მიმდინარეობს ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა, ჩატარდა სწავლება. ახლა 18 მარტს ჩატარდება შეხვედრა ვლადიკავკაზში, კიდევ ერთხელ მე და პუტოვი შევხვდებით ერთმანეთს, სადაც განვიხილავთ კავშირგაბმულობის საკითხს, რეკოგნოსცირების საკითხს, პრაქტიკულად ეს თანამშრომლობა მიმდინარეობს. უბრალოდ, თუ ისევ ვინმე არ გამოჩნდება ხელის შემშლელი."

ვინაიდან პოლკოვნიკი სალია აღარ აკონკრეტებეს, თუ საიდან და რატომ უნდა გამოუჩნდნენ ასეთი ხელის შემშლელები ნორმალურ სახლმწიფოთაშორისო ურთიერთობას, შეიძლება გვეფიქრა, რომ ისინი, ეს ხელის შემშლელები, კვლავ სადღაც სხვაგან, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან, რომ არა ერთი გარემოება: ორი თვეა საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტს ბიუჯეტიდან კუთვნილი თანხები არ მიუღია.
XS
SM
MD
LG